ახალი ამბები

სამინისტროს თანახმად, რესპუბლიკურის თანამშრომელთა დაახლოებით 65%-თან უკვე შეთანხმდნენ

19 თებერვალი, 2024 • 557
სამინისტროს თანახმად, რესპუბლიკურის თანამშრომელთა დაახლოებით 65%-თან უკვე შეთანხმდნენ

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა უკვე აირჩია მათ მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთი.

კლინიკაში დაახლოებით 550 ადამიანი მუშაობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა სამინისტროში ამბობენ, რომ რესპუბლიკურის ექიმთა გარკვეული ჯგუფი საერთოდ უარს აცხადებს კომუნიკაციაზე.

“რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციასა თუ  შეხვედრაზე.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურის პერსონალის ნაწილი უკვე დათანხმდა სხვა კერძო კლინიკაში დასაქმებას თანაზომიერ პოზიციაზე. უწყების ცნობით, რესპუბლიკურის თანამშრომელთა დასაქმებისთვის მოლაპარაკებები ჰქონდათ 10-ზე მეტი კლინიკასთან თბილისშიც და რეგიონებშიც, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საავადმყოფოებთან.

რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.

რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.

30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.

შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი