ახალი ამბები

უგულავას საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს დარღვევა დაუდგინა

1 თებერვალი, 2024 • 1314
უგულავას საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს დარღვევა დაუდგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს დარღვევა დაუდგინა. საუბარია „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო 48 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვაში.

უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2020 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. საქმის განმხილველ მოსამართლეებს შორის იყო ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. სწორედ ამ საკითხზე აპელირებდა უგულავას მხარე, მიიჩნევდა რა, რომ უზენაესი სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო მიუკერძოებელი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 § 1 მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა.

„აპლიკანტი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება უშუალოდ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას შალვა თადუმაძის ზედამხედველობით მიმდინარეობდა“, — ნათქვამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.

ამასთან, როგორც ევროსასამართლოში უგულავას ინტერესების დამცველი, იურისტი სანდრო ბარამიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს,  უგულავას მხარე ევროპულ სასამართლოში დავობდა იმაზეც, თუ რამდენად კანონის შესაბამისად დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ იქნა განხილული მისი საქმე. საუბარია შალვა თადუძამის იურისტის დიპლომის გარშემო აგორებულ სკანდალზე.

შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და ოპოზიციას მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ გაუჩნდათ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებდა, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით დიპლომთან დაკავშირებით შეუსაბამობა იყო. კერძოდ, დიპლომში მითითებული იყო, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. თავად თადუმაძე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფდა და ცილისწამების გამო „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ ხელმძღვანელ ეკა გიგაურისთვის სასამართლოში ჩივილსაც გეგმავდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ თადუმაძის კომპეტენციის საკითხს ვერ განიხილავდა. მეორე ნაწილში კი მიიჩნია, რომ საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შალვა თადუმაძის მიერ ამ საქმის განხილვა ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და კონენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 10 თებერვალს დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან” 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ეს გადაწყვეტილება მაშინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომლის კოლეგიაში შედიოდა ყოფილი გენპროკურორი შალვა თადუმაძე. სასმართლოს მიმდინარეობისას უგულავას დაცვის მხარე შალვა თადუმაძის აცილებასაც ითხოვდა. 

მოგვიანებით გიგი უგულავა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი