ახალი ამბები

„ეს იყო დაცინვა არა მარტო პაციენტის, სასამართლო სისტემის“ – ალასანია ნადირაძის გამოკითხვაზე

4 თებერვალი, 2023 • 4185
„ეს იყო დაცინვა არა მარტო პაციენტის, სასამართლო სისტემის“ – ალასანია ნადირაძის გამოკითხვაზე

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის გამოკითხვა არა მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ოჯახის, არამედ სასამართლო სისტემის დაცინვაც იყო.

„არა მარტო მე, ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო დაცინვა არა მარტო პაციენტის და ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი ასეთი ფორმით[საუბარი]. არ ვიცი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი[…] რას ნიშნავს თვითდაზიანება?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი! ადამიანმა მოკლე დროში დაიკლო 38 კილო და ფეხზე ვეღარ დგება“, – აცხადებს გიული ალასანია.

გიული ალასანია ასევე გამოეხმაურა ნინო ნადირაძის ბრალდებებს, რომ სააკაშვილის გარემოცვას მისთვის არასათანადო კალორაჟის შემცველი საკვები მიაქვს.

გიული ალასანიას თქმით, მისი შვილი დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ჭამს.

„ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ჭამოს, სხვათა შორის[…] ჩვენ გვენანება ძალიან [საკვები] და მე მინდა რომ მოკვდეს ჩემი შვილის სწრაფად, როგორ მიხვდნენ?! რისი მიღებაც შეუძლია, ის მიმაქვს, რაც მიმაქვს იმასაც ვერ იღებს თქვენ წარმოიდგინეთ. კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ, რომ ადამიანი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ეს არის სწორედ დაბრკოლება, რის გამოც ვერ იღებს საკვებს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეზე დღეს, 3 თებერვალს, სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს.

ნადირაძემ დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლაც აქვს კახექსიის დიაგნოზი, თუმცა საკუთარ კლინიკაში დასაქმებულ ექიმებზე დაყრდნობით უარყოფს მალაბსორბციას და საკვები ნივთიერებების შეწოვის პრობლემას.

ნადირაძე სასამართლოზე აცხადებს, რომ სააკაშვილი „რასაც ჭამს, იმას ირგებს“ და კიდევ ერთხელ ადანაშაულებს მის გარემოცვას პატიმრისთვის არასათანადო კალორაჟის შემცველი საკვების პაციენტისთვის მიწოდებაში.


ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართულები იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

„ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარის შეფასებით ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი