ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გარეთ გამოვიდნენ რუსეთიდან ფრენების წინააღმდეგ

19 მაისი, 2023 •
ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ მოქალაქეებს, გარეთ გამოვიდნენ რუსეთიდან ფრენების წინააღმდეგ

საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მოქალაქეებს მოუწოდებენ, 19 მაისის საღამოს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების საწინააღმდეგო შეკრება, რომელიც აქტივისტთა ჯგუფებმა დაგეგმეს, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტთან უნდა გაიმართოს.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და რუსულმა პარტიამ: ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი არის ისე ღია, როგორც არასდროს და გვაქვს ისეთი ისტორიული შანსი, როგორც არასდროს.

სწორედ ამ დროს, კარში გაეჩხირა ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია. ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკაფიო პოზიცია: არა რუსულ მთავრობას, არა მკვლელ პუტინს და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა”, — მიმართა მოქალაქეებს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, დღეს საღამოს, პარლამენტთან “უნდა დავიწყოთ შეკრება [მათ], ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუეთ ჩვენი ქვეყნის გარუსებას”.

პარტია “დროას” წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დღეს გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, თქვა, რომ “რამდენი პოლიციელიც არ უნდა გამოიყვანონ, რამდენი მოქალაქეც არ უნდა დააკავონ, ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ საქართველოს სწრაფვას ესენი ვერ შეაჩერებენ”.

“რუსეთის გუბერნია ეს ქვეყანა არ იქნება…მე მაქვს აბსოლუტური მოლოდინი, რომ ქართული საზოგადოება იქნება ისეთივე ერთიანი, პრინციპული და შეუვალი, როგორც რუსული კანონის დროს, მარტის მოვლენების დროს, რადგან რუსული კანონი და ის, რაც დღეს ხდება, თავისი არსით არის ერთი და იგივე.

ეს არის ერთი დიდი ოპერაცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლების წინააღმდეგ… ერთი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი არ დასრულებულა”, — თქვა მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც გააკეთა. მისი თქმით, ესაა “უმძიმესი დღე საქართველოსთვის”.

“ქართული ოცნება” გადავიდა საქართველოს პირდაპირი რუსიფიკაციის გზაზე, როცა მათ საგარეო ვექტორი ღიად და დაუფარავად შეიცვალეს და ამბობენ, რომ მათთვის პრიორიტეტია რუსეთი და არა ევროკავშირი; მათთვის პრიორიტეტია პუტინი და არა ცივილიზებული სამყარო; მათთვის პრიორიტეტია მონური მორჩილება საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში და არა თავისუფალი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად აყვავებული საქართველო, [რომელიც იქნება] ევროკავშირისა და ნატოს წევრი.

ამ დროს, ვფიქრობ, არც ერთ მოქალაქეს, არც ერთ ჩვენგანს გვაქვს უფლება, ეს უბრალოდ გავატაროთ. არ გვაქვს უფლება, ვისხდეთ სახლში. არ გვაქვს უფლება მოძალადე, რუსულ რეჟიმს თავი დავუხაროთ…

ყველანი ერთად უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე — დღეს, ხვალ და მუდმივად, სანამ როგორც რუსული კანონი არ გავატანინეთ პარლამენტიდან, ასევე არ შეწყდება ფრენები რუსეთის ფედერაციასთან”, — მიმართა მან მოქალაქეებს.

დღევანდელი აქციის სახელწოდებაა “რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება”. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება შეკრება “მიკროფონების, გამომსვლელების და აქციის ლიდერების გარეშე”.

“ყველა ერთად, პარტიული, უპარტიო, შუაშისტი, ა. შ და ისევ ვერთიანდებით საქართველოს ევროკავშირის გზაზე შექმნილი შეფერხების აღმოსაფხვრელად”, — აღნიშნავენ ისინი.

პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

დღეს პირველი საპროტესტო აქცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გაიმართა, სადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, რომელიც რუსულმა კომპანიამ, “აზიმუტმა” შეასრულა.

მოსკოვმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

რუსეთიდან ფრენების წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია 20 საათზე გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი