საზოგადოება

რუსეთთან ფრენებზე, სავარაუდოდ, კარასინის და აბაშიძის აუდიოჩანაწერი ვრცელდება

31 ოქტომბერი, 2023 • 1763
რუსეთთან ფრენებზე, სავარაუდოდ, კარასინის და აბაშიძის აუდიოჩანაწერი ვრცელდება

იუთუბ არხი „კიბერ კმარა“ მორიგ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ვიდეოს ავტორების თქმით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის 2022 წლის 15 მარტს შემდგარ საუბარს ასახავს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესაძლებლობაზე.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძეს ურეკავს და აზრს ეკითხება, რამდენად მიზანშეწონილია დროის ამ მონაკვეთში აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება:

„შენი რჩევა მჭირდება. როგორც ხედავ, ვითარება რთულია, ჩვენი სატრანსპორტოს ხალხი ამბობს, რომ იქნებ ქართულ მხარესთან ფრენების აღდგენის მოსაზრება განვიხილოთ. ჩემი აზრია, რომ ახლა ამ საკითხების დაყენება და განხილვა ნაადრევი იქნება, შეიძლება ვცდები“ ,— ამბობს გრიგორი კარასინი აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არაა.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, კარასინის ამ მოსაზრებას ზურა აბაშიძე ეთანხმება, რის შემდეგაც გრიგორი კარასინი ამბობს, რომ უკეთესი იქნება, თუ მხარეები მოიცდიან და ვითარების ჩაწყნარებას და სიტუაციის გარკვევას დაელოდებიან:

„სხვაგვარად, ამ კარგ წამოწყების დაუწყებლად დასრულება მოგვიწევს. ამ საკითხზე ერთი და იგივე აზრის ვართ?“ – ამბობს კარასინი, რაზეც აბაშიძე პასუხობს „დიახ, უნდა დავიცადოთ, შტორმი ჩაცხრეს“.

„ნეტგაზეთი“ ჩანაწერის ავთენტურობის გადასამოწმებლად ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა  ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა აღნიშნული იუთუბ არხი სხვადასხვა პოლიტიკოსის, მათ შორის ზურა აბაშიძის სავარაუდო ჩანაწერს ავრცელებს.

წინა შემთხვევაში, ვიდეოს ავტორების თქმით, აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს პოზნერის ჩაშლილი დაბადების დღის გამო ურეკავს ბოდიშის მოსახდელად. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ მარკ ზილბერკვიტს ტელეფონით მართლაც ესაუბრა, თუმცა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსის ავთენტურობას არ ადასტურებდა. ამასთან, აბაშიძე უარყოფდა ვლადიმერ პოზნერთან საუბარს.

რუსეთმა 2023 წლის 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს. საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმებოდა და ამბობდა, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებდნენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი კი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებდა. ფრენების აღდგენას კრიტიკულად აფასებდა აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი