ახალი ამბები

ჩვენ საკუთარი რესურსიც გვყოფნის, სესხი საჭირო არაა – თურნავა

31 აგვისტო, 2021 • 1530
ჩვენ საკუთარი რესურსიც გვყოფნის, სესხი საჭირო არაა – თურნავა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც აცხადებს, რომ ევროკავშირისგან ფინანსური პაკეტის მეორე ტრანშის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

„საკითხი დგას მარტივად: დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ერთი მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა“, – განაცხადა მინისტრმა.

„ანუ ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომმელიც შეგვიძლია, ბევრ კარგ პროგრამას და საქმეს მოვახმაროთ. საგარეო ვალი კი ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ“, – თქვა მან.

„აქ ხომ საუბარია არა დახმარებაზე, არამედ საგარეო ვალზე. ეს არის სესხი. შესაბამისად, თუკი საკუთარი რესურსი გვაქვს, არ არის საჭირო, გავზარდოთ სესხი“, – ამბობს ნათია თურნავა.

„ვწუხვარ, რომ ამ უფრო მეტად ეკონომიკურმა საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა“, – განაცხადა მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.

ამის არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთი მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, მეორე მხრივ კი, საგარეო ვალის შემცირების სურვილს.

ევროკავშირი დახმარების პირობად ასახელებდა საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას, მათ შორის, სასამართლო რეფორმას.

ვრცლად:

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არ მიიღებს ევროკავშირისგან მიკროფინანსურ დახმარებას

მასალების გადაბეჭდვის წესი