ახალი ამბები

ენმ: მერაბიშვილი პარტიის პოზიციებს არ ახმოვანებს

16 მარტი, 2023 • 1014
ენმ: მერაბიშვილი პარტიის პოზიციებს არ ახმოვანებს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის პარტიის პოზიციებს არ ახმოვანებს.

ენმ-ის განცხადებით, მერაბიშვილს პარტიაში რაიმე თანამდებობა არ უკავია და ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც აერთიანებს ნახევარ მილიონზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს. ვანო მერაბიშვილი არის ენმ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გულშემატკივარი, მაგრამ ის არ არის პარტიის მენეჯმენტის ნაწილი, არ უკავია არანაირი პარტიული თანამდებობა, არ ახმოვანებს პარტიის პოზიციებს და არ არის ჩართული ყოველდღიურ პარტიულ საქმიანობაში.

კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოთქმული პირადი მოსაზრებების ირგვლივ გადაჭარბებულ, ხელოვნურ და სპეკულაციურ მსჯელობებს, პარტია “ენმ” აღიქვამს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციის და მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება.

ვანო მერაბიშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები მისი სუბიექტური აზრია და ის აჟღერებს საკუთარ პირად პოზიციებს.
კიდევ ერთხელ, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს ახმოვანებს მხოლოდ პარტიის მენეჯმენტი“, – ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.


ბოლო დღეებია უკრაინულ მედიაში ყოფილი შსს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუები ვრცელდება. უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში მერაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მთავრობის შესაცვლელად მასობრივი აქციების დაწყებას აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ – და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს – დავიწყოთ მასობრივი აქციები დ,ა რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა. რათა საქართველოს ხელისუფლებაში, მთავრობაში პროდასავლური, პროუკრაინული მმართველობა მოვიდეს, რათა უკრაინა არ იყოს მარტო.. ჩვენ მოკავშირეები ვართ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და ერთად აღვნიშნოთ გამარჯვება“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განცხადებებს საქართველოში ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, მერაბიშვილის სიტყვები „ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი