ახალი ამბები

მთავარი აქცენტები კეზერაშვილის ინტერვიუდან

3 აპრილი, 2023 • 958
მთავარი აქცენტები კეზერაშვილის ინტერვიუდან

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა „დროებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა საქართველოდან წასვლაზე, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში ბრალდებებსა და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ მთავარ აქცენტებს ინტერვიუდან ფორმულაზე დაყრდნობით.

ბიზნესი თავდაცვის მინისტრობის შემდეგ

როგორც კეზერაშვილი ამბობს, 2008 წლის დეკემბერში, თავდაცვის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ჰქონდა ორი არჩევანი – პოლიტიკაში დარჩენა ან კერძო სექტორში გადასვლა და მიუხედავად „სააკაშვილის შეთავაზებისა“, ბიზნესის დაწყება არჩია:

„ვიყავი ფინანსური პოლიციის უფროსი და თავდაცვის მინისტრი – შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ძალიან კარგად მცოდნოდა, რა არის ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში“, – ამბობს იგი.

კეზერაშვილი ყვება, რომ შემდეგ მეგობრებთან ერთად დაიწყო ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ბიზნესი და ინვესტორი დავით იაკობაშვილიც შემოიყვანა.

ამ ბიზნესის დატოვება კეზერაშვილს, როგორც თავად ამბობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამო მოუწია:

„2012 წელს მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი, დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად, დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი, რაც მაქვს, არის ფორმულა.

ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად, 2 სფეროს მიმართულებით – ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები

როგორც კეზერაშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისას „ქვეყანაში იყო ტოტალური კონტრაბანდა, ტოტალური კორუფცია და ამასთან იყო საჭირო ბრძოლა“, რაც მაშინდელი მმართველი პარტიისგან „სწრაფად მუშაობას“ მოითხოვდა და პროცესში ადგილი ჰქონდა „ზედმეტ მოჭერას“:

„ამ სისწრაფეში იყო შეცდომებიც, მე ამას არ დავმალავ და არც ვაპირებ, რომ დავმალო. ბუნებრივია, ხშირად იყო ზედმეტი მოჭერა, თუმცა, შეიძლებოდა თუ არა ამის სხვანაირად გაკეთება – ვეჭვობ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებდით იმ შედეგს, რომელიც მივიღეთ და ეს შედეგი იყო. მე როცა წამოვედი ფინანსური პოლიციიდან და გადავედი თავდაცვის სამინისტროში, ბიუჯეტი იყო 6-ჯერ მეტი… ჩვენ მივიღეთ ქვეყანა, სადაც პრაქტიკულად არ იყო კონტრაბანდა, არ იყო კორუფცია“, – განაცხადა მან.

„არანაირი ფუნქცია ნაციონალურ მოძრაობაში არ მაქვს“

კეზერაშვილი ასევე გამოეხმაურა ცნობებს პოლიტიკურ პროცესებში, კერძოდ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობისთვის ბრძოლაში ჩარევის შესახებ ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ.

მისი თქმით, პარტიაში „არანაირი ფუნქცია და როლი არ აქვს“. ამავე დროს, კეზერაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტიას და „იყოს ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში“.

კეზერაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან, – რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ გაიცნო, –ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველაფერი წინა წელს შეიცვალა:

„შეხვედრა შედგა, მოვილაპარაკეთ, მე გავიგე, რა იყო საჭირო, რაღაცებზე შევთანხმდი, რომ შევძლებდი ეს გამეკეთებინა და ამის შემდეგ ურთიერთობები მიდიოდა ნორმალურად.

ყველაფერი იყო ნორმალურად შარშან ზაფხულამდე, როდესაც რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის. მე არაფერში ჩავრეულვარ, არც არაფერი მომითხოვია, არც არავის მოყვანა, გაშვება, სიაში ჩაწერა, ეს ყველაფერი არის მისი ინტერპრეტაციები.

მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს. მე იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებებს ან ზემოქმედებას ახდენს.

ის რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე უკვე ეთერით, რომ მან გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა და არ ექნება ურთიერთობა. არ არის პრობლემა, არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას. შემდეგ მოხდა არჩევნები, მან, ასე ვთქვათ, წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა პრინციპში ეს ისტორია“, – ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ბრალდებები „წვრთნების“ და „ქოლ-ცენტრების“ საქმეებზე

კეზერაშვილის განცხადებით, 2008 წელს ჩამოყვანილმა ისრაელელმა ოფიცრებმა წვრთნები მართლაც ჩაატარეს და საქართველო 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვეს.

„ეს წვრთნები ჩატარდა, საქართველოში იმყოფებოდა 200-მდე მაღალკვალიფიციური, სხვადასხვა რანგის ისრაელის ოფიცერი. ეს წვრთნები მიმდინარეობდა ჩვეულებრივად, თუმცა შუაში, როცა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი რაღაც ხერხებით დაუკავშირდნენ ისრაელის მთავრობას და ჩვენ მივიღეთ თხოვნა, რომ უნდა შეგვეცვალა კონტრაქტი. ბოლო ოფიცრები, რომლებიც წვრთნიდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს ტერიტორია ბათუმის გავლით, სარფის გავლით – დატოვეს 10 აგვისტოს.

საქართველოს მთავრობის თხოვნით ისრაელშიც დაიწყო ამის შესახებ გამოძიება. ეს გამოძიება, თუ არ ვცდები, 2014 წელს დაიწყო და გრძელდებოდა რამდენიმე წელი. ისინი ვერსად ვერ მივიდნენ, გამოძიებამ დახურა საქმე“, – აცხადებს კეზერაშვილი.

კეზერაშვილი აგრეთვე უარყოფს ბრალდებებს თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ ოპერირების შესახებ.

„ევსაქები მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას“

კეზერაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ შესახებ და პარტიის ლიდერების კრიტიკაზე პასუხისას აღნიშნა, რომ პარტია წარუმატებლობას მას აბრალებს.

„ვფიქრობდი და ახლაც ვთვლი, რომ მაგ პარტიას, წესით, უნდა ჰქონოდა ყველა შანსი, ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა რატომღაც ეს ასე არ მოხდა. 2016-ის შემდეგ ვიხილეთ ორი არჩევნები, ამ პოლიტიკური პარტიის შედეგები მოდიოდა ქვევით, ქვევით, ქვევით და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ.

ბოლო არჩევნების შემდეგ მქონდა საუბარი პარტიის ხელმძღვანელობასთან. ვთქვი, რომ მათ ვერ მიაღწიეს არათუ წარმატებას, არამედ ყველა იმ რესურსის მიუხედავად, რაც ჰქონდათ, მათი შედეგები მცირდებოდა.

მე ვთვლიდი მაშინაც და ახლაც, რომ ალბათ რაღაც უნდა შეეცვალა ხელმძღვანელობას თავის მიდგომებში. ნაწილმა მიიღო ეს, როგორც ჯანსაღი რჩევა, თუ გნებავთ კრიტიკა, ნაწილმა არ მიიღო და გაბრაზდნენ ამაზე და, შესაბამისად, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას თუ იმხელა წარმატების ვერმიღწევას, რაც მათ სურდათ“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი