ახალი ამბები

„ჩვენ დავარბილეთ“ — კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

16 თებერვალი, 2023 • 1813
„ჩვენ დავარბილეთ“ — კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ჩვენ დავარბილეთ“ —განაცხადა  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „უცხოეთის გავლენის აგენტის“ კანონპროექტზე, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ მოამზადა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად.

ასე უპასუხა კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისს, რომელმაც თქვა, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ეფუძნება არა აშშ-ში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA), არამედ მსგავსია რუსული და უნგრულ კანონმდებლობის.

კობახიძის მოსაზრებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგი ნამდვილად არ არის, რადგან ამერიკული კანონი ევროპულ სივრცეში რომ იყოს გადმოტანილი, „ის ადამიანის უფლებების სტანდარტებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა“.

„ევროპული კანონმდებლობისგან განსხვავებით, ამერიკული კანონი ბევრად უფრო უხეშია, ჩვენ დავარბილეთ და საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს საქართველოში განხილული, ეს არის მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

შეიძლება, ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს და ის ამით დაინტერესდა. მე ნამდვილად არ ვკითხულობ რუსულ კანონებს, ეს ინტერესი უბრალოდ არ მაქვს.

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, მაშინ უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე მე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, მე რაც მაქვს წაკითხული, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი