საზოგადოება

სოზარ სუბარი სოზარ სუბარის წინააღმდეგ

18 ნოემბერი, 2022 • 6475
სოზარ სუბარი სოზარ სუბარის წინააღმდეგ

პარლამენტარი სოზარ სუბარი, რომელიც წლების წინ პროდასავლური, ლიბერალური „თავისუფლების ინსტიტუტის“ პროგრამის დირექტორი იყო, ამჟამად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებითაა დაკავებული.

„ვარდების რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი წვლილის მქონე ორგანიზაციის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი ახლა საქართველოში შეერთებული შტატების „მავნე გავლენებზე“  საუბრობს და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას“ ითხოვს.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში თვალს გადაავლებს მის ტრანსფორმაციას „თავისუფლების ინსტიტუტის“ ლიდერობიდან და სახალხო დამცველობიდან, „ქართული ოცნების“ გავლით, ანტიდასავლური „ხალხის ძალის“ შექმნამდე და ცდილობს გაარკვიოს, რა განაპირობებს მისი შეხედულებების ცვლილებას.


„ხალხის ძალის“ პრესცენტრთან ორკვირიანი ურთიერთობისა და სოზარ სუბართან ინტერვიუს ჩანიშვნის მცდელობის მიუხედავად „ნეტგაზეთს“ არ მიეცა მასთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა. დეპუტატს რამდენიმე საკითხზე  „ნეტგაზეთმა“ პარლამენტში  17 ნოემბერს ჰკითხა, თუმცა „ნეტგაზეთის“ კითხვების შემდეგ სუბარმა მალევე დატოვა ჟურნალისტების გარემოცვა.

„ხალხის ძალა“

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ანტიდასავლური რიტორიკის შემდეგ, დასავლეთიდან „ოცნების“ გაძლიერებული კრიტიკის ფონზე, 2022 წლის ივნისის ბოლოს მმართველ პარტიას ფორმალურად გამოეყო სამი დეპუტატი – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე (ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი) და მიხეილ ყაველაშვილი.

ხალხის ძალა

„ოცნებიდან“, – როგორც პარლამენტიდან, ისე რეგიონული ორგანიზაციებიდან, – გასულთა რაოდენობა თანდათანობით გაიზარდა. ამჟამად, „ხალხის ძალის“ თანახმად, პოლიტიკურ მოძრაობაში 200-ზე მეტი წევრია. მათ უკვე აქვთ საკუთარი მედიაპლატფორმა – „პოსტივი“ [PosTV].

„ხალხის ძალა“ აქტიურად აგრძელებს ანტიდასავლური კონსპირაციული თეორიების გავრცელებას „საქართველოს ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე“ და სხვა საკითხებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების “გამკაცრება”

„ოცნებიდან“ გასულების რიტორიკა სულ უფრო და უფრო დაუახლოვდა ულტრამემარჯვენე და პრორუსული ჯგუფების ნარატივებს. მაგალითად, მათი ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციების, – მათი სიტყვებით, „აგენტურის“, – დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევისკენ“ მოუწოდებს ხელისუფლებას.

18 ნოემბერს გამოცხადებულ ამ ინიციატივას წინ უძღოდა:

  1. აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ განხილვაზე მთავრობისადმი მწვავე შეფასებები (მაგალითად, სენატორი ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ დემოკრატიულ უკუსვლას, მაშინ როცა აშშ მნიშვნელოვნად ეხმარება თბილისს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად);
  2. ამ შეფასებებზე და საქართველოსადმი შტატების ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების შესახებ საუბარზე პასუხად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შტატების დაფინანსების „უდიდესი ნაწილი NGO-ებს მიემართება და მათ უნდა იღელვონ“.

გირჩევთ წაიკითხოთ: კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის დახმარება პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა

„ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან „ენჯეოების“ დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა 18 ნოემბერს „ხალხის ძალამ“. ეს პოლიტიკური ჯგუფი რამდენიმე კვირაა საუბრობს „ამერიკის აგენტებზე“.

წინა დღით პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა და ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ამერიკისგან გამოგზავნილი თანხის უდიდესი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ და უმჯობესი იქნება, თუკი ისინი ამ თანხას აღარ მიიღებენ.

სოზარ სუბარი

„თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება“, – განაცხადა სუბარმა და დასძინა:

„თუ ამერიკის დახმარების ეს ნაწილი შემცირდება … და თუ არ დაიწყებენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში“.

სოზარ სუბარი – „ენჯეოების“ ძველი სახე და „ხალხის ძალის“ ლიდერი

ამ განცხადებაში მის შინაარსზე მეტად საინტერესო მისი ავტორია.

სოზარ სუბარი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ადამიანის უფლებებს, – და ამას, მათ შორის, სწორედ დასავლური დაფინანსებით აკეთებდა და ისეთივე თავდასხმების ობიექტი იყო, როგორსაც ახლა თავად ახორციელებს „ხალხის ძალა“, – ამჟამად თავად არის თავდამსხმელი.

1964 წელს დაბადებული სუბარი, – განათლებით თეოლოგი, რომელიც 80-90-იანი წლების მიჯნაზე და შემდგომ პერიოდში, 1995 წლამდე, დიაკვნად მსახურობდა დავითგარეჯის მონასტერში, დმანისის სიონსა და თბილისის ერთ-ერთ ტაძარში, – 1996-2003 წლებში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და არაერთ გამოცემასთან/რედაქციასთან თანამშრომლობდა. ამავე პერიოდში იყო „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი („რადიო თავისუფლება“ შეერთებული შტატების მთავრობის დაფუძნებულია).

პარლამენტარი, – რომელიც ახლა არასამთავრობოებს უტევს, – 2003-2004 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“. მას მხოლოდ 2004 წელს, პირველ 9 თვეში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 1200 ლარი „თავისუფლების ინსტიტუტისგან“, პროექტის „კანონის უზენაესობისთვის“ [გრაფაში რიცხვებში უწერია 12000 ლარი, თუმცა სიტყვიერად – ათას ორასი].

გარდა ამისა, იმავე წელს სუბარს „თავისუფლების ინსტიტუტისგან“ დამატებით 600 ლარი აქვს ჰონორარად მიღებული წიგნის რედაქტორობისათვის, „გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები“. ორგანიზაცია დასავლელი დონორებისგან ფინანსდებოდა.

2004 წელსვე სოზარ სუბარს „ღია საზოგადოების ფონდისგან“ მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთი სპექტრის პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის. „ღია საზოგადოების ფონდი“ ჯორჯ სოროსის დაფუძნებულია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება აქვს სოზარ სუბარის მეუღლეს, თამარ ყუბანეიშვილსაც. კერძოდ, საჯარო დეკლარაციების თანახმად, 2012-2016 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში“ პროექტის კოორდინატორისა და მედიაპროექტების მენეჯერის პოზიციებზე მუშაობისთვის მას 77 146 ლარი აქვს მიღებული.

„NGO-ები მნიშვნელოვანია, როცა კარგ საქმეს აკეთებენ“

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, როგორ მიაჩნია ამ გადმოსახედიდან, – როდესაც იგი „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობდა და „ღია საზოგადოების ფონდისგან“ ჰონორარს იღებდა, ეწეოდა თუ არა მაშინ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას,- სოზარ სუბარმა განაცხადა:

„არასამთავრობო ორგანიზაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ისინი აკეთებენ კარგ საქმეს. მაგრამ როდესაც, ვთქვათ, ქალბატონი [ეკა] გიგაური ამბობს, რომ არავინ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიღებული ფული, რამდენი აქვთ მათ ხელფასი და ა.შ., ორმაგი სტანდარტია და ნდობა დაბალია… როდესაც დგანან მიტინგზე და ამბობენ, „24 საათს ვაძლევთ პრემიერ ღარიბაშვილს, სანამ გადადგება, თუ არადა მოვაწყობთ არეულობას“, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და თუ ვინმე ასეთ რამეს აფინანსებს, ეს არასწორია“.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „თავისუფლების ინსტიტუტის“ მუშაობის  ერთ-ერთი მიმართულება რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა იყო, რის გამოც მას საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი აკრიტიკებდა, რადიკალური ძალები კი ფიზიკურად ძალადობდნენ.

 

„ვარდების რევოლუციის“ დროინდელი კადრი, თბილისი, 2003 წელი

„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის რეპლიკას, – რომ აღნიშნულ პერიოდშიც იყო საზოგადოებისა და ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი, რომელიც იმავე არგუმენტებით ებრძოდა „თავისუფლების ინსტიტუტს“, რასაც ახლა „ხალხის ძალა“ და თავად სუბარი იშველიებენ, – პარლამენტარი ასე გამოეხმაურა:

„ჟურნალისტი როცა მანიპულაციას აკეთებს, ეგ არის წარმოუდგენელი რაღაცა. როცა ადამიანი იცავ დაჩაგრულ ადამიანს, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური თუ ნებისმიერი უმცირესობა, ეს არის ერთი მხარე, – და ღმერთმა დაგვიფაროს, ოდესმე ამაზე უარი ვთქვათ, – და მეორეა, როდესაც ადამიანი გამოდის და ამბობს, 24 საათს ვაძლევ პრემიერ ღარიბაშვილს გადადგომამდეო. რატომ ურევთ ერთმანეთში ამ ორ რამეს? ეს არის არაკეთილსინდისიერი მანიპულაცია“.

„თავისუფლების ინსტიტუტი“ 1996 წელს დაფუძნდა, – „რუსთავი 2-ის“ მაუწყებლობის დროებითი შეწყვეტის შემდეგ, – და მუშაობდა ადამიანის უფლებებზე, მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე, რელიგიური უმცირესობების უფლებებსა და სხვა არაერთ საკითხზე.

ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც, მისი ყოფილი წევრების თანახმად, 1990-იანი წლების ბოლოდან „განსაზღვრა დისკურსი, რომელმაც მოამწიფა ვარდების რევოლუცია“. „თავისუფლების ინსტიტუტს“ უკავშირდება ასევე მოძრაობა „კმარა“.

მარცხნიდან მარჯვნივ: დავით პაიჭაძე, სოზარ სუბარი, გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი

„თავისუფლების ინსტიტუტის“ დამფუძნებლები და ლიდერები იყვნენ გიგა ბოკერია [ევროპული საქართველო], ლევან რამიშვილი („ტაბულას“ დამფუძნებელი), ჟურნალისტი დავით პაიჭაძე, „რესპუბლიკელების“ ყოფილი ლიდერი დავით ზურაბიშვილი და სხვები.

„ხალხის ძალა“ ახლა „ვარდების რევოლუციასაც“ აკრიტიკებს და  მას სწორედ შეერთებული შტატების საელჩოს უკავშირებს.  8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში „ხალხის ძალის“ ლიდერები წერენ, რომ:

  • „90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ, შევარდნაძის იძულებითი თანხმობით, თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში [შეიყვანა];
  • „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად კი შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით „ენჯეო“ და რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა“.

სოზარ სუბარს საერთო წარსული ყოფილმა თანამებრძოლმა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამაც გაახსენა და ხაზი გაუსვა „ხალხის ძალის“ არგუმენტების კომიკურობას.

მას შემდეგ, რაც „ხალხის ძალამ“ განაცხადა, რომ 2013 წელს „ამერიკის ორი აგენტი საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული“, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბარში ასე იხუმრა:

„[ხალხის ძალის 8 სექტემბრით დათარიღებულ წერილში] ნათქვამია, რომ 2013 წელს ორი ჯაშუში იხსნა ამერიკამ. ერთში რომ მე ვიგულისხმები, გასაგებია და მეორე ვერ გამოვთვალე, ვინ არის. გვითხრან. არ შეიძლება საზოგადოების ასე დაინტრიგება. საინტერესო ამბავიც მაქვს: თავის დროზე, „თავისუფლების ინსტიტუტში“ რომ ვიღებდით, მე გავუწიე სოზარ სუბარს რეკომენდაცია ჩვენს კოლეგა სპეცსამსახურებთან. ძალიან გამიჭირდა, რომ მიეღოთ, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამო… თუ შეიძლება, ამ ჩემს განცხადებაში სერიოზულად მიიღეთ მხოლოდ სოზარის ინტელექტზე ნაწილი“…

„ეკლესიის წინააღმდეგ“ და „ეკლესიის დასაცავად“

სოზარ სუბარი სახალხო დამცველი 2004 წლის სექტემბერში გახდა, „თავისუფლების ინსტიტუტში“ მუშაობის შემდეგ. ომბუდსმენობისას, 2004-2009 წლის განმავლობაში, – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებების ხელყოფის პრაქტიკა დიდ მასშტაბებს აღწევდა, – სოზარ სუბარი აქტიურად საუბრობდა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ხელისუფლების წინააღმდეგაც ხშირად გამოდიოდა.

სწორედ სოზარ სუბარის ომბუდსმენობის პერიოდში მომზადდა კრიტიკული ანგარიშები პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების წამების, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ძალის გადამეტებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვა ფაქტების (მაგალითად, სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეების) შესახებ.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სოზარ სუბარს არაპოპულარული პოზიცია ეკავა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა იყო – საკითხი, რაც დღემდე ვნებათაღელვას იწვევს.

კერძოდ, სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმება („კონკორდატი“) არაკონსტიტუციური იყო, – ის არღვევდა თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რადგანაც „კონკორდატი მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით“ (2005 წლის დეკემბერი).

მანამდე, 2004 წლის ნოემბერში, სოზარ სუბარმა დაიცვა სასულიერო სემინარიის სტუდენტები ეკლესიასთან დაპირისპირებისას. მას შემდეგ, რაც 23-მა სტუდენტმა მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს ღია წერილი გაუგზავნა ეკლესიაში რეფორმების გატარებისკენ მოწოდებით, სტუდენტები ძლიერი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდნენ. საპატრიარქოს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „ის, ვინც ეკლესიას აკრიტიკებს, სიწმინდისა და ღვთის წინააღმდეგ მიდის“.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან“ (IWPR-თან) საუბარში სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ „ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციური უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი, მიუხედავად იმისა, თუ სად არის სტუდენტი“, და თქვა: „სტუდენტების წერილზე რეაქცია ძალიან მაშფოთებს“.

2022 წელს „ხალხის ძალა“, – რომელსაც სოზარ სუბარი ხელმძღვანელობს, – შეერთებული შტატების საელჩოს ბრალს სდებს „ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის დაკვეთაში“.

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებაში“

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, სოზარ სუბარი პოლიტიკაში მოვიდა.

2009 წლის სექტემბერში იგი შეუერთდა „რესპუბლიკური პარტიის“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ახალ ალიანსს. მომდევნო წელს ეროსი კიწმარიშვილთან, ლევან გაჩეჩილაძესთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად „ქართული პარტია“ დააფუძნა.

ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ველზე შემოსვლისას ამ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძველი, 8 წელზე მეტხანს შემორჩენილი სახე იყო მმართველ პარტიაში.

ადამიანის უფლებებზე მუშაობის მისი გამოცდილების გათვალისწინებით, „ოცნების“ ხელისუფლებში მოსვლიდან მალევე დაინიშნა სასჯელაღსრულების მინისტრად. შემდეგ, 2014-18 წლებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების მინისტრი იყო, 2018 წელს კი მთავრობის ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითარების საკითხებზე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს, 2 წლის შემდეგ კი „ქართული ოცნება“ ფორმალურად დატოვა.

წლების განმავლობაში იგი აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პროდასავლურია. მაგალითად, 2016 წლის 2 თებერვალს „ტვ პირველთან“ საუბარში, – სადაც მაშინდელი მთავრობის პროდასავლურობის მტკიცება უწევდა, – სუბარმა გააკრიტიკა ანტიდასავლური მანიპულაციური გზავნილი „პროქართულობის“ შესახებ და განაცხადა, რომ ვინც ამაზე საუბრობს, ხალხს ატყუებს:

„ხშირად ამბობენ, რომ არც პროდასავლური ვარ და არც პრორუსული. პროქართული ვარ. პროქართულობა დღეს ნიშნავს დასავლეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციას, ეს არის დღეს საქართველოს ინტერესი… საქართველოს ინტერესის გატარება არის საგარეო პოლიტიკაში მაქსიმალური ინტეგრაცია დასავლეთთან, როგორც ევროკავშირთან, ისე ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან, ნატოსთან, ხოლო ქვეყნის შიგნით არის ამ დასავლური ღირებულებების, დემოკრატიული ღირებულებების რაც შეიძლება მეტად დანერგვა ქვეყანაში“. ეს არის პროქართული კურსი ყველაზე მეტად და გულისხმობს, რაც შეიძლება მჭიდრო, სწრაფ, ძლიერ ინტეგრაციას დასავლეთთან. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან პროქართულები და არ არიან პროდასავლურები, ისინი ატყუებენ ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს. რეალურად, პროქართული კურსი ეს არის პროდასავლური კურსი საქართველოში, დასავლური ღირებულებების ერთგულება და ამას აკეთებს მთელი მთავრობა“.

ამჟამად „ხალხის ძალა“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს პროდასავლურ კურსს.

„ერთი სხეულის ორი ხელი“

პოლიტიკურმა მოძრაობამ რამდენიმეთვიანი არსებობის განმავლობაში უკვე მოასწრო შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობა, – საქართველოს „დასავლეთიდან ომში ჩაბმის“ კონსპირაციით, აშშ-ს ელჩის – კელი დეგნანის კრიტიკითა და ანტიდასავლური რიტორიკით.

პოლიტიკის კომენტატორები მიუთითებენ, რომ „ხალხის ძალის“ გაჩენა „ქართული ოცნების“ ზომიერ პარტიად წარმოჩენა იყო (მაგალითად, სოციოლოგის, პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის სიტყვებით, – „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ „ერთი სხეულის ორი ხელია“). თუმცა შეერთებული შტატების მთავრობაში არ გამორჩენიათ კავშირი „ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმა 17 ნოემბერს სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ბენ კარდინის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ ელჩი დეგნანის კრიტიკა „ზოგიერთი ჯგუფისგან, რომელიც … დაკავშირებულია მთავრობასთან … ძირს გამოუთხრის [აშშ-საქართველოს] პარტნიორობას“.


„ხალხის ძალის“ ჩამოყალიბების მიზანი, დეპუტატების თანახმად, საზოგადოებისთვის „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა“ და ქვეყნის „ომში ჩათრევაზე“ „მეტი ინფორმაციის გავრცელება“ იყო.

„ოცნებიდან“ გასვლის მიუხედავად, ყველა პარლამენტარი აგრძელებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობაში და ერთად ატარებენ შეხვედრებს.

დეპუტატები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი იდეოლოგიური განსხვავება არა აქვთ, მათსავით ფიქრობენ საკვანძო საკითხებზე და, უბრალოდ, იმაზე ვერ თანხმდებიან, „რა დოზით“ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას – ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ „ვის სურს საქართველოს ომში ჩათრევა“.

სუბარი-ხუნდაძე-ყაველაშვილის სამეული ჯერ ოთხეულად იქცა (დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის შეერთების შედეგად), შემდეგ კი კიდევ უფრო გაფართოვდა: ამჟამად, „ხალხის ძალის“ თანახმად, პოლიტიკურ მოძრაობაში 200-ზე მეტი წევრია.

წევრების გამრავლების ფონზე, პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად უკვე ფლობს საკუთარ მედიას – შალვა რამიშვილისა და მისი პარტნიორების დაფუძნებული ტელევიზია „პოსტივი“ 4 ოქტომბერს 520’000 ლარად იყიდა „ხალხის ძალას“ ახლად შეერთებულმა, არაერთი მოწვევის პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ.


შესწორება: მასალა 19 ნოემბერს დაზუსტდა სუბარის მიერ დეკლარაციაში მითითებული თანხის დასაზუსტებლად – რიცხვებში 12000 ლარია მითითებული, სიტყვიერად – ათას ორასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი