ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქეები ევროპაში თბილისის გავლით – გაიაშვილი ტრანზიტულ ფრენებს აანონსებს

25 მაისი, 2023 • 1459
რუსეთის მოქალაქეები ევროპაში თბილისის გავლით – გაიაშვილი ტრანზიტულ ფრენებს აანონსებს

Georgian Airways აცხადებს, რომ ტრანზიტულ რეისებს დააწესებს, რათა რუსეთის მოქალაქეები თბილისის გავლით ევროპაში წაიყვანოს. ამის შესახებ RTVI-ს ავიაკომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა უთხრა.

გამოცემა გაიაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმაშია 5 ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.

„15 ივნისიდან დავიწყებთ. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით უფრო კომფორტული და სწრაფი იქნება,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, შენარჩუნდება რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა – „ამას არაფერი მოუვა. საქართველოს მთავრობამ ეს ძალიან თბილად მიიღო. ღვთის წყალობით, ის არასდროს შეწყდება,“.

ნეტგაზეთი ცდილობს თამაზ გაიაშვილთან დაკავშირებას დამატებითი კომენტარისთვის. 

როგორც ცნობილია, ევროპის ქვეყნებს რუსეთთან პირდაპირი რეისები აკრძალული აქვთ, შესაბამისად რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მოსახვედრად ტრანზიტული რეისები ესაჭიროებათ.


მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების განახლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აირზენას“ ბოიკოტი გამოუცხადა. საპასუხოდ, კი „აირზენამ“ ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი