ახალი ამბები

მურუსიძე განმარტავს, რატომ თქვა, რომ არც ბაბუამისს უვლია აშშ-ში

6 აპრილი, 2023 • 1578
მურუსიძე განმარტავს, რატომ თქვა, რომ არც ბაბუამისს უვლია აშშ-ში

აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე განმარტავს, რა იგულისხმა, როცა თქვა, რომ არც ბაბუამისს უვლია აშშ-სა და ევროკავშირში. მურუსიძის აზრით, ჟურნალისტებს არ ესმით, რას გულისხმობს თავის განცხადებებში.

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 3 ქართველ მოსამართლესთან ერთად,  მურუსიძე და მისი ოჯახი  აშშ-ის სანქციებში მოყვნენ “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო”.

უკვე დღეს, 6 აპრილს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალური სხდომა გაიმართა, რომლის დროსაც მურუსიძემ თქვა, რომ კორუფციის ბრალდება უსაფუძვლოა და აშშ-ის საელჩოს სურვილია, დაეუფლოს ქართულ სასამართლოს.

სხდომის შემდეგ მურუსიძემ ასევე განმარტა, რა იგულისხმა სანქციების დაწესებიდან მცირე ხნის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

“რა არის, იცით? ზოგადად, მიმაჩნია, რომ ვერ გებულობთ, მე რა განცხადებას ვაკეთებ. მაგალითად, გუშინ ვთქვი ასეთი რაღაც, რომ ბაბუაჩემიც არ ყოფილა-მეთქი ევროპაში.

მე ვიგულისხმე, რომ არ არის აუცილებელი, ადამიანი აშშ-ში იყო ნამყოფი, რომ იყო წესიერი, პატიოსანი. შეიძლება, ადამიანი არ იყოს არასოდეს ნამყოფი აშშ-ში, არ იყოს ნამყოფი ევროპაში, მაგრამ იყოს წესიერი, პატიოსანი და კარგი მოქალაქე”, — დასძინა მან.

აშშ-ის სანქციები შეეხოთ მოსამართლეებს, რომელთაც ხშირად იხსენიებენ ე.წ. სასამართლო კლანის წევრებად, სისტემაში მათი გავლენის გამო.

მურუსიძის გარდა, აშშ-ის სანქციები ორ მოქმედ მოსამართლეს — მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას, ასევე, ყოფილ მოსამართლეს — ვალერიან ცერცვაძეს.

ამავე თემაზე:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი