„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგით მე-10 ყრილობაზე დღეს, 5 თებერვალს, ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად ოფიციალურად დაამტკიცა. ყრილობას არ ესწრებოდნენ ნიკა მელია და მისი აქტიური მხარდამჭერები.
ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა პარტიის წესდება, რომლის მიხედვითაც, პარტიის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს 2 წელიწადში ერთხელ აირჩევენ. შესაბამისად, ენმ-ის თავმჯდომარის შემდგომი არჩევნები 2025 წელს გაიმართება.
ენმ-ის ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თავისი სიტყვა მიხეილ სააკაშვილის, როგორც რეფორმატორის როლზე, საუბრით დაიწყო, მან ასევე ისაუბრა პარტიის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ ერთხელ უკვე დაამარცხა კორუფცია, უიმედობა, უსამართლობა და ქვეყანა გამოიყვანა უკიდურესი კრიზისიდან. ლამფების, ჭრაქების, გაის, რაგატკებიანი ჯარიდან მივიღეთ თანამედროვე, გამართული, ძლიერი, რეფორმირებული სახელმწიფო ინსტიტუტები“, — აღნიშნა ხაბეიშვილმა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული, დემოკრატიული პარტია“.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ენმ-მ „შიდა კრიზისი დაძლია არჩევნებით“:
„დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი. ეს არის რუსი ოლიგარქი და მისი რუსული ოცნება…
ჩემო ძვირფასებო, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებების მიღებაში, პოლიტიკურ საბჭოში, სრული უმრავლესობა გექნებათ თქვენ — რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, ნაციონალური მოძრაობა გიბრუნდებათ თქვენ. თითოეული თქვენგანის ხელშია ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე“.
პარტიის ახალი თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში დაიწყება ენმ-ის ოფისების გახსნა, ენმ-ს თბილისში ექნება ახალი ოფისი და ასევე, შექმნის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს.
ხაბეიშვილმა პარტიის ბრძოლის მთავარ მიზნად მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და „ქართული ოცნების“ დამარცხება დასახა.
პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებით, ენმ-ის გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან ბეჟაშვილი გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე კობა ნაყოფია ჩაანაცვლა.
პარტიამ დღესვე დაამტკიცა პოლიტსაბჭოს 1/3, ასევე, 2/3-ის დამტკიცების წესი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური საბჭოს 5 წევრს პარტიის გენერალური მდივანი დანიშნავს, 5-ს — პარტიის სამდივნო, 5-ს კი — პარტიის თავმჯდომარე.
ასევე, შესაბამის არჩევნებში აირჩევენ 73 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, რომლებიც შემდგომ პოლიტსაბჭოში შევლენ.
პარტიის ყრილობის დღევანდელი, 5 თებერვლის გადაწყვეტილებით კი ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრებად უკვე დაამტკიცეს შემდეგი პირები (პოლიტსაბჭოს 1/3):
- ლევან ხაბეიშვილი
- ლევან ბეჟაშვილი
- ხატია დეკანოიძე
- გიორგი ბოტკოველი
- დავით კირკიტაძე
- დავით ხაჯიშვილი
- დევი ჭანკოტაძე
- ანა წითლიძე
- სულხან სიბაშვილი
- თინათინ ბოკუჩავა
- კობა ნაყოფია
- აკაკი მინაშვილი
- აბდულა ისმაილოვი
- რომან გოცირიძე
- გიორგი გოდაბრელიძე
- თეიმურაზ ჯანაშია
- ეკატერინე ხერხეულიძე
- ელგუჯა ბაგრატიონი
- ლევან ანთაძე
- გია აბულაძე
- მამული სურმანიძე
- გიორგი კირთაძე
- ლევან ვარშალომიძე ( გენერალური მდივნის წარდგენით)
- გიორგი ჩალაძე
- პეტრე ცისკარიშვილი
- გიორგი ბარამიძე
- ირაკლი ნადირაძე
- ლილე ლიპარტელინი
- ბადრი ბასიშვილი
- დიმიტრი შაშკინი
- ირაკლი ფავლენიშვილი
- ლაშა ფარულავა
- ირაკლი ქავთარაძე
- გია ხარჩილავა
- ზაზა გოროზია (თავმჯდომარის წარდგენით).