ახალი ამბები

ვინ ვინ არის რაგბის კავშირის ახალ გამგეობასა და მენეჯმენტში

31 მარტი, 2021 • 3839
ვინ ვინ არის რაგბის კავშირის ახალ გამგეობასა და მენეჯმენტში

საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა გამგეობის შემადგენლობა დაასახელა, ახალმა გამგეობამ კი სამი ვიცე-პრეზიდენტი დაამტკიცა თანამდებობაზე. „ნეტგაზეთი“ გიამბობთ, როგორია გამგეობის შემადგენლობა და ვინ არიან ვიცე-პრეზიდენტები.

გამგეობის წევრები და ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც რაგბის კავშირში, წელიწადზე მეტხანს გაწელილი პროცესის შემდეგ, საპროტესტო დემონსტრაციისა და დაპირისპირების ფონზე, საბოლოოდ აირჩიეს ახალი პრეზიდენტი.

10 მარტს არჩეული ახალი პრეზიდენტი იოსებ (სოსო) ტყემალაძეა, — ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ივანიშვილს კი 2014 წელს ნათქვამი აქვს ფრაზა, სადაც რაგბის კავშირში საკუთარი კადრის დანიშვნის სურვილზე საუბრობს.

ოპონენტების — პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძისა და მისი ქომაგების — თანახმად, არჩევნების ამ გაწელილ პროცესში ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა.

ზეწოლაში ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელსა და „ოცნებასთან“ დაკავშირებულ სხვა პირებს ადანაშაულებდნენ, მათ მიღმა კი ბიძინა ივანიშვილის კვალზე მიანიშნებდნენ.

აბუსერიძის გუნდის მიერ დასახელებული პირების ნაწილი, — რომლებიც ზეწოლაზე ბრალდებებს უარყოფენ, — ახალ გამგეობასა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის აღმოჩნდა.

კობახიძის მამა, პარლამენტარები – ახალი გამგეობა

რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სოსო ტყემალაძემ ახალი გამგეობის წევრების ვინაობა დაასახელა. გამგეობაში 12 წევრია, რომელთა შორის არიან:

  • გიორგი კობახიძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა;
    • აბუსერიძის გუნდის წევრები კობახიძეს ბრალს სდებდნენ, რომ აბუსერიძის წინააღმდეგ „ბინძური მეთოდებით“ იბრძოდნენ;
    • „კობახიძის მამა არის ჩარეული მთელი სიძლიერით ამ პროცესებში. კობახიძის მამის გუნდი, ძველი გამგეობის წევრები, — ტრიპოლსკი, მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგავალა, გაიოზ მონიავა, — სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად“… – ამბობდა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ირაკლი აბუსერიძის გუნდის წარმომადგენელი სიმონ მაისურაძე;
    • კობახიძე წინა გამგეობაშიც ირიცხებოდა;
  • ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მერი, — რომელსაც აბუსერიძის გუნდელები ამ პროცესებში ხელს ადებდნენ, ასევე შეირჩა გამგეობის წევრად;
  • გივი ჭიჭინაძე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი — აბუსერიძის კიდევ ერთი მხარდამჭერი. ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე ამბობდა, რომ ჭიჭინაძე, კობახიძესთან და სხვებთან ერთად, „თავისი კაცის“ დასმას ცდილობდა რაგბის კავშირში;
    • „ჭიჭინაძე 29 მარტს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. მასთან დაკავშირებით სოსო ტყემალაძემ განაცხადა: „ამაზე საუკეთესო არჩევანი ალბათ არ იქნებოდა, გამგეობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. სამი წევრია, რომელიც ოცნებასთან არის ასოცირებული. დანარჩენების პარტიული წარმომავლობა მე საერთოდ არ ვიცი და სამივე კარგი მორაგბეა და რაგბის თავგადადებული მოყვარული. ამაში ცუდს რას ხედავთ?“ – თქვა მან „ფორმულასთან“ საუბარში.
  • გიორგი კახიანი, ასევე „ქართული ოცნების“ პარლამენტარი, პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე. გამგეობის სხვა წევრები არიან:
  • გოჩა მაჭავარიანი, რომელიც წინა მოწვევის გამგეობის წევრიც იყო;
  • გაიოზ მონიავა, რომელსაც სარაგბო კლუბებზე ზეწოლაში სდებდნენ ბრალს;
  • ვეტერანი მორაგბე და დიპლომატი მერაბ ანთაძე. ის წარსულში თვითონაც ასრულებდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობას;
  • გელა ქობულაძე, რომელსაც უმუშავია სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორად და აჭარის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსად;
  • ალექსანდრე ხვედელიძე;
  • ნატალია კურტანიძე;
  • ზურაბ ზოიძე;
  • აკაკი დავითულიანი;
  • ია ხურცილავა;

ვიცე-პრეზიდენტები

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, ზემოთ აღწერილი შემადგენლობით, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტი დაამტკიცა. მათ შორის არიან ის ფიგურებიც, ვისაც აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები აკრიტიკებდნენ.

სპორტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს ლაშა (ბაჩო) ხურციძე, რომელიც 2020 წელს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში აბუსერიძის ძირითადი მოწინააღმდეგე იყო. სწორედ ხურციძე იყო ის კანდიდატი, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის 30 დეკემბრის არჩევნებს და შედეგები გაასაჩივრა.

მას შემდეგ, რაც ძველმა გამგეობამ მორიგი არჩევნებში დანიშნა, პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ სოსო ტყემალაძე დარეგისტრირდა. „ხურციძემ რომ ვერ გაამართლა, გასწიეს გვერდზე … და მოიყვანეს ტყემალაძე“, – უთხრა კენჭისყრის პარალელურად „ნეგაზეთს“ სიმონ მაისურაძემ, ვეტერანმა მორაგბემ და რაგბის კავშირის თანამშრომელმა, რომელიც აბუსერიძეს უჭერს მხარს.

ბაჩო ხურციძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში სხვადასხვა პირების მხრიდან აბუსერიძის მხარდამჭერი დელეგატების ზეწოლაზე გახმიანებულ ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებდა და ამბობდა, რომ აბუსერიძე მცირე ხნის წინ თავად იყო მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი და მისი მხრიდან ამ ბრალდებების წაყენება „უხერხულია“.

ხურციძის ბიოგრაფია სრულად:

დაიბადა 1975 წლის 13 თებერვალს; 1998 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2000-2001 წლებში სწავლობდა კემბრიჯის (ინგლისი) EF სკოლაში, ხოლო 2001-2002 წლებში- ოქსფორდის უნივერსიტეტში და მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისსა და საფრანგეთში. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით, 1998-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში, ხოლო 2002-2004 წლებში- საქართველოს პარლამენტში; 2004-2005 წლებში- ფრანს კოოპერასიონ ინტერნაციონალში; 2005-2006 წლებში -ევროპის კომისიაში; 2012 წლიდან დეველოპერულ კომპანია „ტრიდეში“ იკავებს დირექტორის თანამდებობას; 2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს რაგბის კავშირში, ჯერ საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების და სანაკრებო კომიტეტების ხელმძღვანელად, შემდეგ კი, მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორად.

2011 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მას წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება მიანიჭა. მისი უშუალო ხელმძღვანელობით, 2011 წელს საქართველომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფას, ხოლო 2017 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო რაგბის მიერ მანამდე ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირებს შორის ყოველმხრივ საუკეთესოდ იქნა აღიარებული.

თორნიკე გოგებაშვილი: ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ადმინისტრაციულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

გოგებაშვილი სოსო ტყემალაძის არჩევამდე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. მანამდე იყო მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაღალი მიღწევების სპორტის სამმართველოს უფროსი.

გოგებაშვილთან დაკავშირებით აბუსერიძის მხარდამჭერები ამბობდნენ: „ჩვენ ახლა რაგბის კავშირში გვყავს სახელმწიფოდან მოსული პირი, რომელიც … გამოუშვა [მიხეილ] ჩხენკელის უწყებამ“…

გოგებაშვილის ბიოგრაფია ვრცლად:

1989 წლის 16 იანვარს დაიბადა და 2004-2005 წლებში დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კოლეჯი, ხოლო 2006-2012 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – ტრანსპორტის მენეჯმენტი, მაგისტრის ხარისხით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ის ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი წყალბურთში, იცავდა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ღირსებას და რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.

სწავლის პარალელურად სტაჟირებას გადიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ALFA EXPRESS-ში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში, სპორტის კომიტეტში.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2011 წელს, უფროს სპეციალისტად დაიწყო, 2013 წელს მთავარ სპეციალისტად დაწინაურდა, ხოლო 2017 წელს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, სადაც მაღალი მიღწევების და მასობრივო სპორტის სამმართველოს დღემდე ხელმძღვანელობს; 2020 წლის აგვისტოში საქართველოს რაგბის კავშირში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ახლა კი ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტია ნიკოლოზ ალავიძე, რომელიც ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს უხელძმღვანელებს. ალავიძე 2019 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ალავიძის სრული ბიოგრაფია:

ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იაპონურ ენებს.

1999-2002 წლებში მუშაობდა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტში (IRC), მიკროსაკრედიტო პროგრამის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე; 2002-2007 წლებში TBC ბანკში იყო მსხვილი კორპორაციული კლიენტების და ინსტიტუტების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011 წლებში- სს „საქართველოს ბანკის“ საერთაშორისო ვაჭრობის ფინანსირების კოორდინატორი, ხოლო 2011-დან 2015 წლამდე ამავე ბანკის რეგიონალური კორპორაციული საბანკო დეპარტამენტის უფროსი; 2016-2017 წლებში- შპს „ვექტორ მენეჯმენტ“ ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე, შპს „რუსელოიზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2017-2018 წლებში- სს „თიბისი ბანკის“ რეგიონალური კორპორაციული საბანკო ბიზნესის ხელმძღვანელი; 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე- შპს Union Properties-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ამავე წლის მაისიდან დეკემბრამდე კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; 2020 წლის აგვისტოდან დღემდე არის საქართველოს სალიზინგო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი; ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან დღემდე შპს „ალტიტუდას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია.

რა გეგმავს აბუსერიძე?

„ხშირად ვასახელებდით გვარებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ქართულ რაგბთან და დღეს გამგეობის წევრები გახდნენ“, – ასეთი იყო ირაკლი აბუსერიძის კომენტარი გამგეობის წევრების დასახელების შემდეგ [ეს კომენტარი მან „ფორმულას“ მისცა].

განვითარებული მოვლენების მიუხედავად, აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები ამბობენ, რომ დანებებას არ გეგმავენ და არ გამორიცხავენ, მიმართონ პროტესტის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სარაგბო ჩემპიონატის დაპაუზება, ბოიკოტი და დაუმორჩილებლობა.

აბუსერიძის თქთმივე, ის აგრძელებს სამართლებრივად ბრძოლას: „სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შევიტანეთ, [თუმცა] ადმინისტრაციული სარჩელით რომ განეხილათ [ეს დავა, სოსო ტყემალაძის რაგბის კავშირის პრეზიდენტად საჯარო რეესტრში], რეგისტრაციას ვერ გაუტარებდნენ, ამიტომაც გადაიტანეს სამოქალაქო დავაში“, – განაცხადა მან.

აბუსერიძის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, ვეტერანმა მორაგბე ბობა კვინიხაძემ ბოლო ბრიფინგზე თქვა, რომ „ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით, — ჩვენ არ ვაპირებთ ჩარჩოებიდან გასვლას“.

ამავე თემაზე

რა ხდება რაგბის კავშირში და რა კავშირშია ივანიშვილი – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი