ახალი ამბები

გაბუნია: ახალი რესპუბლიკური იმავე ადგილას აშენდება, სადაც დღეს მდებარეობს

23 მარტი, 2023 •
გაბუნია: ახალი რესპუბლიკური იმავე ადგილას აშენდება, სადაც დღეს მდებარეობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენია და მისი კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ახალი თანამედროვე სტანდარტების და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სახელმწიფო კლინიკა ზუსტად იმავე ადგილზე მოეწყობა, სადაც დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო მდებარეობს. თამარ გაბუნიას თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე – დასაქმების კუთხით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გუშინ, 22 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით წერილი გავრცელდა, სადაც განცხადების ავტორები კლინიკის შენობის შესაძლო დანგრევაზე განმარტებებს ითხოვდნენ. დასაქმებულები შიშობდნენ, რომ შესაძლოა რესპუბლიკური საავადმყოფოს 1000-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი