ახალი ამბები

კეზერაშვილი კიევში ამერიკული უნივერსიტეტის მხარდამჭერია, რომლის ბორდის თავმჯდომარე ვოლკერია – უგულავა

15 ნოემბერი, 2022 • 1602
კეზერაშვილი კიევში ამერიკული უნივერსიტეტის მხარდამჭერია, რომლის ბორდის თავმჯდომარე ვოლკერია – უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ფოტოს, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავს ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩის კულტ ვოლკერისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის შეხვედრას.

უგულავას თქმით, აღნიშნული ფოტოს გავრცელებით „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტიურად აღიარა, რომ ამერიკელ დიპლომატებს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც „დასდევს“.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილს და კურტ ვოლკერს კიევის ამერიკული უნივერსიტეტი აკავშირებთ, რომელიც კეზერაშვილის ხელშეწყობით გაიხსნა.

„დიდი რიხით გვანახეს ფოტო, სადაც დავით კეზერაშვილი ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოლკერთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში სადილობს. ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბიც გაითხარა – მტერი გამოაშკარავებულია! კურტ ვოლკერი უდგას ამერიკის სახელით სათავეში ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას.

რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს კურტ ვოლკერთან. კიევში ცოტა ხნის წინ დავით კეზერაშვილის ხელშეწყობით გაიხსნა ამერიკული უნივერსიტეტი, რომლის ბორდის თავმჯდომარე არის ბატონი ვოლკერი. გარდა ამისა, ვოლკერი წლები იყო ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, მუშაობდა სხვად სხვა ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე, იყო ამერიკის ელჩი ნატოში და საქართველოს ყველაზე დიდი ამერიკელი მეგობრის ჯონ მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი.

ამ უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის კადრები ტელევიზიით გადაიცა უკრაინაშიც და საქართველოშიც, სადაც ვოლკერი, კეზერაშვილი, კიევის მერი კლიჩკო და ბევრი სხვა ოფიციალური პირიც იყო. ეს არათუ დასამალი, საამაყო საქმეა. ასე რომ, აქ დაფარული და საიდუმლო არაფერია“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

კიევში ამერიკული უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და Cintana Alliance-თან თანამშრომლობით გაიხსნა. უნიევრსიტეტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი კურტ ვოლკერია.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის კადრებს „ფორმულაც“ ავრცელებს, სადაც ვოლკერთან ერთად კეზერაშვილიცაა.



კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „კვირამ“ გაავრცელა. სააგენტო ირწმუნება, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მათ გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა მიაწოდა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს იძიებს.

მათი ინფორმაციით, კეზერაშვილი  ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონში შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი