რუსულ “ამაზონად” წოდებული Wildberries-ის რეკლამები ბათუმის შემდეგ თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზეც გამოჩნდა.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ ეს კომპანია ომის ლეგიტიმურ სამიზნედ გამოაცხადა და თითქმის ყოველდრიურ რეჟიმში ბომბავს მის სასაწყობე ინფრასტრუქტურას რუსეთის შიგნით. სხვადასხვა დათვლით, კომპანიის ზარალი მილიარდობით დოლარს აღწეს.
„ნეტგაზეთმა“ Wildberries-ის რეკლამიანი ავტობუსები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გადაიღო და ეცადა კითხვებზე პასუხები მერიისგან და იმ კომპანიისგან მიეღო, ვინც საზოგადოებრივ ტრანსპორტში სარეკლამო სივრცეს აქირავებს.
Wildberries საქართველოში
Wildberries-მა საქართველოში პროდუქციის გაყიდვა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ მომენტში ის უკრაინის მიერ უკვე სანქცირებული იყო. wildberries.ge-ზე მითითებული ინფორმაციის თანახმად:
- შეკვეთა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს. შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა პირადი ნომერი ან ბინადრობის ნებართვის ნომერი.
- გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით.
საიტზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ამ კომპანიას 90 გაცემის პუნქტი აქვს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში.
კომპანია ამბობს, რომ „როგორც წესი“ ნაყიდი ნივთის მიწოდებას 10 დღემდე სჭირდება და მომხმარებლებს ჰპირდება, რომ „ყველაფერს გააკეთებს“ იმისთვის, რომ პროდუქტები დროულად ჩამოვიდეს.
„რუსეთის ამაზონი“
„ვაილდბერიზი“ რუსეთის უმსხვილესი მარკეტპლეისია, თავისი მასშტაბითა და რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელობით მას ხშირად Amazon-ს ადარებენ. კომპანია რუსეთის სამომხმარებლო ეკონომიკის საყრდენია – პლატფორმას ყოველთვიურად დაახლოებით 79 მილიონი ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი) იყენებს.
წლების განმავლობაში Wildberries-ი ზარალზე მუშაობდა და პირველი წლიური მოგება მას შემდეგ აჩვენა, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 2025 წლისთვის კომპანიის წმინდა მოგებამ 175 მილიარდ რუბლს მიაღწია.
Wildberries-ის პლატფორმაზე უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნივთთან ერთად შესაძლებელია სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის შეძენაც.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Verstka-ს ცნობით, Wildberries-ის შიდა მონაცემების ანალიზმა მაისის დასაწყისიდან აგვისტოს დასაწყისამდე პერიოდში აჩვენა, რომ მარკეტპლეისზე მხოლოდ 6 კატეგორიაში სულ მცირე 31 500 დასახელების პროდუქტი იყო განთავსებული. ეს კატეგორიებია:
- ჯავშანჟილეტები;
- დრონები;
- დრონის აქსესუარები;
- იარაღის აქსესუარები;
- ღამის ხედვის მოწყობილობები;
- სანადირო სამიზნეები.
სწორედ ამას ასახელებს კიევი ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც, 2026 წლის ივლისიდან „ვაილდბერიზი“ მათი სამიზნეა. 18 ივლისიდან მოყოლებული დრონები სისტემატურად აყენებენ დარტყმებს კომპანიის საწყობებსა და დახარისხების ცენტრებს.
კიევის პოზიციით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. „ვაილდბერიზი“ უკრაინამ 2021 წელს დაასანქცირა. 2022 წლიდან კომპანია პოლონეთსაც ჰყავს სანქციების სიაში შეყვანილი.

რას ამბობს თბილისის მერია და „ალმა“
ავტობუსებზე რეკლამის განთავსების საკითხზე თბილისის მერიას დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ უნდა მიგვემართა კომპანია „ალმასთვის“, რომელსაც გარე რეკლამების განთავსების უფლებამოსილება აქვს.
„მერია არ იღებს რეკლამების განთავსებაზე არანაირ გადაწყვეტილებას, შესაბამისად უნდა მიმართოთ „ალმას“ – ამბობენ მერიაში.
„ალმასთან“ ხელშეკრულების პირობებზე დამატებით ინფორმაციის მისაღებად მერიაში გვითხრეს, რომ შეგვეძლო ინფორმაცია გამოგვეთხოვა.

კომპანია „ალმა“ 2019 წლიდან ფლობს რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ბათუმის ავტობუსებზე რეკლამის განთავსების უფლება კი 2020 წლიდან აქვს.
კომპანიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ცხელ ხაზზე დაგვერეკა და რომ ოპერატორი გადაგვამისამართებდა კომპეტენტურ პირთან. კომპანიაში ჩვენი საკონტაქტო ნომერი ჩაინიშნეს, თუმცა არავინ დაგვკავშირებია. იმ შემთხვევაში, თუ „ალმასგან“ პასუხებს მივიღებთ, მასალა განახლდება.
„ფრთხილად ვიქნებოდი“
„ნეტგაზეთი“ ესაუბრა ეკონომიკურ მიმომხილველს, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელ გიორგი კეპულაძეს. ის პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „ვაილდბერიზი“ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის ბიზნესია და რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს ყოველთვის იყენებს პოლიტიკური მიზნით. ამასთან ის ფიქრობს, რომ სიფრთხილეა საჭირო სამომხმარებლო კუთხითაც, რადგან საწყობების დაბომბვების ფონზე არის შანსი მყიდველმა საერთოდ ვერ მიიღოს გამოწერილი ნივთი.
„მე თავისთავად ძალიან სიფრთხილით მოვეკიდებოდი ქართული ბიზნესის მხრიდანაც და ქართული სახელმწიფოს მხრიდან რუსულ კომპანიებთან ურთიერთობას. მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, როდესაც Wildberries-ის ბანკი დასანქცირებულია და მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, როდესაც [ომში] პირდაპირი სამიზნეა თვითონ ეს კომპანია, მისი საწყობები. უდიდესი ზიანი მიიღო ამ კომპანიამ, რაც თავისთავად შეაფერხებს მის მუშაობას“, – ამბობს კეპულაძე.
მისი თქმით, დარტყმებით მიყენებული ზიანის ეფექტი ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება და შესაბამისად, ნათელი გახდება, რამდენად შეძლებს „ვაილდბერიზი“ მომხმარებლების მომსახურებას.
„მე იმ ქართველი მომხმარებლების ადგილზე, ვინც აპირებს, რომ ისარგებლოს ამ კომპანიის მომსახურებით, ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი. ეს კითხვის ნიშნები ჩემთვის არსებობს“, – ამბობს კეპულაძე.
კეპულაძე ხაზს უსვამს, რომ მომხმარებლები ვერ გადაწყვეტენ ისეთ საკითხს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, რაზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. მისი თქმით, მთავრობა უნდა ფიქრობდეს ვის უშვებს ბაზარზე, რა პირობებით, რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას.
კეპულაძის განცხადებით, წლებია ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დათმობის პოლიტიკას ატარებს, რაც ბიზნესსა და ეკონომიკურ ურთიერთობებსაც ეხება, რისი ნაწილიცაა, თუნდაც ავტობუსებზე რუსული სანქცირებული კომპანიის რეკლამის განთავსება.
„…მერე მომხმარებელი მიუბრუნდება და ჰკითხავს, სახელმწიფო ავტობუსებზე რომ იყო რეკლამა გამოკრული და მე ახლა ჩემს ამანათს ვერ ვიღებ, ამას რა ვუყო?! შენ რატომ განათავსე, თუ საშიში იყო ამ კომპანიასთან ურთიერთობაო, ხომ?! ჩვეულებრივ მომხმარებელს ეს კითხვა გაუჩნდება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. ამიტომ ყველა მომხმარებელმა, როდესაც ხელისუფლება არ ზრუნავს შენზე, ასე ვთქვათ, შენ თვითონ უნდა მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები“, – ამბობს კეპულაძე.
„ვალიდბერიზის“ რეკლამას ავტობუსებზე ბათუმშიც შეხვდებით. ამ თემაზე მასალა „ბათუმელებმა“ ივლისში მოამზადა. „ალმამ“ კითხვებს არც მაშინ უპასუხა. ბათუმის მერიისა და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კომენტარი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
