ახალი ამბებიკომენტარი

არის თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი? 

10 მაისი, 2020 • 5462
არის თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი? 

“საქართველოში პოლიტმატიმრები არ არსებობენ, წერტილი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპარლამენტარ  ანდრიუს კუბილიუსის კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც წერტილს არ სვამს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის საკითხზე. 

8 მაისს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმება. 

“სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები არ ყოფილა სათანადოდ პასუხგაცემული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”, – ამბობს კუბილიუსი.

2020 წლის 8 მარტს სხვადასხვა ქვეყნების ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამი იყო განცხადებაში.

ამ შეთანხმების შემდეგ ოპოზიცია მოელოდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა ლიდერები, თუმცა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვერავითარ დაპირებას ვერ გასცემდნენ ვინმეს გათავისუფლებაზე. 

არის თუ არა გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარი? ან სხვაგვარად, იყო თუ არა მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული? ესაა კითხვა, რომელიც აქამდეც ისმოდა და მომავალშიც დაისმება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახლახანს გამოაქვეყნა 32 გვერდიანი ანგარიში – თბილისის ყოფილი მერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ სამართლებრივი შეფასება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ზოგადი შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადის დარღვევის შემდეგ, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვის უსწრაფესად დაწყება, პოლიტიკური აქტიურობის დროისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ახალი ბრალის წარდგენის თანხვედრა, ასევე – სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, საერთაშორისო პარტნიორების და გავლენიანი უცხოელი მეგობარი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები  ბადებს საფუძვლიან ეჭვებს ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის თაობაზე ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მართლმსაჯულების ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე რამდენიმე საქმის მიმოხილვას. ამასთანავე, დოკუმენტი აქცენტს აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და აანალიზებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ისე საქმეებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებს თუ გარემოებებს. 

სრული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.  “ნეტგაზეთი” კი ამ თემაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე გთავაზობთ კვლევის იმ ნაწილს, რომელშიც სავარაუდო პოლიტიკური მოტივსა  და სამართლებრივი ხარვეზებზეა საუბარი. 


სავარაუდო პოლიტიკური მოტივი და სამართლებრივი ხარვეზები გიგი უგულავას საქმეში

დოკუმენტის ამ თავში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, გაანალიზდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსის არსებობისთვის საჭირო კრიტერიუმები და ამ კონტექსტში შეფასდა ქალაქ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის დეტალები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2012 წლის 26 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამტკიცებს პოლიტიკური პატიმრების შესახებ კრიტერიუმებს.

საგულისხმოა, რომ ტერმინი „პოლიტპატიმარი“ არ გულისხმობს ასეთ პირთა ბოლომდე უდანაშაულობას. ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკური პატიმრები დამნაშავეები არიან, მაგრამ დანაშაული რაკი ჩაიდინეს, ამ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ხელისუფლების მხრიდან არ უნდა იქნას საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული და სასჯელიც, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს შეუსაბამოდ მკაცრი.

პოლიტიკურ პატიმრად ცნობა პირს არ ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და არ შეიცავს მისი ქმედების მორალურ შეფასებას, განსხვავებით – „სინდისის პატიმრისაგან“. „საერთაშორისო ამნისტიის“ განსაზღვრებით, „სინდისის პატიმარი“ არის ადამიანი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება მხოლოდ იმის გამო, რომ მშვიდობიანად გამოხატავდა თავის პოლიტიკურ, რელიგიურ ან მეცნიერულ შეხედულებებს, ანუ არ მიმართავდა ძალადობას და არ ახდენდა ძალადობის პროპაგანდას. ამ შემთხვევაში, არ დგინდება, პირის მხრიდან, დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

პოლიტიკურ პატიმრად ვინმეს ცნობით არავის ენიჭება მისი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნის უფლება, მაგრამ სამაგიეროდ, აუცილებელია მას გარანტირებულად ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით, „თავისუფლებააღკვეთილი პირი „პოლიტიკური პატიმრის“ გაგებას ექვემდებარება, თუ თავისუფლების აღკვეთა მოხდა პროცესუალური გარანტიების აშკარა დარღვევებით და არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან.

გარდა ამისა, ეს კრიტერიუმი „საერთაშორისო ამნისტიის“ კრიტერიუმებს ემთხვევა. კერძოდ: საქმე შეიცავს „შესამჩნევ პოლიტიკურ ელემენტს“; „საქმეზე მთავრობა არ უზრუნველყოფს „საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამართლიან სასამართლოს“.

ევროპის საბჭოს და საერთაშორისო ამნისტიის კრიტერიუმების მიხედვით, გიორგი უგულავას საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ იდენტიფიცირებულია რიგი საპროცესო-სამართლებრივი პრობლემური საკითხები.

  1. დაირღვა საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადა

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს საქმის გონივრულ ვადებში განხილვის უფლებას, რაც თავის მხრივ, აისახება სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და გონივრულად სწრაფ მართლმსაჯულებაზე. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კონვენციის ეს მუხლი სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას ანიჭებს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლებას კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებზე „გონივრული ვადის“ ათვლა იწყება საქმის წარმოების დაწყების, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების წაყენების მომენტიდან.

„თბილისის განვითარების ფონდის საქმეში“, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრაქტიკულ ასპექტებში, ერთ-ერთ არსებითი მნიშვნელობის დარღვევას წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადის დაუცველობა.

საქმის განხილვა უნდა დასრულებულიყო 2019 წლის ივლისში, ნაცვლად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ, საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა 2020 წლის 10 თებერვალს.

ამასთან, სასამართლოს ეფექტიანობის კომპონენტში მნიშვნელოვანია, შეფასდეს, თუ რამდენად არის სასამართლო სისტემა მზად, გონივრულ ვადებში დაიცვას ადამიანის უფლებები და მათი უფლებების დარღვევის წინააღმდეგ გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

ამ შემთხვევაში, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნდობის საკითხთან მიმართებით, ცალსახად მნიშვნელოვანია შეფასდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება გიორგი უგულავას, როგორც პოლიტიკური პარტია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური კარიერის გააქტიურებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ.

სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების მიერ გიორგი უგულავას წინააღმდეგ „თბილისის განვითარების ფონდის საქმის“ „გაცოცხლება“ (საკასაციო საჩივრის 6-თვიანი ვადა უკვე დარღვეული იყო) დროსა და სივრცეში თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე მწვავე და მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებთან, რაშიც უგულავა აქტიურად იყო ჩართული. მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესები საფრთხეს უქმნიდა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ სტაბილურობას, რის გამოც არაერთი რეპრესიული ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან12. ეს კი, სახელმწიფოში მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობასა და მოქალაქეთა სამართლიანობის განცდაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს და სახელმწიფოს მხრიდან, „შერჩევითი სამართლის“ განხორციელებასა და პოლიტიკური მოტივით დაინტერესების საკითხებზე კითხვებს აჩენს.

ამდენად, სწრაფ და ხარისხიან მართლმსაჯულებას, როგორც სამართლიანი სასამართლოს განმსაზღვრელ ერთ-ერთ ინდიკატორს, სამართლებრივთან ერთად, უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობაც გააჩნია. სამართლიანი სასამართლოს უფლება ფიქციაა, თუკი მისი ცხოვრებაში რეალიზება გონივრული, დარღვეული უფლების აღდგენისათვის ადეკვატური ვადის დაცვით არ განხორციელდა. თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს უფლების დაცვისა და აღდგენის დროული მექანიზმების არსებობას, სამართლიანი სასამართლოს არათუ უფლება, არამედ იდეაც კი,განუსაზღვრელ დროში იკარგება. ეს კი, სრულიად სამართლიანად, მართლმსაჯულების ორგანოებზე სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ზეგავლენის ნიშნებზე მიუთითებს, როდესაც სახელმწიფო მათ პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად იყენებს.

  1. არსებობდა საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის – შალვა თადუმაძის აცილების საფუძველი

საქმის სააპელაციო განხილვისას და პროკურატურის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენისას, შალვა თადუმაძე იკავებდა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას. 2019 წლის  12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის, სალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განმწესებას. თადუმაძის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ მწვავე კითხვები არსებობდა. ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცოების კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების უგულვებელყოფით შალვა თადუმაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მაინც იქნა არჩეული.

მართალია, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შალვა თადუმაძე საქმეზე პროკურორად პირადად არ გამოდიოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პროკურატურაში დადგენილია მკაცრად ვერტიკალური დაქვემდებარების სისტემა, სადაც ყველა ქვემდგომი პროკურორი ვალდებულია, ზემდგომი პროკურორის მითითება შეასრულოს, ხოლო პროკურატურის ყველა თანამშრომელი გენერალურ პროკურორს ემორჩილება14. ეს ვერტიკალური დაქვემდებარება და კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტუალურია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიმდინარე და სხვა სპეციფიკის მქონე გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებული გიორგი უგულავას ინტერესების დამცველმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის პროცესში საქართველოს გენერალური პროკურორი იყო შალვა თადუმაძე. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი რეზონანსისა და პოლიტიკური ინტერესის არსებობის პირობებში, დაცვის მხარეს შეუძლებლად მიაჩნდა, ამ სააპელაციო განხილვის პროცესის მიმდინარეობითა და შედეგებით დაინტერესებული არ ყოფილიყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 

ამავდროულად, დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ წარმოუდგენლად მიაჩნდა, მოსამართლე შალვა თადუმაძის ინფორმირება არ მოეხდინათ გენერალური პროკურატურის პროკურორებს. შესაბამისად, მიუთითებდნენ, რომ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (რაც გულისხმობს შემდეგს: მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში თუ არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას) მოსამართლის აცილების საფუძველი. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ანალოგიური საფუძვლით საქმე აიცილა გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ, რომელსაც უზენაეს სასამართლოში ასევე უნდა განეხილა უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე საქმე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მოსამართლე უნდა იყოს კანონისა და მოსამართლის ფიცის ერთგული, მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონისა და სამართლის უზენაესობის გარანტი. მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური,მხარის ინტერესის, საზოგადოებრივი ზემოქმედების ან სხვაგვარი ურთიერთობის ზეგავლენის გამო, ანდა კრიტიკის შიშით15. მოსამართლის მიუკერძოებლობა მის მიერ თავისი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების აუცილებელი პირობაა. ის ვრცელდება არა მხოლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსზე, არამედ იმ პროცესზეც, რომელიც წინ უძღვის გადაწყვეტილების მიღებას. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა – პირველ შემთხვევაში გამოდიოდა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის როლში, ხოლო მოგვიანებით სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა. 

სასამართლოს დაბალ ინსტანციაში გიგი უგულავას საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ უზენაეს სასამართლოში იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე – კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. 

საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა. 

  1. ცამეტ დღეში შესწავლილი მრავალტომიანი საქმე და გამოტანილი განაჩენი

გიორგი უგულავას უფლებადამცველმა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ მოსამართლეებმა – მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ, „თბილისის განვითარების ფონდის“ მრავალტომიანი საქმე, რომელზეც დაკითხულია ათეულობით მოწმე, შეისწავლეს და გადაწყვეტილება მიიღეს 13 სამუშაო დღეში. ადვოკატის შეფასებით, ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი საქმეს სრულყოფილად არ იცნობდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური შეკვეთის შესაბამისად.

საქმის არსებითი განხილვისას იწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა და უშუალოდ ამ დროს არის უმნიშვნელოვანესი, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება იყოს დაცული, რაც, პირველ რიგში, რეალიზებული უნდა იქნას მტკიცებულებებისა და საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევაში.

  1. საკასაციო სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა

გიორგი უგულავას მსჯავრი დაედო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ზეპირი მოსმენის გარეშე, მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია გამოიყენეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი უგულავას, მის მიერ განხორციელებული ქმედებებისათვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე ისე გადაუკვალიფიცირა მუხლი, რომ მას და მის ადვოკატს მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა არ ჰქონია.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე განილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლო არ არის შეზღუდული დანაშაულების კატეგორიებითა და საჩივრის მოთხოვნით. შესაბამისად, თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ საქმის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პირის დასწრება და საქმის ზეპირი მოსმენით გამართვა არის საჭირო, შეუძლია, პირი მიიწვიოს სასამართლო სხდომაზე. გარდა ამისა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

შესაბამისად, თუ არ არსებობს ზეპირი მოსმენიდან გადახვევის გამამართლებელი განსაკუთრებული გარემოებები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I პარაგრაფით უზრუნველყოფილი საჯარო განხილვის უფლება გულისხმობს ზეპირ მოსმენას, სულ მცირე, პირველი ინსტანციის წინაშე. აქედან გამომდინარე, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატას, შეეძლო,ზეპირი მოსმენით განეხილა გიორგი უგულავას საქმე, რადგან არსებობდა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული სადავო ფაქტები, რომელთა ზეპირი განხილვა აუცილებელია და ხელს შეუწყობდა საზოგადოების ნდობას სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, როცა საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობდა, მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების საიდუმლოდ, საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განხილვის გარეშე განხორციელებას.

  1. სავარაუდო ბრალდებული და შერჩევითი სამართალი

საგულისხმოა, რომ ამ საქმეზე პროკურატურას არათუ ბრალდება არ წაუყენებია, სასამართლოს წინაშე მოწმის სახითაც კი არ დაუკითხავს თბილისის ვიცე-მერი დავით ნინიძე, ვის მიერ ხელმოწერილი აქტების საფუძველზეც განხორციელდა ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ იმ თანხების გამოყოფა, რის გაფლანგვაშიც დაედო გიგი უგულავას მსჯავრი.

ეს გარემოება შესაძლოა, მიანიშნებდეს, რომ პროკურატურასა და სასამართლოს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელება კი არა, არამედ გიგი უგულავას მიმართ შერჩევითი დევნის განხორციელება ჰქონდათ ამოცანად დასახული, პოლიტიკური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით.

  1. გიორგი უგულავას საქმეში „ორმაგი დასჯის აკრძალვის“ პრინციპის შესაძლო დარღვევის შეფასება

მსჯავრდებულის ადვოკატის, საზოგადოების წევრთა ნაწილის და პოლიტიკურ პირთა მიერ ვრცელდება განცხადებები, რომ გიორგი უგულავას მიმართ დაირღვა ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი. მიუთითებენ, რომ მის მიმართ ზუსტად იგივეობრივი შინაარსის ბრალდების სხვა საქმეზე (ე.წ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმე), 2017 წელს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ნაკლებად მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია და გიორგი უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა. გამომდინარე აქედან, გიორგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ 2020 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, განხორციელდა უგულავას ორგზის დასჯა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს განსხვავებული პოზიცია აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ქმედება, რომელზეც მსჯავრი დაედო გიორგი უგულავას, არ წარმოშობილა ე.წ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმის იდენტური ფაქტებიდან ან არსებითად იმავე ფაქტებიდან. ასევე, არ გვაქვს კონკრეტულ გარემოებათა ერთობლიობა, რომლებიც შეეხება იმავე ბრალდებულს და დროში და სივრცეში ერთმანეთთან განუყოფლად არის დაკავშირებული მსჯავრდებული იმ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, რომლის გამოც იხდის მსჯავრს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. ანალოგიური უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლით. ნორმის მიზანია, პირი დაიცვას იგივე ქმედებისათვის უკვე დასრულებული სისხლის სამართლის პროცესის ხელახლა დაწყებისაგან. ორმაგი დასჯის აკრძალვა ემსახურება სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველყოფას და ამით ადამიანის ღირსების დაცვას. საქმე ეხება განსაკუთრებულ ფუნდამენტურ კონვენციურ უფლებას, რომლისგანაც, როგორც კონვენციის მე-7ოქმის მე-4 მუხლის მე-3 აბზაციდან ნათლად ჩანს, ომის ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეიძლება გადახვევა. ორმაგი მსჯავრდების აკრძალვა მიზნად ისახავს, რომ უზრუნველყოს განაჩენის მატერიალური კანონიერი ძალის სტაბილურობა. მთავარ კომპონენტს წარმოადგენს „ერთი და იმავე დანაშაულის“ ცნება. ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი (ne bis in idem) დეტალურად არის განმარტებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში – Zolotukhin v. Russia24, რომელიც შედარებით ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლი კრძალავს მეორე „დანაშაულისთვის“ საქმის წარმოებას პროკურატურის თუ სასამართლოს მიერ მაშინ, როდესაც ქმედება წარმოიშვა იდენტური ფაქტებიდან ან არსებითად იმავე ფაქტებიდან.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მსგავსი რამ გიორგი უგულავას საქმეში არ იკვეთება.

ერთი და იმავე ქმედებისათვის ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დარღვეულია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ოთხი ელემენტი კუმულაციურად: (1) ახალი მსჯავრდების დროს სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არსებობა; (2) ახალი მსჯავრდება იგივე ქმედებისათვის; ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში არ არის ერთგვაროვნად გადაჭრილი; (3) კანონიერი ძალის მიუხედავად, ქმედებისათვის ხელახალი სისხლისსამართლებრივი დევნის ან მსჯავრდების განხორციელება იმავე სახელმწიფოში; (4) პროცესის განახლების ახლად გამოვლენილი გარემოების არარსებობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი არ ირღვევა, თუ საქმე ეხება პროცესის ხელახალ განახლებას ახალ გარემოებათა გამო. აღნიშნული არცერთი შემთხვევა არ გვაქვს გიორგი უგულავას საქმეში, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი არ დარღვეულა.

აეროპორტის ინციდენტის საქმე

როგორც „საერთაშორისო ამნისტიის“, ასევე ევროსაბჭოს კრიტერიუმებიც ყველა იმ საქმეს მოიცავს, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებების ალბათობა. ერთ-ერთი კრიტერიუმის თანახმად, პოლიტიკური პატიმარია პირი, რომელსაც არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და მთლიანად იყო გაყალბებული მისი საქმე. უფრო ვრცლად, ეს გულისხმობს ისეთ შემთხვევას,როდესაც პირის დაპატიმრებას საფუძვლად დაედო არაადეკვატური და საკამათო მტკიცებულებები და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ყალბია მტკიცებულებები ან/და მოწმის ჩვენება, რომლის გათვალისწინებითაც პატიმრობა გამოიყენეს.

საინტერესოა საქართველოს უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ 2012 წელს შემუშავებული კრიტერიუმები, სადაც ქართული რეალობის გათვალისწინებით მითითებულია, რომ დანაშაული, შესაძლოა, პროვოცირებული იყოს პოლიტიკური მოტივებით. დოკუმენტის თანახმად, ევროსაბჭოს და საერთაშორისო ამნისტიის მიერ დადგენილი კრიტერიუმების გაზიარებით და საქართველოში არსებული პრაქტიკისა თუ ტენდენციის გათვალისწინებით, პოლიტიკურ პატიმრად შესაძლოა, მიჩნეული იყოს პირი, თუკი იგი დააკავეს, დააპატიმრეს ან თავისუფლება აღუკვეთეს სამართალდარღვევის ან დანაშაულისთვის, რომელიც პროვოცირებული იყო პოლიტიკური მოტივაციით, ხელისუფლების ან/და სხვა დაინტერესებული პირების მიერ.

ამ მხრივ, საინტერესოა, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე კიდევ ერთი – ე.წ. აეროპორტის ინციდენტის საქმე.

2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე კაფე „ეფეს ბიერ პორტში“ გიორგი უგულავას და გიორგი გაბაშვილს თავს დაესხნენ ბ.გ. და დ.პ. , რომლებმაც გიორგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს მიაყენეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

2019 წლის 11 დეკემბრის დადგენილებით, გიორგი უგულავას ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდების ვერსიით, გიორგი უგულავამ ბ.გ.-ს მიაყენა ფიზიკური დაზიანება.

როგორც სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებიდან ირკვევა, 2019 წლის 12 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თამარ ზაქუტაშვილმა. მან ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და დამატებითი ღონისძიების სახით – პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება ითხოვა იმ მოტივით, რომ აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილი იქნეს განაჩენის აღსრულება და სხვა საპროცესო სამართლებრივი მიზნები.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის აღსაკვეთად, გირაოს შეფარდება იქნებოდა თანაზომიერი. შესაბამისად, პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 18 დეკემბერს, დაცვის მხარემ მიმართა საქალაქო სასამართლოს ჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებით, რაზეც სასამართლომ იმავე დღეს განუცხადა უარი და მის მიერ მიღებულ განჩინებაში  განმარტა, რომ დაცვის მხარეს უფლება აქვს, შესაბამისი ნებართვით მოახდინოს ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და თუკი მოპოვებული ინფორმაცია გააუმჯობესებს ბრალდებულის მდგომარეობას, შეუძლია, შემდგომ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულს, ასევე, დაეთანხმა სააპელაციო სასამართლო 2019 წლის 25 დეკემბრის განჩინებით.

2020 წლის 18 თებერვალს, საპატრულო პოლიციის მიერ გამომძიებელ გრიგოლ ჯავახიასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის #1გ/1374-20 განჩინების საფუძველზე, დაცვის მხარემ დაათვალიერა WD-ს წარმოება (სათვალთვალო კამერების ჩანაწერები). აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას ნათლად იკვეთება ბ.გ.-ის და დ.პ.-ის ჩასაფრება გიორგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილის წინააღმდეგ. დათვალიერებისას დადგინდა, რომ კაფე-ბარ „ეფეს ბეერ პორტში“ მყოფი გიორგი უგულავა და გიორგი გაბაშვილი ბ.გ.- სა და დ.პ.-ის ყურადღების სფეროს წარმოადგენენ და ელოდებიან შესაბამის მომენტს, რათა მათ თავს დაესხან, რაც, როგორც ადვოკატი განმარტავს, წარმატებით გამოუვიდათ. გარდა ამისა, შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ ვიდეოჩანაწერების დათვალიერებისას გამოიკვეთა კიდევ ერთი დაინტერესებული პირი, რომელიც შეგნებულად იწყებს ვიდეოგადაღებას თავდასხმის დაწყებისთანავე. შემდეგ კი აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებულ ოთახში (სადაც რიგითი მოქალაქეები არ შედიან) გამოდის და ესაუბრება აეროპორტის დაცვას და სხვა თანამშრომლებს. ადვოკატის განცხადებით, ეს პირი არის თანამშრომელი, რომელმაც წინასწარ იცოდა თავდასხმის შესახებ, რაზეც დაზარალებულ გიგი უგულავას ბრალდება იქით წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ მის თანმხლებ გიორგი გაბაშვილს, ამავე საქმეზე, დაზარალებულის სტატუსი აქვს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაცვის მხარემ, საქმის პროკურორს გაუგზავნა განცხადება, რომელშიც ელექტრონული ბმულით და ადვოკატის აღწერით მითითებულია სიუჟეტი, სადაც ბ.გ. (რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხა გიორგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს) მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, ასევე, მონაწილეობს პროვოკაციაში. ადვოკატის კომუნიკაციაში მითითებულია, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, ბ.გ.მართული იყოს რომელიმე სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მიერ. ასევე, შესაძლოა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იგი ასრულებდა რომელიმე სახელმწიფო მოხელის დავალებას. ამ ეჭვს ამყარებს ის გარემოება, რომ თავდასხმა მოხდა გაფრენის ტერმინალის ნეიტრალურ ზონაში, სადაც გიორგი უგულავას პირადი დაცვა ვერ ახერხებს შესვლას და დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. გიორგი უგულავას ადვოკატმა მიმართა საქმის პროკურორს, რათა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქმეზე მინიჭებული კვალიფიკაცია – სსკ-ის 126-ე მუხლი გადაეკვალიფიცირებინა სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას იმ პირების მიერ, რომლებმაც დაავალეს ბ.გ.- ს და დ.პ.- ს ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა.

2020 წლის 9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 5000 ლარიანი გირაო გაუუქმა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულებაც. ამ საქმეზე მეტი სასამართლო სხდომები ჯერ არ ჩატარებულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს გიორგი უგულავას წინააღმდეგ არსებული კიდევ ერთი საქმე. კერძოდ, ბრალდების დადგენილების შესახებ დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის 4 ივლისს, გიორგი უგულავა დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებით. აღკვეთის ღონისძიების სახით, სასამართლომ მას 9-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთდღიანი თავისუფლება – 14-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ

 ამ გადაწყვეტილების შემდეგ, გიორგი უგულავას, 2014 წლის 28 ივლისს, ახალი ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე. ცხადია, ამ ახალ საქმეზე პროკურატურას, აღკვეთის ღონისძიების რაიმე ფორმის გამოყენების შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე, რამდენადაც გიორგი უგულავას მიმართ, სხვა საქმეზე უკვე იყო გამოყენებული წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის სახე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 4 ივლისს წაყენებულ ბრალდებაზე, წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გადიოდა 2015 წლის 2 აპრილს, რის შემდეგაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იგი დაუყონებლივ უნდა გაენთავისუფლებინათ.

ამ დროისათვის, უკვე ცხადი იყო, რომ 9-თვიანი ვადის გასვლამდე ვერ მოხერხდებოდა საქმეზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, პროკურატურა შეეცადა კანონში არსებული ბუნდოვანებით მანიპულაციას და უგულავასთვის შეფარდებული 9-თვიანი ვადის ახალი 9-თვიანი ვადის გამოყენებით გახანგრძლივებას, მე-2 ბრალდების ფარგლებში. ეს პირდაპირ მიანიშნებდა სახელმწიფო ბრალდების განსაკუთრებულ დაინტერესებაზე, გაეხანგრძლივებინა წინასწარი პატიმრობა ქალაქ თბილისის ყოფილი მერისთვის.

2014 წლის 4 ივლისს ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას დაკავების საკითხს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველეყო, რომ სასამართლო პროცესი სრულიად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ყოფილიყო და ემოქმედა იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას აიღო.

ახალი ბრალდების ფარგლებში, 2014 წლის 4 აგვისტოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა. ამის შემდეგ, საქმეზე არაერთგზის გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა და გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, ბრალდებულად ცნობიდან მთელი 8 თვის განმავლობაში, ბრალდებას სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

2014 წლის 28 ივლისიდან 2015 წლის 13 მარტამდე პერიოდში არავითარი ახალი მტკიცებულება გიორგი უგულავას წინააღმდეგ არ მოპოვებულა. მიუხედავად ამისა, 2015 წლის 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით გიორგი უგულავასათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით35.

2015 წლის 15 მარტს მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდებულ გიორგი უგულავას ხელახლა შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, მაგრამ 2015 წლის 20 მარტის განჩინებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2015 წლის 30 აპრილს, გიორგი უგულავამ კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადის გაგრძელების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გიორგი უგულავას სარჩელი 9-თვიანი პატიმრობის საკითხის ნაწილში დაკმაყოფილდა. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება თანაბრად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით. შესაბამისად, თითოეული სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9-თვიანი ზღვრული ვადის გამოთვლისას ამ ვადაში უნდა ჩათვლილიყო ის პერიოდი, რომელიც პირმა ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გაატარა მის მიმართ წარმოებული სხვა საქმის ფარგლებში. აღნიშნული განმარტების მიხედვით, გიგი უგულავას 2015 წლის 15 მარტის განჩინებით შეფარდებული პატიმრობის ვადის გამოთვლისას მას პატიმრობის ვადაში უნდა ჩათვლოდა 2014 წლის 28 ივლისის (7ნოემბრის საქმეზე) ბრალდების შემდეგ პატიმრობაში გატარებული პერიოდი40. ამასთან, სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული ჰქონდა 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გიგი უგულავას შემთხვევაში კი, მას სხვა საქმის ფარგლებში, უკვე გატარებული ჰქონდა წინასწარი პატიმრობის 9 თვე.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამხდარიყო გიორგი უგულავას გათავისუფლების საფუძველი. თუმცა, ფორმალურად, საბოლოო გადაწყვეტილება ბრალდებულ უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ საერთო სასამართლოებს უნდა მიეღო.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგი უგულავას სარჩელი წინასაწრი პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა გიორგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე არ არის გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ნებისმიერ მოსამართლეს შეეძლო, ემსჯელა გიორგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

სასამართლომ 2015 წლის 17 სექტემბერს დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გიორგი უგულავა, 14-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლა. 2015 წლის 17 სექტემბერს გათავისუფლებული გიგი უგულავა, მეორე დღეს – 2015 წლის 18 სექტემბერს,თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, ერთდღიანი თავისუფლების შემდეგ, ისევ ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ დააბრუნეს. განაჩენის მიხედვით, „თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, პატიმრობა 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობები და არც ბრალდებულის მოთხოვნა, რომ საბოლოო სიტყვის მოსამზადებლად მისთვის ერთკვირიანი ვადა მიეცათ.

საერთაშორისო გამოხმაურებები გიორგი უგულავას ბრალდებებთან დაკავშირებით

გიორგი უგულავას მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ 2020 წლის 10 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისაგან. სასამართლო გადაწყვეტილებას გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერი გამოეხმაურა46. მისი განცხადებით, „იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება, არ არის დემოკრატია“.

კინზინგერის განცხადებიდან რამდენიმე საათში, უგულავას დაპატიმრება და სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრაზე უთხრა, რომ „სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“. 

ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად, პოლიტიკური პროცესების პარალელურად, განხორციელებულ დაკავება/დაპატიმრებებთან დაკავშირებით პოზიცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა. საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

გიორგი უგულავას დაპატიმრება გააკრიტიკა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, იგი შეშფოთებულია პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით. მისი თქმით, არ შეიძლება სახელმწიფო სასამართლოს იყენებდეს ოპოზიციის სამართლებრივი დევნის მიზნით. ეს აუცილებელი პირობაა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოში.

უმნიშვნელოვანესია 26 ევროპარლამენტარის კრიტიკული წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განახლებულ სამართალწარმოებასაც ეხება. წერილში პირდაპირ არის მითითებული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასა და გიორგი უგულავას დაპატიმრების ფაქტზე. ევროპარლამენტარების განცხადებით, უგულავას ახლანდელი საქმე კითხვებს აჩენს პროცედურის, დროისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის შესახებ.

წერილის ყველაზე ყურადსაღები ნაწილია ის, რომ მას ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი აწერს ხელს, მათ შორის – იმ პოლიტიკური ჯგუფის წევრებიც (სოციალ-დემოკრატები – S&D), რომელშიც საქართველოს მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ერთიანდება. კერძოდ, წერილის ხელმომწერებში არიან – მწვანეების ევროპული კავშირის (EFA) 10 წევრი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 6 წევრი, სოციალ-დემოკრატების (S&D) 7 წევრი, ევროპის განახლების ჯგუფის (RENEW) 3 წევრი.

წერილის ხელმომწერთა განცხადებით, როგორც საქართველოს ნამდვილი მოკავშირეები – ევროპარლამენტის წევრები გამოხატავენ წუხილს საქართველოს უკუსვლით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების საკითხებში. მათი შეფასებით, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების ახლანდელი შერჩევა და დანიშვნა მოკლებული იყო გამჭვირვალობასა და დამსახურებებზე დაფუძნებულ ობიექტურობას. მოქალაქეების ნდობა სასამართლო სისტემისადმი აუცილებელია და საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომელთა არჩევაც ჯერ არ მომხდარა, შეესაბამებოდნენ უმაღლეს პროფესიონალურ და სარეპუტაციო სტანდარტებს.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, შენარჩუნებული იქნას კანონის უზენაესობა და დასრულდეს პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე. მათი შეფასებით, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე მზარდი ჩანს. ასევე მიუთითებენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციას ციხით ემუქრება, არააქტიური საქმეების განახლებას და, მათ შორის, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის წინააღმდეგ გამოძიების მიმდინარეობას ან მათ პატიმრობაში ყოფნას აანონსებს.

2020 წლის 6 მარტს, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტის, ზიგფრიდ მურეშანის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმად, თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული. ევროპარლამენტარი გიორგი უგულავას საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნა და დაპატიმრება ნორმალური არაა. იგი, ასევე, მიუთითებს საქართველოში, გარკვეულ შემთხვევებში, კანონის უზენაესობის უფუნქციობასა და მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი.

გიორგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე შეშფოთება გამოხატეს საქართველოს უფლებადამცველმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. განცხადებაში, რომელსაც ხელს 12 ორგანიზაცია აწერს, ნათქვამია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება და იგი რამდენიმე თვალსაზრისით პრობლემურია.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა უნდა ქმნიდეს საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უგულავას დაკავება გააკრიტიკეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ წევრები ან გიორგი უგულავასთან დაპირისპირებულები იყვნენ. მათ შორის – გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ალექსანდრე ელისაშვილმა  და თამარ ჩუგოშვილმა. მათ სასამართლოს გადაწვეტილება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

2020 წლის 8 მარტს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიზანი და მნიშვნელობა

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ორი დოკუმენტი გაფორმდა. შესაძლებელია ითქვას, რომ შესათანხმებელი საკითხების სეპარაცია რაციონალური აღმოჩნდა. ასევე, კონსენსუსის მიღწევის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს და აშშ-ის მისიის მოადგილის, ელიზაბეტ რუდის წვლილი. გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია შეთანხმების მაგიდასთან დაჯდომამდე დაკავებული ლიდერების გათავისუფლების პირობას აყენებდა და მხოლოდ ამ საკითხის მოგვარების პირობით თანხმდებოდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან, ამჯერად, ეს საკითხი ცალკე დოკუმენტით დარეგულირდა. „ურთიერთგაგების მემორანდუმში“ შესულია საარჩევნო სისტემის შესახებ დეტალები. მეორე დოკუმენტი კი, პატიმრობაში მყოფი ოპოზიციური ლიდერებისა და აქტივისტების საკითხებს აწესრიგებს. დოკუმენტით აღიარებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში „უმაღლესი სტანდარტი“ უნდა იყოს დაცული. მინიშნებულია იმაზეც, რომ შეთანხმებით, ამჟამადაც და მომავალშიც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციაზე რეაგირება აუცილებელია.

დოკუმენტში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებიც და ამ მხრივ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ დაკავებულების გათავისუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – პრეზიდენტის შეწყალებაც შეიძლება იყოს სამართლებრივი პრობლემის გამოსწორების შესაძლებლობაც.

შემდგომი საჯარო განცხადებების თანახმად, დოკუმენტში არსებული ამგვარი ჩანაწერი ოპოზიციისთვის ნიშნავს, რომ „ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს“, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი – იმას, რომ საქართველოში ,,პოლიტიკური პატიმრები“ არ არსებობენ და მართლმსაჯულებამ დამოუკიდებლად უნდა დაარეგულიროს სამართლებრივი საკითხები დაკავებულ პირებთან მიმართებით.

2020 წლის 9 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თუ იგი საჭიროდ ჩათვლის, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. ასევე, მანვე განაცხადა, რომ შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებულია ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის, არის ერთი და იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს.

2020 წლის 10 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის დადებულ შეთანხმებას, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და სენატორი – ჯინ შაჰინი გამოეხმაურა. ჯიმ რიშის განცხადებით, ის ელის პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების მყისიერად გათავისუფლებას. მისი განცხადებით, წლის დასაწყისში, მან და მისმა კოლეგა სენატორმა – ჯინ შაჰინმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს და გაუზიარეს უკანასკნელი მოვლენებით გამოწვეული მათი წუხილები და ურჩიეს, რომ საქართველოს მთავრობას ბოლო მოეღო დემოკრატიის უკუსვლისათვის. სენატორი შაჰინის თქმით, დადებული შეთანხმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე, ინსტიტუციურ დონეზე, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან გასათავისუფლებლად და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, დღევანდელი მდგომარეობით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების უპირველეს დადასტურებას წარმოადგენს ის კითხვები, რაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებთან დაკავშირებით არსებობს და რაც გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებშიც არაერთი დარღვევის საფუძველია.

წინამდებარე კვლევისას, გიორგი უგულავას საქმეებთან დაკავშირებით შესაძლო პოლიტიკური მოტივების გამოსავლენად, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით

და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოყენებულია ევროპის საბჭოს, ასევე – საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული, პოლიტიკური პატიმრის სტატუსის არსებობისთვის საჭირო კრიტერიუმები. ევროპის საბჭომ ეს კრიტერიუმები ჯერ კიდევ 2001 წლის 3 მაისს შეიმუშავა და გამოიყენებოდა 2001-2004 წლებში სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირებისათვის. ხოლო 2012 წლის 26 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ამტკიცებს ,,პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ აღნიშნულ კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა ჯგუფს საქართველოს შესახებ არ უმსჯელია, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმები საქართველოში არსებულ საქმეებს შეგვიძლია მივუსადაგოთ. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე იქნა იდენტიფიცირებული გიგი უგულავას საქმეში არსებული დარღვევები. კერძოდ, დაირღვა საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადა; არ მოხდა საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის – შალვა თადუმაძის აცილება, რომელიც მანამდე სასამართლოში საქმის განხილვისას მთავარი ბრალმდებელი (გენერალური პროკურორი) იყო; 13 დღეში იქნა შესწავლილი მრავალტომიანი საქმე და განაჩენი გამოტანილი; საკასაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, როცა მასზე განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივების გამო; არსებობს შერჩევითი სამართლის სხვა ნიშნები.

გიორგი უგულავას საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადის დარღვევის შემდეგ, საქმის განხილვის უსწრაფესად დაწყება, პოლიტიკურად აქტიურობის დროისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ახალი ბრალის წარდგენის თანხვედრა, ასევე – სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, საერთაშორისო პარტნიორების და გავლენიანი მეგობარი პოლიტიკოსების მკაცრი განცხადებები, საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივირების არსებობის თაობაზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მართლმსაჯულების ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

იმ ფონზე, როცა გიორგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დროში გაწელილმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მეთოდს ეფექტიანად იყენებს საკუთარ ოპონენტებზე არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით და ამა თუ იმ საქმეს იმ დროს ააქტიურებს, როდესაც ამის პოლიტიკური მიზანშეწონილობას დაინახავს.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საერთო სასამართლოებში გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს კიდევ ერთი საქმე, რომელიც ეხება 13 წლის წინ – 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას. საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და იმ პერიოდის მაღალჩინოსნებს – ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს და გიორგი უგულავას. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ამ საქმის მონიტორინგს, რომლის შედეგებსაც სამომავლოდ გამოაქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი