ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

8 თებერვალი, 2021 • 1353
საჯარო რეესტრმა აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა 8 თებერვალს საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა და ირაკლი აბუსერიძეს უარი განუცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე.

რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ რაგბის კავშირის გამგეობის ახალ წევრებსაც. აბუსერიძის შტაბის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეესტრის გადაწყვეტილება არასამართლიანია.

რა ხდება?

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე ჩაიშალა: არჩევნები ჯერ კიდევ 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ლაშა (ბაჩო) ხურციძის განცხადების საფუძველზე, 24 თებერვლისთვის გადაიდო.

2020 24 თებერვალს კი კენჭისყრა ქვორუმის (ანუ საკმარისი წევრების) არარსებობის გამო ვერ შედგა. საბოლოოდ არჩევნები 2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარდა.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, 2016-20 წლების პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ლაშა (ბაჩო) ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

დარჩენილმა წევრებმა პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. აქედან ერთ კვირაში, 2021 წლის 6 იანვარს, ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის არგუმენტები

საჯარო რეესტრი 8 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის ქვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც.

„ირაკლი აბუსერიძის მიერ   წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ,  საკმარისი ქვორუმი არ იყო“, – წერია განცხადებაში.

„აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში ქვორუმის არარსებობის გამო  ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა. თუმცა კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ ის პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება. სინამდვილეში კი კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა“, – წერს საჯარო რეესტრი.

„ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც  პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული,  ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო,  განიხილეს/კენჭი უყარეს რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევას“, – აცხადებენ უწყებაში.

საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა  რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე, ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე: „ორივე შემთხვევაში  კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის  და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი“, – წერია ახალ განცხადებაში.

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ. მათ 4 თებერვალს, როდესაც რეესტრში აბუსერიძის საქმე განიხილებოდა, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს და აბუსერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქციაზე არაერთი მოქმედი და ვეტერანი მორაგბე იმყოფებოდა.

ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ რეესტრის 8 თებერვლის განცხადებაში ახალი არაფერია და 2 დღეში ელოდებიან უწყების გადაწყვეტილებას აბუსერიძის მიერ 22 იანვარს შეტანილ საჩივართან დაკავშირებით.

2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო  რეესტრში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, სადაც ის  არ დაეთანხმა მისთვის დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას.

„ნეტგაზეთი“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას რაგბის კავშირში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი