ახალი ამბები

„კიდევ 2 წელი სატრანსპორტო ჯოჯოხეთში უნდა ვიყოთ“ – ბუაძე ავტობუსების ბაზის მშენებლობაზე

29 დეკემბერი, 2022 • 677
„კიდევ 2 წელი სატრანსპორტო ჯოჯოხეთში უნდა ვიყოთ“ – ბუაძე ავტობუსების ბაზის მშენებლობაზე

თბილისის საკრებულოს წევრი პარტია „ლელოდან“, საბა ბუაძე უარყოფითად აფასებს 18-მეტრიანი ავტობუსების ბაზის მშენებლობის კიდევ 2 წლით გაჭიანურებას.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს, „კიდევ 2 წელი ამ სატრანსპორტო ჯოჯოხეთში უნდა ვიყოთ“, რადგან ბაზის მშენებლობის გარეშე დედაქალაქში ახალ ავტობუსებს ვერ შემოიყვანენ.

რა ხდება?

18-მეტრიანი ავტობუსების გარაჟი, – რომლის აშენების გარეშეც თბილისში დიდი ზომის ავტობუსებს ვერ შემოიყვანენ, – სავარაუდოდ, სულ მცირე, კიდევ 2 წლის განმავლობაში ვერ აშენდება.

ავტობუსების ახალი ბაზა, თავდაპირველი გეგმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 15 მლნ ევროს მოცულობის სესხით უნდა აშენებულიყო.

საბოლოოდ, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ცნობილი გახდა, რომ მერია ამ სესხზე უარს ამბობს და საკუთარი ბიუჯეტიდან გასწევს აღნიშნულ ხარჯებს – როგორც ბაზის მშენებლობას, ისე ავტობუსების შემოყვანას (65 მლნ ევრო).

2022 წლის 27 დეკემბერს თბილისის მერიის კუთვნილმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შესყიდვების სააგენტოს მიმართა მოთხოვნით, გამარტივებული შესყიდვის ნება დართოს.

მთავრობის განკარგულების პროექტით, მთავრობა პირდაპირი შესყიდვისათვის 67 მილიონ ლარს (დაახლოებით 23 მლნ ევროს) გამოყოფს.

სატრანსპორტო კომპანიის განმარტებითვე, ახალი ავტობუსები უნდა იყოს „CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტების შესაბამისი M3 კატეგორიის“.

„გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად“, ესე იგი, ავტობუსების გარაჟის ასაშენებლად, გათვალისწინებულია „ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 24 თვე“.

ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სულ მცირე, კიდევ ორი წლის განმავლობაში ახალი ბაზის მშენებლობა კვლავ არ იქნება დასრულებული.

ეს გარემოება, თავის მხრივ, ავტობუსების შემოყვანის თარიღს 2023 წლის ბოლოდან, – რაც ამჟამად აქვს თბილისის მერიას საორიენტაციოდ აღებული, – სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გადასწევს.

„[ვიცოდით, რომ] მთელი 2023 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით სატრანსპორტო სისტემის მთავარი რგოლის, 18-მეტრიანი ავტობუსების გარეშე. [ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით კი] 2024 წლის ბოლოსთვის შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ავტობუსებს შემოიყვანენ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 2 წელი ამ სატრანსპორტო ჯოჯოხეთში უნდა ვიყოთ“, – განუცხადა საბა ბუაძემ „ნეტგაზეთს“.

„პარალელი გოცირიძის მეტროსთან“

საბა ბუაძე პარალელს ავლებს მეტროსადგურების, გოცირიძისა და ვარკეთილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან,  რა დროსაც, მისი თქმით, ასევე გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა:

„ამ შემთხვევებშიც გამარტივებული შესყიდვა იქნა გამოყენებული ზუსტად იმ მიზეზით, რომ დროულად მომხდარიყო ამ სამუშაოების განხორციელება, მაგრამ გამარტივებულ შესყიდვებს თან ახლავს ბევრი სხვადასხვანაირი რისკი: ერთი არის განმახორციელებელი კომპანიის კომპეტენცია და მეორე – კორუფციული რისკები.

ვფიქრობ, რომ სწორედ კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება კეთდებოდეს გამარტივებული შესყიდვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტული მუნიციპალური პროექტის განხორციელება მოხდეს იმ კომპანიის მხრიდან, რომელიც პირადად თბილისის მერის მიერ იქნება შერჩეული“, – ამბობს საბა ბუაძე.

საბა ბუაძე

მისი თქმით, „სხვანაირად შეუძლებელია იმისი ახსნა, რატომ ვამბობთ უარს ტენდერზე და რატომ გაიწელა ეს პროცესი ასე ძალიან დროში“. საკრებულოს წევრი ასევე აცხადებს:

„ეს ხსნის იმას, რატომ თქვა თბილისის მერიამ უარი თავის დროზე EBRD-ის სესხით ამ პროექტის განხორციელებაზე: იმიტომ, რომ EBRD-ის აქვს თავისი შესყიდვის პროცედურები და ეს შესყიდვის პროცედურები „ქართული ოცნებისთვის“ იყო ერთგვარი დაბრკოლება და პრობლემა. ეს უკავშირდება არა მხოლოდ გამჭვირვალობის და კორუფციული რისკების, არამედ კომპეტენციის ნაწილსაც, – იმიტომ, რომ EBRD-ის თავისი კომპეტენცია მოჰყვება, თავისი ექსპერტები მოჰყვება, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ. ვფიქრობ, ამას აქვს კორუფციული წინასწარი განზრახვა“.


მთავრობის პოზიციით, EBRD-ის სესხზე უარი თქვეს საგარეო ვალის მაჩვენებლის შემცირების მიზნით.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, 1 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღმა მოტივაცია იყო, – როგორც მანამდე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემაც განაცხადა, – საგარეო ვალის შემცირება [2022 წელს, კაკაურიძის თქმითვე, საგარეო ვალის მაჩვენებელი 3.05 მილიარდის ნაცვლად 2.34 მლრდ ლარი იქნება, ანუ 711 მლნ ლარით მცირდება].

გირჩევთ ამ საკითხზე ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი