ახალი ამბები

რუსულ “აზიმუტს” მომსახურებას პრორუსი კვარაცხელიას შვილის კომპანია გაუწევს

17 მაისი, 2023 • 4407
რუსულ “აზიმუტს” მომსახურებას პრორუსი კვარაცხელიას შვილის კომპანია გაუწევს

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტს“ რეისებს მიწისზედა მომსახურებას ახლადშექმნილი ქართული კომპანია გაუწევს და არა “ტავ ჯორჯია”, რომელიც წლებია, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “ტავ ჯორჯიას” პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მიწისზედა მომსახურება აერთიანებს მრავალ სერვისს, რომელიც ავიარეისის სრულყოფილად შესასრულებლად არის საჭირო.

“ტავ ჯორჯია ავიაკომპანიებს აწვდის სხვადასხვა სერვისს, მათ შორისაა მიწისზედა მომსახურება. მედიასაშუალებების ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ Azimuth Airlines-ის შემთხვევაში მიწისზედა მომსახურებას განახორციელებს კომპანია Aero Handling Georgia”, — განუცხადა “ტავ ჯორჯიამ” “ნეტგაზეთს”.

კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თავად რატომ არ გაუწევენ უკრაინის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიას მომსახურებას. დეტალების დაზუსტებას “ნეტგაზეთმა” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოშიც სცადა, სადაც ზარებს, ჯერჯერობით, არ პასუხობენ.

საჯარო რეესტრის თანახმად, Aero Handling Georgia მიმდინარე წლის 21 აპრილს შეიქმნა. მას ორი დამფუძნებელი ჰყავს, რომელთა შორისაა პრორუსი პროპაგანდისტის, ვალერი კვარაცხელიას ვაჟი, დავით კვარაცხელია. ის კომპანიის 60%-ს ფლობს.

კომპანიის მეორე დამფუძნებელია დავით წივწივაძეა. ამომრჩეველთა ერთიანი სიის მიხედვით, წივწივაძე და ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი, თბილისში, ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულნი.

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

გარეკანის ფოტო: Facebook/Valeri Kvaratskhelia

მასალების გადაბეჭდვის წესი