საზოგადოება

ნურც გვიხარია და ნურც გავიბუტებით, გავაანალიზოთ – ზურაბიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

7 აპრილი, 2023 • 3141
ნურც გვიხარია და ნურც გავიბუტებით, გავაანალიზოთ – ზურაბიშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებას უწოდებს “სათქმელის დაუნდობლად თქმას”, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა გააანალიზოს მომხდარი და აჩვენოს მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც იმსახურებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 7 აპრილს ბრიფინგზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, მას არ გაუხარდა მოსამართლეების სანქცირება, რადგან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების სიას, რომელსაც სანქცირებული მოქალაქეები ჰყავს, რაც ქვეყნის რეპუტაციასა და იმიჯზეც აისახება.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის სანქცირებული მოსამართლეების პასუხისმგებლობა ქვეყანაში სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მხრივ, ასევე ყველას ესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამ სისტემის გაჯანსაღებისთვის და ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ.

“ამიტომ, სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

ვწუხვარ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ეწერება სხვას სანქცირებული ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება. კანდიდატის სტატუსი მინიჭებას. და ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი”, – განმარტა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის შეფასებით ახლა საქართველოში არც ნიშნის მოგების და გახარების და არც თავის მართლების დრო არ არის, არამედ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის იმიჯის გამოსწორების პასუხისმგებლობა ახლა ყველას აქვს.

“თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები”, – თქვა პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ამ ნაბიჯებში გულისხმობს შემდეგს: “იქნება ეს სრული გამოძიება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა”.

ზურაბიშვილის თქმით, რაც მეტ ქმედით ნაბიჯს გადადგამს ქვეყანა სასამართლო რეფორმის კუთხით, მით უფრო სწრაფად აღიდგენს რეპუტაციას და ნდობას. მისი თქმით, სწორედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აკვირდება და ელოდება ქვეყნის ყველა ერთგული პარტნიორი.

“ქვეყანა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას და არ იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გამყარების მიზეზიც გახდეს, არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში.

მეგობარმა ქვეყანამ შეიძლება დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა მოხდა და რატომ და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი