ახალი ამბები

რაგბი: სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

11 აპრილი, 2023 • 1679
რაგბი: სასამართლომ ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი მორაგბისა და დეპუტატის, ირაკლი აბუსერიძის სარჩელი, რომელშიც საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.

ორი წლის წინ  ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. თუმცა საჯარო რეესტრმა უარი განუცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. მიზეზად კი დაასახელა, რომ კრებაზე, სადაც აბუსერიძე კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი ქვორუმი არ იყო.

სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ირაკლი აბუსერიძე.

როგორც აბუსერიძის ადვოკატმა განაცხადა, ისინი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

თავად აბუსერიძის თქმით კი, იმედოვნებდა, რომ „ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებდა“.

„სასამართლო პროცესები რომ დაიწყო, პირველ მოსამზადებელ სხდომაზე ჩვენი მოსამართლე გახლდათ ნათია შიოშვილი და უცებ არსებითი განხილვის წინ შეიცვალა მოსამართლე. რაღაც კითხვის  ნიშნები მქონდა და ეჭვები, მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებდა. შემდეგი ეტაპები გვაქვს და მივყვებით, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებთ“, – განუცხადა „მთავარ არხს“ ირაკლი აბუსერიძემ.


რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა: არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე, 24 თებერვლისთვის გადაიდო.

2020 24 თებერვალს კი კენჭისყრა ქვორუმის (ანუ საკმარისი წევრების) არარსებობის გამო ვერ შედგა. საბოლოოდ არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, 2016-20 წლების პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. აქედან ერთ კვირაში, 2021 წლის 6 იანვარს, ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად დაერეგისტრირებინათ; ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

თუმცა, საჯარო რეესტრის განცხადებით, „ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ,  საკმარისი ქვორუმი არ იყო“.

საბოლოოდ, რაგბის კავშირის პრეზინდენტად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი იოსებ (სოსო) ტყემალაძე აირჩიეს.

ამავე თემაზე შეგიძლიათ ნახოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი