საზოგადოება

დარჩიაშვილი ქართველი ხალხის სახელით ბლინკენს სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს

6 აპრილი, 2023 • 994
დარჩიაშვილი ქართველი ხალხის სახელით ბლინკენს სანქციების გადახედვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა.

წერილის პირველ ნაწილში დარჩიაშვილი საუბრობს სასამართლოში „ქართული ოცნებისთვის“ დახვედრილ „მძიმე მემკვიდრეობასა“ და ვითარების გამოსწორების შესახებ, ხოლო ბოლო წერილში ვაშინგტონს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების სანქცირება „აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა“.

მოსამართლეების სანქცირებას საგარეო საქმეთა მინისტრი „სრულიად გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს“ და ამბობს, რომ გადაწყვეტილება „ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა“. დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახდეპი ან მტკიცებულებებს წარმოადგენს, ან გადაწყვეტილებას გადახედავს, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში:

„საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს“, – ნათქვამია წერილში.

მინისტრი ასევე მიუთითებს, რომ სანქციები არ დაუწესდათ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს:

„წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ“.

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისადმი „ერთდგულების დადასტურების“ შემდეგ, დარჩიაშვილი საუბრობს „უმძიმეს რეალობაზე“, რომელიც მმართველ პარტიას 2012 წელს დახვდა:

„სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული. 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება სჩადიოდა სისტემურ დანაშაულს.

25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა.

უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა“, – ნათქვამია წერილში.

როგორც დარჩიაშვილი ამბობს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება გამოსწორდა – „რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია“.

დარჩიაშვილის თქმითვე, კრიტიკოსებმა ვერ წარმოადგინეს კონკრეტული საქმეები, რომლებიც უსამართლოდ გადაწყდა.

წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ „ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე“. მინისტრი იშველიებს „IPSOS FRANCE-ის“ კვლევას და მასზე დაყრდნობით დასძენს, რომ

  • მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი;
  • 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო;
  • 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი.

სანქციები მოსამართლეების წინააღმდეგ

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს. სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

ოპოზიცია სანქციებს მიესალმება, მმართველის გუნდის ლიდერმა კი თქვა, რომ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

აშშ-ის მიერ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირების საპასუხოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება პირადად მისთვის „ძალიან ცუდი იქნება“, თუმცა „ცხოვრება გაგრძელდება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი