ახალი ამბები

რუსეთში ქუთაისის აეროპორტს ევროპისკენ სატრანზიტო ჰაბად განიხილავენ

19 მაისი, 2023 • 1643
რუსეთში ქუთაისის აეროპორტს ევროპისკენ სატრანზიტო ჰაბად განიხილავენ

“რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი” მოსკოვი-ქუთაისის რეისს განიხილავს შესაძლებლობად, რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპაში სამოგზაურო ვიზები აქვთ, საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებისკენ, მათ შორის, ევროპის ქვეყნებისკენ იფრინონ.

მის კომენტარს რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა და მისი თვითმფრინავები შენგენის ზონაში ვეღარ დაფრინავენ.

ხსენებული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დმიტრი გორინი ყურადღებას ამახვილებს რუსული ავიაკომპანიის, Red Wings-ის რეისებზე, რომელმაც საქართველოში პირდაპირი ფრენის უფლება მოიპოვა.

“Red Wings — ეს არის მიმოსვლის გაფართოება, თუმცა უკვე ჩარტერული ფრენების სახით. ეს ფრენები განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტით — მოსკოვი-ქუთაისი, ხოლო ქუთაისი არის აეროპორტი, რომელიც საშუალებას იძლევა, განხორციელდეს სატრანზიტო ფრენები ევროპაში. ის შეიძლება, გამოყენებული იქნას, როგორც სატრანზიტო ჰაბი”, — ციტირებს გორინს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.

Red Wings-ის მიერ ფრენების უფლების მოპოვების შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 19 მაისს გაავრცელა. ის მიმდინარე წლის ივნისიდან, სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე დაიწყებს ფრენას.

რა ხდება

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ ნაბიჯს „ჰუმანიტარული ხასიათის“ გადაწყვეტილება უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი