ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს

17 თებერვალი, 2024 • 806
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს

დღეს, 17 თებერვალს, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თბილისში აქცია-მსვლელობა გამართეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი კლინიკის დემონტაჟის შესახებ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენ ვაპროტესტებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დახურვას, რაც მთავრობამ ახალი საავადმყოფოს მშენებლობის მოტივით გადაწყვიტა. კლინიკის დახურვა, არც ახალი შენობის და არც ძველი შენობის რეაბილიტაციის მოტოვით, არავითა საჭიროებას არ წარმოადგენს. ეს თავისუფლადაა შესაძლებელი ისე, რომ კლინიკამ არ შეწყვიტოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ექიმმა მალხაზ გოგუამ.


რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.

რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.

30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გრძელდება კონსულტაციები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი