ახალი ამბებიეკონომიკა

EU-ს შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი 0,125% იყო – დეტალები

9 სექტემბერი, 2021 • 3323
EU-ს შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი 0,125% იყო – დეტალები

საქართველომ უარი განაცხადა ევროკავშირის შეღავათიან სესხზე, რომლის პირველი ტრანშის წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 0,125% იყო.

“ნეტგაზეთმა” ფინანსთა სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, რამდენია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი 150 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების (რომლის პირველი ტრანში 75 მილიონი ევროს ოდენობით ჩარიცხულია, მეორე ტრანშზე კი საქართველომ უარი თქვა) საპროცენტო განაკვეთი და, ჯამში, რა ოდენობის თანხის დაბრუნება უწევდა საქართველოს 15-წლიან ვადაში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში ჩამორიცხული I ტრანშის ფინანსური პირობებია:

  • წლიური საპროცენტო განაკვეთი — 0.125%;
  • პროცენტის გადახდა — წელიწადში ერთხელ;
  • ვადიანობა — 15 წელი;
  • სესხის დაფარვის სქემა — ერთიანი დაფარვა ვადის ბოლოს;
  • დასაფარი ძირითადი თანხა – 75 000 000 ევრო;
  • გადასახდელი პროცენტი ტრანშის მთელი პერიოდის განმავლობაში — 1,406,250 ევრო (15 X 75 000 000 *0.125%).

ევროკავშირის სესხის ფარგლებში თითოეული ტრანშის პირობების შეთანხმება ხდება ტრანშის ჩამორიცხვის წინ. 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — საქართველოს შემოდგომაზე უნდა მიეღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს თანხა არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

“არ ვიცი, ასეთმა ღარიბმა ქვეყანამ, როგორც საქართველოა, როგორ უნდა თქვა უარი ასეთი შეღავათიან და გრძელვადიან კრედიტზე, მით უფრო მაშინ, როდესაც 500 მილიონი ობლიგაციების ემისიას ახდენ და საბაზრო განაკვეთით იღებ სესხს მსოფლიო ბაზარზე. ამაზე არ ვამბობთ უარს და გრძელვადიან და შეღავათიან კრედიტებზე ამბობ უარს?! ევროკავშირის სესხზე უარის თქმა არ არის მხოლოდ ამ 75 მილიონ ევროზე უარის თქმა, მაგრამ ყველა სხვა ფაქტორიც რომ მოვაშოროთ და მხოლოდ ვიწროფინანსური ნაწილი დავტოვოთ, მთავრობის გადაწყვეტილება ადეკვატური არ არის”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია.

ცომაია მიიჩნევს, რომ საკითხი გაცილებით კომპლექსურია, თუმცა მარტო ფინანსურიც რომ იყოს, საქართველოს შეეძლო მიეღო ეს 75 მლნ ევრო და ამ მაკროფინანსური დახმარებით გადაეფარა უფრო მაღალპროცენტიანი სესხები, შეევსო ბიუჯეტის შემოსულობები, სანამ ახალი შემოსულობა გაჩნდებოდა, რეზერვი შეექმნა და სხვა.

“ეს არის ფინანსური რესურსი, რომელზე უარის თქმაც ამ შემთხვევაში სიგიჟის ტოლფასია”, — დასძენს იგი.

ამასთან, ცომაია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა გაცილებით მეტია, ვიდრე 75-მილიონევროიანი დანაკლისი ქართული ეკონომიკისთვის. ის მიიჩნევს, რომ ევროკაშირის მაკროფინანსური დახმარებისადმი საქართველოს მთავრობის მიერ გამოვლენილი მიდგომა მომავალში გავლენას იქონიებს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ საქართველოსთვის შეღავათიანი კრედიტების გამოყოფაზე.

“ევროკავშირის სესხი არ უნდა განვიხილოთ როგორც მხოლოდ ევროკავშირის სესხი, ვინაიდან ევროკავშირის სესხებზე და ამ სესხებთან დაკავშირებულ მიდგომებზე არის დამოკიდებული ბევრი სხვა, დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც საქართველოს (ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის) სთავაზობს მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი… ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სავალუტო ფონდი გვაწვდის საერთაშორისო რეზერვებს. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამ კრედიტებს გვაძლევენ არა იმისთვის, რომ კომერციული ინტერესი გააჩნიათ, არამედ იმისთვის, რომ განვვითარდეთ.

ზოგადად, თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებით უარს სესხის აღებაზე და იმ დახმარებაზე, რომელიც ძალიან გვჭირდება, სხვანაირად ვერ განვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურა… ეს კონკრეტული კრედიტები მიზნობრივია და საუბარია  არა მხოლოდ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე, არამედ სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, რაც გულისხმხობს რეფორმებზე გამოყოფილ გრძელვადიან სესხებს. თუ საქართველოს მთავრობას და ქვეყანას არ სურს განვითარება, დემოკრატიული რეფორმები და ცივილიზებულ საზოგადოებებში ყოფნა, მაშინ რატომ უნდა მისცენ ეს კრედიტები? რესურსი შეზღუდულია, სხვა სახელმწიფოებისთვის — უკრაინისთვის, მოლდოვასთვის — გამოიყენებენ უფრო მეტად”, — ამბობს ცომაია.

აკაკი ცომაიას შეფასებით, ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონ ევროზე უარის თქმა, პირველ რიგში, რეფორმების განხორციელებაზე უარს ნიშნავს.

“თუ ჩვენ არ გვსურს რეფორმის განხორციელება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, ეს უფრო მეტად სიგნალია, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. პირველ რიგში, ეს საშიშროება უნდა დავინახოთ ევროკავშირის დახმარებაში უარის თქმაში”, — დასძენს ცომაია.

წინაისტორია

2020 წლის აპრილში საქართველომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარება ითხოვა. მაკროფინანსური დახმარება კრიზისებზე საპასუხოდ ევროკავშირის მიერ შემუშავებული დახმარების საგანგებო ინსტრუმენტია და ხელმისაწვდომია ევროკავშირის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსის სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, თუმცა დახმარების მიღება დამოკიდებულია პოლიტიკური წინაპირობის შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

2020 წლის 25 მაისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის გამოეყო მაკროფინანსური დახმარება 150 მილიონამდე ევროს სესხის სახით. თანხა ორ თანაბარ ტრანშად გადანაწილდა — პირველი 75-მილიონიანი ტრანშის მიღება დამოკიდებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) შეთანხმებული ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე და ეს თანხა საქართველომ გასული წლის ბოლოს მიიღო, მეორე 75 მილიონის ჩარიცხვა კი დამოკიდებული იქნებოდა ევროკომისიის დადებით შეფასებაზე საქართველოს მიერ ნაკისრი 7 წინაპირობის შესახებ, რომელთაგან მთავარი შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში — 75 მილიონი ევრო — საქართველოს შემოდგომაზე უნდა მიეღო, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ეს თანხა არ მიიღოს. ამის არგუმენტად ღარიბაშვილმა დაასახელა მაღალ ეკონომიკურ ზრდის ფონზე საგარეო ვალის შემცირების სურვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმის “პოლიტიკური დატვირთვა” მმართველ გუნდს გაცნობიერებული აქვს, თუმცა “სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია”. “ქართული ოცნება” შეეცადა, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, კიდევ ერთი პირობის გატეხვისა და ამ ნაბიჯის მოსალოდნელი შედეგებიდან დისკუსია სწორედ ვიწროფინანსურ ჭრილში წამოეწყო და აქცენტი სესხზე გადაეტანა.

“კარგია, რომ სიტყვა შევცვალეთ და დახმარების ნაცვლად ვთქვით ვალი. დიახ, ვალია და სესხი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ ეს სესხი აღარ იყო საჭირო”, – თქვა პრემიერმა.

„არცერთი ლარი, არცერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. თუმცა „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხადყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა და IBRD-ისგან დამატებით, ჯამში, 113 700 000 ევრო ისესხა.

სასესხო ხელშეკრულებებისა და საგრანტო შეთანხმებების გარდა, მთავრობა სწორედ წელს გახდა იძულებული, ძველი ევრობონდების დასაფარად ახალი ევრობონდები გამოეშვა, ანუ 1,7 მილიარდი ლარის სესხი/ვალი აეღო. ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები სწორედ ვალის აღების ფორმებია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ევრობონდების გამოშვება 2021 წლის 15-21 აპრილს განხორციელდა. საქმე ის არის, რომ ადრე გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები საქართველოს 2021 წლის აპრილში უნდა დაეფარა. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, ძველი ვალი ახალი ვალით დაეფარა.

ევროკავშირმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საქართველომ ისედაც ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. შესაბამისად, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ქართულმა მხარემ, რომელიც მაკროფინანსური დახმარებას ისედაც ვერ მიიღებდა, ბრიუსელს განცხადების გაკეთება დაასწრო.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თუნდაც ფინანსურ ჭრილში ”ვალის შემცირების არგუმენტი ანალიზს ვერ უძლებს”, ხოლო ეკონომიკური შედეგები სესხის აღება—არაღებით არ შემოიფარგლება და აქ მთავარია ქვეყნის რეპუტაცია და სანდოობა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

ამავე თემაზე გირჩევთ

https://batumelebi.netgazeti.ge/news/357909/?fbclid=IwAR20pPGzFV5HMVOJiQln4NLykfKGNGA_PZ6UESfgGS-VABzUv5A3zZt9CR4

მასალების გადაბეჭდვის წესი