ახალი ამბები

„თქვენ ბრძანებდით, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა. იგივე პოზიცია გაქვთ?“ — მდინარაძე

31 მარტი, 2023 • 3157
„თქვენ ბრძანებდით, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა. იგივე პოზიცია გაქვთ?“ — მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პოზიცია შეახსენა.

„დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში მოვისმინეთ უკიდურესად ტენდენციური გამოსვლა და ამას თავისი კონკრეტული მიზნები გააჩნდა“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს, 31 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას.

მისი თქმით, 2011 წლიდან მოყოლებული დაიგეგმა სპეცოპერაცია „ქართული ოცნების“ პიარული გარუსების შესახებ და ეს გრძელდება დღესაც.

„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა მთავარ მიზნად დაისახა, ამ ნარატივს თავად შეუწყოს ხელი. მისი გამოსვლის მთავარი მიზანი ეს გახლდათ“, — თქვა მდინარაძემ.

მდინარაძე არ იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას, რომ საქართველოს მთავრობა ნაკლებად სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

„ჩვენ რომ სანქციებს მივერთებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეების დევნა დაგვეწყო, როგორც დევნიდნენ მათ თბილისის ქუჩებში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების და სოფლების ქუჩებში, ჩვენ რომ გვეძახა, ამ წვას [სირცხვილით] გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით, ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა?! რისკების დაზღვევა როგორ შეიძლებოდა, ამას, ალბათ, გვასწავლით“, — მიმართა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.

იგი გამოეხმაურა მეორე ფრონტის შესახებ ხელისუფლების განცხადებების კონსპირაციად მოხსენიებას პრეზიდენტის მიერ და სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს ომზეც იგივე პოზიცია აქვს თუ არა.

„2008 წელთან დაკავშირებითაც იგივე პოზიცია გაქვთ დღესაც? თქვენ ბრძანებდით 2018-ში, რომ მძინარე ცხინვალი დაბომბა სააკაშვილმა და მან დაიწყო ომი. აქაც თუ შეგიძლიათ, კონსპირაციის კონტექსტში რამე გვითხრათ. იმიტომ, რომ თუ დამთხვევებზე ვლაპარაკობთ, მათ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ეწერა 7 აგვისტო თარიღად, სადაც ეწერა ომის დანაშაულის დაშვება. აქ რა კონსპირაციას ჰქონდა ადგილი და თქვენი მაშინდელი სიტყვები ამას რატომ ემთხვეოდა?“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი 2008 აგვისტოს ომში, მათ შორის, ქართული მხარის ბრალეულობის შესახებ წლებია საუბრობდა და „ქართული ოცნება“ მის პოზიციას იზიარებდა. სიტყვა „მძინარე“ არ უხსენებია, თუმცა 2018 წელს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“. ეს განცხადება მან 2019 წელს, უკვე პრეზიდენტის რანგშიც გაიმეორა.

მასალების გადაბეჭდვის წესი