ახალი ამბები

ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, მივაწვდით გარკვეულ ფაქტებს — გვრიტიშვილი

6 აპრილი, 2023 • 1834
ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, მივაწვდით გარკვეულ ფაქტებს — გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი და ე.წ. მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

ამის შესახებ მან დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. სხდომა მას შემდეგ დანიშნეს, რაც გუშინ, 5 აპრილს, 4 მოსამართლე, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და მათი ოჯახები აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა – „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო“.

გვრიტიშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია სანქციები, რადგან თავად მისი ქმედებაც არაფრით განსხვავდება აწ უკვე სანქცირებული მოსამართლეებისგან.

„ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და ირაკლი შენგელიას ისეთი განსხვავებული არაფერი გაუკეთებია ჩემგან, რასაც მეც ვაკეთებ. ჩვენ ვართ მოსამართლეები, ჩვენ კანონის საფუძველზე ვახორციელებთ მართლმსაჯულებას, ასევე ადმინისტრაციულ ფუნქციებს – იქნება ეს სასამართლოსა თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აქედან გამომდინარე, რაიმე განსხვავებას სტატუსის თვალსაზრისით ჩემსა და მიხეილ ჩინჩალაძესა და მურუსიძეს შორის ვერ ვხედავ. ამიტომ დავსვი ეს რიტორიკული შეკითხვა – რა ნიშნით გამოარჩიეს და დაასანქცირეს ეს ხალხი და არა მე, მაგალითად.

პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე.. უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. ამიტომ მას, როგორც ქვეყნაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მივმართეთ, მოგვისმინოს“, – დასძენს ის.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ გაუხარდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის წერილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მისწერა – „პირველი რეაგირება უკვე გააკეთა მთავრობამ“.

გვრიტიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ  პრემიერთან აპირებს ისაუბროს როგორც აშშ-ს  როგორც ელჩის, ასევე საელჩოს თანამშრომლის მაიკლ გრანტის და USAID -ის კანონის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელ გიორგი ჩხეიძის, ასევე არასამთავრობოების რეკომენდაციებზე მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით.  გვრიტიშვილის  თქმით,  ისინი „ძალიან აგრესიული ფორმით მათთვის მისაღები, ოღონდ ჩვენი მოსაზრებით, საერთაშორისო სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამო საკანონმდებლო წინადადების კანონად ქცევას ითხოვდნენ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით.“

წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი