ახალი ამბები

„არ დაანგრიოთ რესპუბლიკური“ — საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით მიმართვა გავრცელდა

22 მარტი, 2023 • 1178
„არ დაანგრიოთ რესპუბლიკური“ — საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით მიმართვა გავრცელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, დღეს, 22 მარტს, ფეისბუკზე ღია წერილი გავრცელდა, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვენ.

წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევაზე და ახლის აშენებაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა პროცესები, რომელიც, მათი შეფასებით, საავადმყოფოს სრულად ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიისა და პედიატრიული განყოფილებები, ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციისთვისაც.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული იწვევს კლინიკაში დასაქმებულთა მღელვარებას, რადგანაც კლინიკის 1000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევარი რჩება:

„ვინაიდან „რესპუბლიკური საავადმყოფო“ წარმოადგენს სახელმწიფო კლინიკებს შორის უდიდეს მრავალპროფილურ დაწესებულებას, რომელიც ყოველთვის იდგა ჯანდაცვის სისტემის სათავეში. გვინდა შეგახსენოთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის იყო და არის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმღები მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი. ამის დასტურია 9 აპრილი, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის და აგვისტოს ომები. მარტო ის გარემოება რად ღირს, რომ კოვიდ პანდემიის დროს კლინიკამ „ფორსმაჟორულ“ რეჟიმში გაატარა 20 000 პაციენტი“, — აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები.

ამასთან, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ კლინიკა, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ რაიონში, არის ერთადერთი სახელმწიფო კლინიკა, რომელიც გამორჩეულია ჯანდაცვის ობიექტებს შორის თავისი ადგილმდებარეობით, ისტორიით, ინტელექტუალური პოტენციალით და არ გააჩნია სხვა ალტერნატივა:

„დღეს კლინიკა დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად ჯანდაცვის მინისტრმა დააანონსა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. ეს იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ერთი წლის წინ რესპუბლიკურის კოლექტივს სრულიად განსხვავებული ინფორმაცია მიეწოდა შენობის რეაბილიტაციის შესახებ.

რა თქმა უნდა, არქიტექტურული და ტექნიკური გათვლებით, რაც თანხვედრაში იყო ჩვენს მრავალწლიან მოლოდინთან. რესპუბლიკურის ნგრევის დაანონსებას დროში საეჭვოდ დაემთხვა კლინიკის თანამშრომლების ბინძური დისკრედიტაციის მცდელობა მასმედიის საშუალებების მიერ. ამასთან ერთად მიმდინარეობს კლინიკის სრულყოფილად ფუნქციონირებაში მიზანმიმართული ხელის შემშლელი პროცესები.

კერძოდ: კლინიკის სერვისების მიზანმიმართული გაუქმება. უკვე დაიხურა დიდი გამოცდილების მქონე კოვიდ თერაპიის და პედიატრიული განყოფილებები. ასევე იქმნება პირობები სხვა დეპარტამენტების ლიკვიდაციაზეც. ბუნებრივია, ყოველივე ზემოთ აღნიშნული იწვევს კლინიკის თანამშრომლების მღელვარებას. ამას თან ერთვის ის, რომ კლინიკის 1000 – ზე მეტი თანამშრომლის უმუშევარი რჩება“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიმართავენ ჯანდაცვის მინისტრს, გაეცნოს ამ რთულ ვითარებას და მიაწოდოს ინფორმაცია მათთვის პასუხგაუცემელ კითხვებზე. ამასთანვე, სთხოვენ, არ დაუშვას ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებდა, რომ სრული რეაბილიტაციის გარეშე რესპუბლიკურ საავადმყოფოში არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია. მინისტრის თქმით, შენობა 1960-70-იან წლებშია აშენებული და ინფრასტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და სტანდარტებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს 2025 წლისთვის დაუსახა:

„რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხს, ერთი წელია ამ პროცესს ვაკვირდები და ვცადეთ. ძალიან ბევრი ძალისხმევა გვქონდა, იქნებ რაღაცები შეგვერემონტებინა, პროცესებისთვის გადაგვეხედა, მაგრამ შეუძლებელია იქ იმ პირობებში რაიმეს გამოსწორება თუ სრული რეაბილიტაცია არ მოხდა.

ის შენობა, 70-იან თუ 60-იან წლებში აშენებული რაც გვაქვს, დღევანდელ სტანდარტებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკას მოვთხოვეთ, ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს და ამიტომ რეკომენდაციები გვაქვს მიღებული და ფინანსურად უფრო ეფექტიანი იქნება, თუ დაინგრევა და აშენდება ახალი შენობა იმ ზომის და იმ ფორმის, რომელიც ამ სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვედ“, — აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, უწყებას რეკომენდაცია აქვს მიღებული, ძველი შენობა ახლით ჩანაცვლდეს და მთავრობის წევრები ამაზე შეჯერდნენ. ამჟამად, მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კლინიკის კონცეფციაზე. რაც შეეხება ახალი შენობის ლოკაციას, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ახალი შენობისთვის იგივე ტერიტორია განიხილება და მას შესაძლოა დაემატოს ბავშვთა ონკოლოგიური განყოფილება ცალკე ფლიგელის ან შენობის სახით:

„დღეს არ არის საუბარი კონკურენციაზე, პაციენტი როცა შედის იქ, მრავალპროფილურ მომსახურებას ვერ ვთავაზობთ. შეუძლებელია ამ პირობებში რაიმეს მივაღწიოთ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მთავრობის გუნდის მიერ მიღებულია, აქტიურად ვმუშაობთ კონცეფციაზე, როგორი უნდა იყოს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ახალი შენობისთვის იგივე ტერიტორია განიხილება.

ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით პრობლემებმა. ნოემბერში ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშობა და ისრაელის და სხვადასხვა ქვეყნების ჯგუფთან ერთად კონსულტაციები და რეკომენდაციები და კონცეფცია მივიღეთ ბავშვთა ონკოლოგიურის, რომელიც იქნება ამ სრული მრავალპროფილური კლინიკის ნაწილი როგორც ცალკე ფლიგელი ან შენობა“, — აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი