ახალი ამბები

მის ადგილას მართლმსაჯულებაზე არ ვისაუბრებდი, იმხელა მორალური ტვირთი აქვს – გვრიტიშვილი პრეზიდენტზე

8 აპრილი, 2023 • 3097
მის ადგილას მართლმსაჯულებაზე არ ვისაუბრებდი, იმხელა მორალური ტვირთი აქვს – გვრიტიშვილი პრეზიდენტზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტს იმხელა მორალური ტვირტთი აქვს, რომ მის ადგილზე მართლმსაჯულებაზე არ ისაუბრებდა. ამის შესახებ მან 7 აპრილს POSTV-ზე შალვა რამიშვილთან სტუმრობისას განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა დაიცვას.

„პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციაა, რომ ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი უნდა იყოს. როცა პრეზიდენტი გვეუბნება, რომ თურმე სასამართლო ამერიკელებს უნდა ჩავაბაროთ, ამ გარანტის ფუნქციას ვერ ასრულებს. თავის მოქალაქეებზე და ინსტიტუციების დამოუკიდებლობაზე უნდა ზრუნავდეს, ეს მისი კონსტიტუციური დამოუკიდებლობაა.

მე მის ადგილას მართლმსაჯულებაზე არ ვისაუბრებდი, იმხელა მორალური ტვირთი აქვს მას. მართლმსაჯულება მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის კაბინეტში და სასამართლოს დარბაზში არ იწყება და არ მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია მართლმსაჯულების შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ შეყწალებული პირები გაიხსენა და თქვა, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება აბსოლუტური არ აა და არც შეწყალების უფლებაა შეუზღუდავი.

„2019 წლის სკანდალური შეწყალებები, პოლიციელის მკვლელი იქნა შეწყალებული. წარმოიდგინეთ, ამერიკაში პოლიციელის მკვლელი შეიწყალოს გუბერნატორმა ან ვინმემ. დავით ოთხმეზურის მკვლელი იქნა წელიწად-ნახევარში შეწყალებული. 23 წლის ბიჭის, სოსო ქოიავას მკლველი დაახლეობით 2 წელში იქნა შეწყალებული. ასეთი სასჯელები რომ მოსამართლეს მიესაჯა, საზოგადოებაში რა რეაქციას გამოიწვევდა?!

ამიტომ ეს ადამიანი რომ საუბრობს ჩვენი მხრიდან მართლმსაჯულების გამრუდებაზე, რბილად რომ ვთქვა, ოქსიმორონია. თვითონაც არის პასუხისმგებელი, რომ ხელი არ შეუშალოს იმ განაჩენის აღსრულებას, რაც მოსამართლეებმა გამოვიტანეთ. შეწყალების უფლება შეუზღუდავი არ არის. აბსოლუტური ძალაუფლება არ არის ეს არის. ასეთ საქმეებზე მართლმსაჯულებას რომ გაამრუდებ, შენც ანგარიშვალდებული ხარ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშილმა.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში  სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არ გაუხარდა მოსამართლეების სანქცირება, რადგან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელსაც სანქცირებული მოქალაქეები ჰყავს, რაც ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯზეც აისახება.

“თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები”, – თქვა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ამ ნაბიჯებში გულისხმობს შემდეგს: “იქნება ეს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი