აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.
მურუსიძე „მთავარ არხთან“ გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ მას არაფერი ჩაუდენია, აშშ-ისგან სანქცირება რომ ეკუთვნოდეს:
„უფ, არა უშავს, ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება, თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ, რა გავაკეთო. ძალიან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, ისეთი არაფერი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ რა ვქნათ. ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, თუ ეს ასეა, ძალიან დიდი უსამართლობაა.
რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა და შემეშინდა და რამე, არც ანგარიშები არ მაქვს მე არსად, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია, კანონი მე არ დამირღვევია და თუ ახლა აშშ-ში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, მე მგონი, ბაბუაჩემსაც არ უვლია, მაგრამ უცხოვრია კაცს ადამიანურად და გადაუტანია. არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები. რომ ეკითხათ, შეიძლება ეთქვა სასამართლოს თავის არგუმენტები…“ — ამბობს მურისიძე „მთავარ არხთან“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ე.წ. კლანის წევრ ქართველ მოსამართლეებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოახდინა მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.
„აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, — ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
ენტონი ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.
„ჩვენ ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება, იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.