ახალი ამბები

„სააკაშვილი პოლიორგანული უკმარისობის წინარე მდგომარეობაშია“ — ენდოკრინოლოგი

30 იანვარი, 2023 • 1016
„სააკაშვილი პოლიორგანული უკმარისობის წინარე მდგომარეობაშია“ — ენდოკრინოლოგი

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე გამოკითხეს ცენტრ ემპათიის დასკვნის თანაავტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ლალი ჯავაშვილი. 

ექიმის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მთელი რიგი ფაქტორების გამო მძიმე პაციენტად უნდა იქნეს მიჩნეული. მისი თქმით, სახეზეა კლინიკური მალაბსორბციის შედეგად განვითარებული კახექსია. 

„ჩვენ საქმე გვაქვს კლინიკურ და არა ინსტრუმენტული გამოკვლევებით  დადასტურებულ მალაბსორბციასა და კახექსიასთან. ჩემი მოვალეობა იყო, წონის დინამიკისთვის მედევნებინა თვალი. მისი  წონა ციხეში მოხვედრის მომენტში იყო 115 კილოგრამი. ორ-სამი დღის წინ პაციენტის წონა იყო 69 კილოგრამი. 

ეს გახლავთ საწყისი წონის ლამის 33.3-პროცენტიანი კლება, რაც ნიშნავს იმას, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა, რატომ იკლებს პაციენტი წონაში, წონის ისეთი ხარისხის კლება გვაქვს სახეზე, რომელსაც ავტომატურად ეწოდება კახექსია, თან მძიმე კახექსია. ყველა პროტოკოლით, რომელზეც ხელი მიგვიწვდებოდა, 30%-ზე მეტი წონის კლება ავტომატურად მიანიშნებს კახექსიას“, — ამბობს ენდოკრინოლოგი.

მისი თქმით, დისკუსია იმის შესახებ, მიხეილ სააკაშვილი არ ჭამს თუ ვერ ჭამს, „ქათმისა და კვერცხის“ დისკუსიას ემსგავსება. როგორც ენდოკრინოლოგი-ნუტრიციოლოგი აცხადებს, ჯერ კიდევ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, რეფიდინგის პროცესის დაწყებიდან, პაციენტი ვერ იკვებება. ექსპერტის თქმით, სააკაშვილის რაციონის სრულ კალორაჟამდე აყვანა მოხდა იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისაღები იყო მისი კონკრეტული შემთხვევისთვის.

ენდოკრინოლოგის შეფასებით, რეფიდინგის ანუ კვების აღდგენის პროცესი არასწორად წარიმართა და მისი დაგეგმვისა და განხორციელებისას კონკრეტული პაციენტის ანამნეზი არ გაითვალსიწინეს. ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიორგანული უკმარისობის წინარე მდგომარეობაშია, რაც თავისთავად უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ნიშნავს.

ლალი ჯავაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დარჩენა იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და შესაძლებელია დადგეს მისი სიკვდილი. ენდოკრინოლოგის მოსაზრებით, შესაძლოა, რამდენიმე დღეში მსჯავრდებულს დაეწყოს პოლიორგანული უკმარისობა და ლეტალური შედეგი დადგეს:

„პოლიორგანული უკმარისობა რამდენიმე დღეში დაიწყება. მე არ ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს. „ვივამედის“ დირექტორი ბატონი ზურაბ ჩხაიძეც ამას ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატიმარი, ალბათ, დაიღუპება. ეს მან განაცხადა ჯერ კიდევ სამი დღის წინ. პოლიორგანული უკმარისობა ურგენტული მდგომარეობაა, როცა ერთი ორგანოს  უკმარისობას მოჰყვება კასკადი. პირველ რიგში, ჩხაიძემ რატომღაც აქცენტი გააკეთა ღვიძლის უკმარისობაზე, ალბათ იმიტომ, რომ იმ დღეს აღმოაჩინეს, რომ დაირღვა ღვიძლის ფუნქციები, რაც იქამდე არ იყო. 

უცბად ნახეს, დაირღვა ღვიძლის ფუნქციები და ივარაუდეს, პირველ რიგში, დაირღვევა ღვიძლის ფუნქციებიო. თუ ეს ასე მოხდა, დაიწყება თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამას მოჰყვება გულის უკმარისობა, რაც მთავრდება ლეტალურად“ ,- ამბობს ექიმი.

ამასთან, ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, რომ პაციენტის ისტორიაზე დაკვირვებისას ყველა ეტაპზე ყურადღებას იპყრობს პოლიფარმაციის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ერთი და იგივე ფარმაკოლოგიური ფორმულის მქონე რამდენიმე მედიკამენტი აქვს დანიშნული:

„თვეების განმავლობაში კლინიკაშიც კი 10 და მეტი წამალი იყო დანიშნული. ჩემი პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ 5 მედიკამენტზე მეტი ერთდროულად არ მუშაობს“, – ამბობს ექიმი და აღნიშნავს, რომ ციხეში მოხვედრისას მიხეილ სააკაშვილს დადასტურებული ჰქონდა პრედიაბეტის, ინსულინრეზისტენტულობის და სხვა დიაგნოზები, რომლის გამოც გარკვეულ მედიკამენტს იღებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა დაიწყო და ამას წონაში კლება მოჰყვა, რამდენიმე კვირის განმავლობაში აღნიშნულ პრეპარატს კვლავ ასმევდნენ, რაც მისი თქმით, დაუშვებელი იყო.

ამასთან, ლალი ჯავაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა ხდება სიმპტომურად, რაც ასევე დაუშვებელია:

„არაფრით არ შეიძლება, პაციენტი ასეთ სიმპტომურ მკურნალობაზე თვეების განმავლობაში იყოს. დაუვარდება წნევა, აუწევენ, აუვარდება — დაუწევენ. ასეთი არაერთი სიტუაცია ყოფილა. მარტო „ვივამედში“ ყოფნისას მას ოთხჯერ გადაესხა ცილა. ერთ-ერთი ჩემი კოლეგა დასკვნაში ამბობს, რომ ცილა რამდენჯერაც შევუმოწმეთ, ნორმაში იყოო/ დაუვარდება ცილა, გადაუსხამენ, მეორე დღეს გაუზომავენ … 

ეს თვალებში ნაცრის შეყრაა. მას ეძლევა კალიუმის შემცველი პრეპარატი დღეში სამჯერ და მიუხედავად ამისა, მას მაინც სჭირდება კალიუმის გადასხმა. რატომ უნდა სჭირდებოდეს? იმიტომ, რომ არ იწოვება, სწორედ ამას ჰქვია მალაბსორბცია“, — ამბობს ექიმი. 

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი