საზოგადოება

აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა

5 აპრილი, 2023 • 3910
აშშ-მა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ე.წ. კლანის წევრ ქართველ მოსამართლეებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, — ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

„ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენმა Twitter-ზეც დაწერა:

„დღეს მე დავასანქცირე ოთხი ქართველი ყოფილი და ამჟამინდელი თანამდებობის პირი მნიშვნელოვანი კორუფციისთვის, რის გამოც მათ არ შეუძლიათ შეერთებულ შტატებში შესვლა. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობისა და ხალხის გვერდით მათ ძალისხმევაში გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მმართველობის გასაუმჯობესებლად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი