ახალი ამბები

„დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“ – საია გალერეაში მხატვრის მიერ წარწერის გაკეთებაზე

13 თებერვალი, 2023 • 1290
„დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს“ – საია გალერეაში მხატვრის მიერ წარწერის გაკეთებაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ  ეროვნულ გალერეაში წარწერის გაკეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ  საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს,  რომლითაც მხატვრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

კერძოდ,  წარწერის გამო შსს  მხატვარს ქურდობის მუხლით ედავება.

საია განმარტავს, რომ ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება.

„შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით იმთავითვე არასწორია. დამატებით ხაზგასასმელია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლისსამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა.

ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე“, – აცხადებს საია.

საიას განცხადებით, ვინაიდან სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს.

საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

საია ხაზს უსვამს, რომ  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რის შედეგადაც, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან.

საია აღნიშნავს იმასაც, რომ 12 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია.

„როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც მან მიიღო ფიზიკური დაზიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო აქტებით. შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას“, – აცხადებს საია.

საიას განცხადებით,  სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. მათი თქმით,  ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება“, – აცხადებს საია.


მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში გაკეთებული წარწერის გამო შსს-მ ხელოვანს ბრალი ქურდობის მუხლით  წაუყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელოვანები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარ ფაქტზეზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე საღებავით გააკეთა წარწერა: “ხელოვნება უნდა იყოს თავისუფალი”.

მეორე დღეს ეროვნული გალერეის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ აღადგინეს იმ კედლის პირვანდელი სახე, რომელიც სულაბერიძის ქმედებით “დაზიანდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი