ახალი ამბები

კირკიტაძის ცნობით, მელია “დიდი ალბათობით” პარტიას ქმნის — რას პასუხობენ მას

10 მაისი, 2023 • 873
კირკიტაძის ცნობით, მელია “დიდი ალბათობით” პარტიას ქმნის — რას პასუხობენ მას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია “დიდი ალბათობით” ემზადება ახალი პარტიის შესაქმნელად.

“ნეტგაზეთმა” ინფორმაცია მელიას თანამებრძოლთან, ბაჩო დოლიძესთან გადაამოწმა.

ნიკა მელია ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ შეცვალა.

ყოფილი თავმჯდომარე პარტიაში რჩება, თუმცა მასსა და ხაბეიშვილს შორის არაერთ საკითხზეა უთანხმოება.

“როგორ შეიძლება რაიმეს გამორიცხვა. მაქვს ბევრი ინფორმაცია. მათ შორის შემიძლია გითხართ, რომ ამისკენ მზადება და ყველა ნიშანი არსებობს…” ,— თქვა დავით კირკიტაძემ “ტვ პირველის” ეთერში, როცა წამყვანმა ჰკითხა, გამორიცხავს თუ არა მელიასა და მისი მხარდამჭერების მიერ ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობას.

კირკიტაძე ენმ-ის არჩევნების დროს ლევან ხაბეიშვილის უჭერდა მხარს.

“შემიძლია დაგიდასტუროთ დიდი ალბათობით, რომ ამისკენ მზადება და სვლა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. მე ეს პირადად ნიკა მელიასგან არ ვიცი, თუმცა ის ადამიანები, ვინც მოიაზრებიან მის გარშემო, ამაზე აქტიურად საუბრობენ”, — აღნიშნავს ის.

კირკიტაძის თქმით, “ყველას აქვს ამ ქვეყანაში უფლება, შექმნას საკუთარი პოლიტიკური გუნდი, საკუთარი ბედი სცადოს პოლიტიკურ ველზე. მათ შორის ნიკა მელიას ვერავინ აუკრძალავს ამის გაკეთებას”.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება “ნეტგაზეთმა” ენმ-ის წევრთან და ნიკა მელიას თანამებრძოლთან, ბაჩო დოლიძესთან სცადა.

“არა, რა თქმა უნდა”, — მოგვწერა მან, როცა ვკითხეთ, სიმართლეა თუ არა ინფორმაცია მელიას მიერ პარტიის ჩამოყალიბებაზე.

მანამდე, აპრილში, “ტვ პირველის” სიუჟეტით ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად შეხვედრებს მართავს. მოგვიანებით ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ოფისის გახსნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ჩატარებული ყრილობის შემდეგ “პარტია პრაქტიკულად ორად გაიყო”.

ხსენებული ყრილობა თებერვალში გაიმართა, რა დროსაც, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ დამტკიცებასთან ერთად, ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცეს და პარტიული თანამდებობები გაანაწილეს.

როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა იმ დრომდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს. ამის გამო ხაბეიშვილი ენმ-ის არაერთმა წევრმა გააკრიტიკა.

თებერვალსა და მარტში, პარტიის ლიდერთაგან ორმა — ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ — ენმ დატოვეს და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი