ახალი ამბები

60 წელში პირველად ჩინეთის პოპულაცია შემცირდა

17 იანვარი, 2023 • 775
60 წელში პირველად ჩინეთის პოპულაცია შემცირდა

ჩინეთის პოპულაცია 1961 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. როგორც BBC წერს, 60 წლის განმავლობაში პირველად, შობადობის მაჩვენებელი ქვეყანაში რეკორდულად დაბალია და 1 000 ქალზე საშუალოდ 6.77-ს შეადგენს.

BBC წერს, რომ 2022 წელს ჩინეთის მოსახლეობამ 1,4118 მილიარდი შეადგინა და 2021 წელთან შედარებით 850 000-ით არის შემცირებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ შობადობის მაჩვენებელი ჩინეთში წლების განმავლობაში იკლებდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკის გამოძახილი იყო. „ერთი ბავშვის პოლიტიკის“ გაუქმებიდან 7 წლის შემდეგ კი ჩინეთში „პოპულაციის ნეგატიური ზრდის“ ეპოქა დაიწყო.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, 2022 წელსაც, წინა წელთან შედარებით, შემცირდა შობადობის მაჩვენებელი და მას პირველად გაუსწრო გარდაცვალების სტატისტიკამ. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელიც  ისტორიულად მაღალი იყო 1976-ის შემდეგ. ქვეყანაში 1000 მოსახლეზე გარდაცვალების მაჩვენებელმა 7.37 შეადგინა.

BBC აღნიშნავს, რომ ამგვარმა ტენდენციამ გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლოა შეამციროს ჩინეთში სამუშაო ძალა და გაზარდოს ჯანდაცვის სექტორისა და სხვა სოციალური უსაფრთხოების სერვისების დანახარჯები. მსგავსი პრობლემის წინაშე აზიის სხვა განვითარებული ეკონომიკებიც დგანან. მოსახლეობის დაბერებისა და შემცირებული შობადობის პრობლემის წინაშე დგას სამხრეთ კორეა და იაპონიაც.

ჩინეთში პოპულაციის კონტროლი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა 1979 წელს მიღებული „ერთი ბავშვის პოლიტიკით“. ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ, ვინც ამ წესს არღვევდა, აჯარიმებდნენ და ზოგ შემთხვევაში, სამსახურიდანაც ათავისუფლებდნენ. აღნიშნულმა პოლიტიკამ სელექციური აბორტებიც წაახალისა და გენდერული ბალანსი 1980-იანების შემდეგ ბიჭების სასარგებლოდ დაირღვა.

ჩინეთში „ერთი ბავშვის პოლიტიკა“ 2016 წელს გაუქმდა და დაქორწინებულ წყვილებს 2 შვილის გაჩენის ნება დართეს, ბოლო წლებში ჩინეთის მთავრობამ ოჯახებს საგადასახადო შეღავათები და გაუმჯობესებული დეკრეტული შვებულება შესთავაზა, თუმცა, მიუხედავად ამისა, შობადობის მაჩვენებელი ჩინეთში მაინც მცირდება.

2022 წლის ოქტომბერში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა შობადობის ზრდა ქვეყანაში პრიორიტეტად დაასახელა. მისი თქმით, მთავრობა წარმოადგენს ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც პასუხი იქნება ამ გამოწვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი