ახალი ამბები

რა დაადგინა სასამართლომ უგულავას წინასწარი დაკავების საქმეზე

9 თებერვალი, 2023 • 1432
რა დაადგინა სასამართლომ უგულავას წინასწარი დაკავების საქმეზე

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი დაკავების საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სტრასბურგში, ჯამში, 5 ეპიზოდზე დავობდა, რომლებიც შეეხებოდა 2014-2015 წლებს და მის პირველ დაკავებას. სადავო 5 ეპიზოდიდან 2 მის სასარგებლოდ გადაწყდა, ხოლო 3 – სახელმწიფოს.

კერძოდ, სასამართლომ საქმეში ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 ში. ამასთან, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა, მე-18 მუხლის დარღვევა ვერ დაინახა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2012 და 2015 წლებში გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და ბრალი წარედგინა ფინანსურ დანაშაულში. მას ედავებოდნენ ქონების მიტაცებას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ფულის გათეთრებას თბილისის მერობის პერიოდში.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე უგულავა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უგულავა წინასწარ პატიმრობაში ყოფილიყო. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივ დონეზე სასამართლოების მსჯელობა არ ტოვებს მიკერძოებულობის განცდას.

რაც შეეხება 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე პერიოდში უგულავას წინასწარ პატიმრობას, თბილისის ყოფილი მერი დავობდა, რომ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ზემოხსენებულ პერიოდში უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში. ამ ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა უგულავას სარჩელი და მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი. სასამართლოსვე გადაწყვეტილებით, დარღვეულია მე-5 მუხლის მე-3 ნაწილიც, რადგან 2015 წლის 18 თებერვალს სასამართლოს არ დაუსაბუთებია მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელების აუცილებლობა.

რაც შეეხება კონვენციის მე-18 მუხლს (მე-5 მუხლთან კავშირში), სასამართლოს თანახმად, მოსარჩელე აცხადებდა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა უკავშირდებოდა პოლიტიკურ აქტივობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ გამოკვეთილა სათანადო მტკიცებულება, რომელიც მე-18 მუხლის დარღვევაზე მიუთითებდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით, გონივრული ეჭვი არსებობდა, რომ მისი თავდაპირველი დაკავება შესაძლოა ამით ყოფილიყო მოტივირებული, თუმცა საქმის შესწავლის ფარგლებში არ გამოკვეთილა რაიმე „ფარული მოტივი“ გიგი უგულავას დაკავებისას. სტრასბურგის სასამართლოს თქმით, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი არ არის საკმარისი იმის დასადგენად, იყო თუ არა უგულავას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული და აღნიშნავს, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები უგულავას არ წარუდგენია ადგილობრივი სასამართლოებისთვის. შესაბამისად, სასამართლომ ამ მხულის დარღვევა არ დაადგინა.

საბოლოოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დააკისრა უგულავასთვის 10 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ თავად გიგი უგულავა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ  2014 წლის ივლისში უგულავას დაკავება ეფუძნებოდა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის დასაბუთებულ ვარაუდს, რომელიც დასტურდებოდა პროკურატურის მიერ მოპოვებული არაერთი მტკიცებულებით:

„სასამართლომ განმარტა, რომ მაღალი პოლიტიკური სტატუსი არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან იმუნიტეტის მინიჭებას. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სასამართლოების აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას და აღნიშნა, რომ არ ყოფილა წარდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ეროვნული სასამართლოების დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ზემოხსენებული პროცესები არ ემსახურებოდა მომჩივნის პოლიტიკური სცენიდან გაყვანას“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

რაც შეეხება 9 თვეზე მეტხანს წიანსწარ პატიმრობაში ყოფნის საკითხს, უწყებაში ამბობენ, რომ ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში, მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის გასვლის შემდგომ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ:

„აღსანიშნავია, რომ ორივე საკითხი დღესდღეობით მოქმედი კანონმდებლობითა და პრაქტიკით არის აღმოფხვრილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიცვალა პარალელურად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა. გარდა ამისა, განგრძობადი პატიმრობისას, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ავტომატურად, ორ თვეში ერთხელ ხდება პატიმრობის გაგრძელების საჭიროების გადასინჯვა“ ,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ პრაქტიკულად გამორიცხა 9 თვეზე მეტხანს წინასწარი პატიმრობის კანონიერება, რაც მისი თქმით, აბათილებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსჯელობას, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში მას წინასწარი პატიმრობით კვლავ დააკავებენ:

„მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. მთავარი, რაც მიხარია, არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა – რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს“, – ამბობს გიგი უგულავა.

გარდა აღნიშნულისა, გიგი უგულავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე აქვს გაგზავნილი, რომელიც 2020 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს უკავშირდება.

კერძოდ, 2020 წლის 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო  „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში  და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება მაშინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომლის კოლეგიაში შედიოდა ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. სასმართლოს მიმდინარეობისას, უგულავას დაცვის მხარე შალვა თადუმაძის აცილებასაც ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი