ახალი ამბები

“ვხედავდი პრობლემებს მართვის… კომუნიკაციის კუთხით“ — კობახიძე აზარაშვილზე

1 მარტი, 2024 • 1865
“ვხედავდი პრობლემებს მართვის… კომუნიკაციის კუთხით“ — კობახიძე აზარაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებას უკავშირებს “მართვის და კომუნიკაციის კუთხით” პრობლემებს. კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა:

„რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, მე მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. მე ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თავად დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა ჯანსაღი საუბარი ამ საკითხზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

კობახიძე აცხადებს, რომ არის რიგი საკითხები, რომლებიც სამინისტროების დონეზე უნდა წყდებოდეს და დარგის სპეციალისტების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას არ უნდა საჭიროებდეს.

„მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, თანამშრომლობა განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. მე არ მინდა შევიდე ნიუანსებში, მაგრამ ფაქტია, დავინახეთ, რომ იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევაში (იყო სხვა შემთხვევებიც) ასეთი კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა.

ზუსტად ამ სექტორში არაერთი თხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, კონკრეტულ სპეციალისტებს, პაციენტებს ჰქონოდათ შეხვედრა პრემიერთან. ასეთი საკითხები, რა თქმა უნდა, არის სამინისტროს დონეზე მოგვარებადი. არსებობს საკითხები, რომელიც არ საჭიროებს მაღალ დონეზე ატანას, უფრო დაბალ დონეზეა მათი მოგვარება შესაძლებელი. აქ დავინახე მე პრობლემები, ეს პრობლემები უნდა გამოსწორდეს არამარტო ჯანდაცვის სფეროში, ყველა სფეროში, ეს იქნება ჩემი თხოვნა“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

რაც შეეხება მინისტრის ვაკანტურ პოსტს, კობახიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო და მისი შემცვლელი ფართო კონსულტაციების შემდგომ შეირჩევა:

„ეს დღეს გადაწყვეტილი საკითხია, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე, შეიძლება დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბუნებრივია, სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის გუნდის წარმომადგენელი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე” ,– აცხებს ირაკლი კობახიძე.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება, შენობა არ დაინგრევა – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი