საზოგადოება

18-მეტრიანი ავტობუსების ბაზა მინიმუმ 2 წელი ვერ აშენდება

28 დეკემბერი, 2022 • 1609
18-მეტრიანი ავტობუსების ბაზა მინიმუმ 2 წელი ვერ აშენდება

18-მეტრიანი ავტობუსების გარაჟი, – რომლის აშენების გარეშეც თბილისში დიდი ზომის ავტობუსებს ვერ შემოიყვანენ, – სავარაუდოდ, სულ მცირე, კიდევ 2 წლის განმავლობაში ვერ აშენდება.

რეფორმის თანახმად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ახალი სატრანსპორტო ქსელის/10 ძირითადი საავტობუსე დერეფნის ძირითადი მამოძრავებული ძალა უნდა გახდეს.

თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ გამარტივებული შესყიდვის გამოცხადება პროექტის სწრაფად შესრულების კრიტიკული აუცილებლობით დაასაბუთა იმ პროექტზე, რომელიც, სულ მცირე, სამი წელია იცის, რომ უნდა განახორციელოს.

76 მლნ-იანი გამარტივებული შესყიდვა

ავტობუსების ახალი ბაზა, თავდაპირველი გეგმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხით უნდა აშენებულიყო.

EBRD-ის 80 მლნ ევროს მოცულობის სესხიდან 65 მლნ ევრო გათვალისწინებული იყო 200 ავტობუსის შესაძენად, ხოლო 15 მლნ ევრო – დეპოს მშენებლობისთვის.

საბოლოოდ, 2022 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, ცნობილი გახდა, რომ მერია ამ სესხზე უარს ამბობს და საკუთარი ბიუჯეტიდან გასწევს აღნიშნულ ხარჯებს.

2022 წლის 27 დეკემბერს თბილისის მერიის კუთვნილმა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ შესყიდვების სააგენტოს მიმართა მოთხოვნით, გამარტივებული შესყიდვის ნება დართოს.

მთავრობის განკარგულების პროექტით, მთავრობა პირდაპირი შესყიდვისათვის 67 მილიონ ლარს (დაახლოებით 23 მლნ ევროს) გამოყოფს.

ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია, რომელ კომპანიასთან გააფორმებს სატრანსპორტო კომპანია ხელშეკრულებას.

ზოგადად, გამარტივებული შესყიდვისას, შემსყიდველ ორგანიზაციას [ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიას] უფლება აქვს, რომ შესყიდვა განახორციელოს პირდაპირი გზით, ტენდერის ჩატარების გარეშე, რაც კორუფციულ რისკებს ზრდის.

ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საჭიროებას ხსნის „ინფრასტრუქტურის უმოკლეს ვადებში მოწყობის კრიტიკული მნიშვნელობით“, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, – როდესაც EBRD-ის სესხის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, – მერიისთვის ცნობილი იყო, რომ დეპოს არსებობის გარეშე 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა შეუძლებელი იქნებოდა.

ამასთან, კომპანია გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების დასაბუთებისას წერს, რომ „საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს მეტად სპეციფიკურ და რთულ მიმართულებას და, ამდენად, მიმწოდებლები (სამშენებლო ორგანიზაციები) თავს არიდებენ ელექტრონულ ტენდერში ან კონკურსში მონაწილეობას ან ჯეროვნად არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას“.

ვადა – 24 თვე

სატრანსპორტო კომპანიის განმარტებითვე, ახალი ავტობუსები უნდა იყოს „CNG ტიპის ბუნებრივ აირზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტების შესაბამისი M3 კატეგორიის“.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს „სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „ახალი ავტობაზის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს“.

„გათვალისწინებული ღონისძიების ჩასატარებლად“, ესე იგი, ავტობუსების გარაჟის ასაშენებლად, გათვალისწინებულია „ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 24 თვე“.

ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სულ მცირე, კიდევ ორი წლის განმავლობაში ახალი ბაზის მშენებლობა კვლავ არ იქნება დასრულებული.

ეს გარემოება, თავის მხრივ, ავტობუსების შემოყვანის თარიღს 2023 წლის ბოლოდან, – რაც ამჟამად აქვს თბილისის მერიას საორიენტაციოდ აღებული, – სულ მცირე, 2024 წლის ბოლომდე გადასწევს.

ნახეთ დეტალებისათვის „ნეტგაზეთის“ არქივიდან:


გარეკანის ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

მასალების გადაბეჭდვის წესი