ახალი ამბები

რაზე შეუთანხმდა ღარიბაშვილის მთავრობა ლავროვს? — ღარიბაშვილის განმარტება

28 სექტემბერი, 2023 • 1645
რაზე შეუთანხმდა ღარიბაშვილის მთავრობა ლავროვს? — ღარიბაშვილის განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს, 28 სექტემბერს, განმარტა, თუ რა იგულისხმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როცა ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების აღდგენის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტმა ღარიბაშვილს კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:

„ლავროვმა თქვა, რომ ფრენების აღდგენაზე ღარიბაშვილის მთავრობას შეუთანხმდა. მაქვს კითხვა, ლავროვი ტყუის თუ თქვენ მოგვატყუეთ, როცა თქვით, რომ რუსეთთან კომუნიკაცია არ გქონიათ?”

ღარიბაშვილის განმარტებით, ლავროვის განცხადებაში სიახლე არაფერია და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი ღიად გააკეთა.

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვიც მიხვდება. ჯერ ერთი, მანამდე გაგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება (ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმის შემოღება). ახლა დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტატაცია“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, „რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან“.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო  შესაბამის უწყებასა და რუსულ კომპანიებს ნებართვას აძლევს ფრენების დაწყებაზე.

„ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი? რა სკანდალი ნახეთ? რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება.

დღეს რაც გაკეთდა განცხადება, არის დადასტურება ფაქტისა, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ამას მივესალმეთ და ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯია იმიტომ, რომ რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას და ხალხს, კარგია”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის ირწმუნება, რომ ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხებზე რუსეთის ხელისუფლებასთან საქართველოს მთავრობას არ გაუმართავს.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის მაისში აღადგინა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმიც გააუქმა. საქართველოს ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს რუსეთმა ცალმხრივად გადაწყვიტა და ამ თემაზე მასთან მოლაპარაკებები არ უწარმოებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი