ახალი ამბები

მელიას თქმით, ახალი ოფისის გახსნა უსამართლოდ ჩატარებულ ყრილობას უკავშირდება

17 აპრილი, 2023 • 1298
მელიას თქმით, ახალი ოფისის გახსნა უსამართლოდ ჩატარებულ ყრილობას უკავშირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ახალი ოფისის გახსნას ეხმაურება.

განცხადებაში ის ამბობს, რომ ოფისის გახსნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ჩატარებული ყრილობის შემდეგ – „პარტია პრაქტიკულად ორად გაიყო“.

მანამდე ენმ-მ ვრცელ განცხადებაში გააკრიტიკა მელიას გადაწყვეტილება ახალი ოფისის გახსნის შესახებ და მას „სეპარატიზმის მცდელობა“ უწოდა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში თავად მელია ამბობს, რომ ახალი მენეჯმენტის რეაქციით გაკვირვებულია.

„ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავიანთ თავში ძალა, პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით) არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.

სწორედ ამ “ყრილობის” შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა – ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო.

ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს. ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!“ – წერს ნიკა მელია.


15 აპრილის ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტით ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად მართავს შეხვედრებს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია ბაჩო დოლიძემაც დაუდასტურა.

მისი თქმით, ოფისი მელიას თანამოაზრეებმა საკუთარი ხარჯებით გახსნეს და რამდენიმე დღის წინ თავმჯდომარეს ოფიციალურადაც აცნობეს.

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი