ახალი ამბები

” ჯორჯიან ეარვეისის” განცხადება რუსეთიდან ევროპაში ტრანზიტის შეთავაზებაზე

25 მაისი, 2023 • 1951
” ჯორჯიან ეარვეისის” განცხადება რუსეთიდან ევროპაში ტრანზიტის შეთავაზებაზე

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტული ფრენების შესახებ კომპანიის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

“ჯორჯიან ეარვეისი” განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებში ამ ეტაპზე მინიმალურ როლს ასრულებს და 5 წელი მაინც დასჭირდება, რომ “ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ ამისი საშუალება მიეცემა”.

“ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!”, — აცხადებს კომპანიის მენეჯმენტი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციაში არამხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ცხოვრობენ და შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო ლოკაციად მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არ გამოიყენებენ.

კომპანიის მენეჯმენტი ასევე აცხადებს, რომ სატრანზიტო ფანჯრის როლს რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის ასრულებს თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები, და მიიჩნევს, რომ ამის გამო სანქციები მხოლოდ “ჯორჯიან ეარვეისზე” ვერ გავრცელდება და ჯერ სწორედ ეს ქვეყნები უნდა დაასანქცირონ:

“შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.

​აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება…

რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე”, — წერს კომპანია.


“ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა RTVI-სთან განაცხადა, რომ კომპანია ტრანზიტულ რეისებს დააწესებს, რათა რუსეთის მოქალაქეები თბილისის გავლით ევროპაში წაიყვანოს.

გამოცემა RTVI გაიაშვილზე დაყრდნობით წერდა, რომ გეგმაშია 5 ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.

„15 ივნისიდან დავიწყებთ. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით უფრო კომფორტული და სწრაფი იქნება,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, შენარჩუნდება რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა – „ამას არაფერი მოუვა. საქართველოს მთავრობამ ეს ძალიან თბილად მიიღო. ღვთის წყალობით, ის არასდროს შეწყდება,“.


მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების განახლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტი გამოუცხადა. საპასუხოდ, კი „აირზენამ“ ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი