ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

11 აპრილი, 2023 • 4290
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. ზაზა ავალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ითხოვდნენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან.

„თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას

გარდა ამისა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შემდეგი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან. იმ ინიციატივას და კონცეფციას, რომელიც გუშინ მინისტრმა წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს ჯგუფი ბოლომდე ჩაშლის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის, რათა ის ინიციატივა, რაც სამინისტროს მხრიდან წამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის იყოს გასაგები და ბოლომდე მივიტანოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


ხელისუფლება აცხადებს,  რომ აპირებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევას და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი კლინიკის აშენებას. რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძვირადღირებულ ადგილზეა განთავსებული.

კლინიკის თანამშრომლების სახელით გასულ კვირას გავრცელდა განცხადება, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაანგრიოს რესპუბლიკური საავადმყოფო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი გამორიცხა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. როგორც მან 23 მარტს განაცხადა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაინგრევა და მის ადგილზე რამდენიმე წელიწადში ახალი საავადმყოფო აშენდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი