“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება” — ასე ჰქვია აქციას, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გასაპროტესტებლად თბილისში, პარლამენტთან დღეს 20:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციას არ ეყოლება ლიდერები და ასევე არ იქნება საჯარო გამოსვლები.
აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთიდან და რუსეთში ავიარეისების აკრძალვაა:
“ეს სერიოზული რისკის წინაშე გვაყენებს, დავრჩეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე. მეტიც, ამ ფაქტის გამო, შეიძლება მთლიანად ქვეყანა დასანქცირდეს და გავიზიაროთ ბელარუსის ბედი. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი ევროპაა. კურსიდან გადახვევა ჩვენ, მოქალაქეებმა არ უნდა დავუშვათ”, — აღნიშნულია სამოქალაქო მოძრაობების “ტალღისა” და “ჯიუტის” საერთო განცხადებაში.
დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანაც, სადაც პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ პირველი რეისის ჩამოფრენას აპროტესტებდნენ, რომელიც კომპანია “აზიმუტმა” შეასრულა.
რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.
ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.








