პირველ ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში, „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წელი ხდება. როგორც ფავლენიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის, პირველ რიგში კი, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა საქართველოში აღმშენებლობის პერიოდი დაბრუნდეს.

„პირველ ოქტომბერს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და საქართველოში ეპოქალური ცვლილებების ავტორი პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში…

ყველას, ვისაც გააზრებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის 9 წელი – ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია… ქართველი ოჯახებზე ორიენტირებული ხელისუფლება… ვისაც ეს გააზრებული აქვს და ვისაც გააზრებული აქვს მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან, ყველას მოვუწოდებ, შევიკრიბოთ 19:00 საათზე ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომელიც გაავერანეს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.