ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“დევნილების საკითხები დევნილების ჩართულობის გარეშე წყდება” – ელიკო ბენდელიანი

30 ნოემბერი, 2022 • 2069
“დევნილების საკითხები დევნილების ჩართულობის გარეშე წყდება” – ელიკო ბენდელიანი

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ​​2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი ბინას, სავარაუდოდ, ვეღარ მიიღებს, აფხაზეთიდან დევნილებს შორის სოციალურ ქსელებში ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. დევნილების განწყობების მიზეზებზე და სახელმწიფოს მიერ დევნილების საბინაო პოლიტიკის ხარვეზების შესახებ ნეტგაზეთთან ელიკო ბენდელიანი, “ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის” წარმომადგენელი საუბრობს.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. კანონპროექტის მიხედვით, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს ორგანოებს ექნებათ 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული პირების მიმართ.

თქვენი ორგანიზაცია ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში დევნილების საკითხებზეც მუშაობს და იცით დღევანდელი განწყობები დევნილი თემის. რატომ გამოიწვია კანონპროექტმა ასეთი რეაქცია დევნილებში და თქვენ რას ფიქრობთ ამ კანონპროექტზე?

საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ განსახლების საკითხში დევნილთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, დიდი ხანია დგას დღის წესრიგში. როგორც ვიცით, დღეს დევნილის სტატუსი ენიჭებათ ახალდაბადებულებსაც, რომლებიც ერთვებიან პროგრამაში.

შესაბამისად, ამ ახალი კანონპროექტის შემდეგ, დევნილებს გაუჩნდათ განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს დასაწყისი გარკვეული ცვლილებებისა.

თუმცა, საბინაო პრობლემების მოგვარების გზები არასწორად არის დანახული. რადგან თავად განსახლების პროცესშია ხარვეზები. იმავე პარლამენტში, სადაც ეს კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღეს, არასოდეს უმსჯელიათ საბინაო პოლიტიკის გამოწვევებზე და განსახლების პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო პერიოდში სახელმწიფო აქტიურია განსახლების მიმართულებით, ტემპი მაინც ძალიან დაბალია და ხარვეზებზე არავინ მსჯელობს. ის, რომ დევნილების რაოდენობა იზრდება და ყველას დაკმაყოფილება შეუძლებელია, სწრაფი განსახლების პროცესით უნდა მოგვარებულიყო და არა დევნილების უფლებების შეზღუდვით.

პირადად ჩემთვის, არა იმდენად კანონპროექტში, მისი წარდგენის ფორმაშია პრობლემა და იმაში, როგორ იყო ის მიღებული ორი მოსმენით. პრობლემაა იმაშიცაა, რომ დევნილთა და დევნილთა ორგანიზაციებთან ფართო განხილვის გარეშე მსგავსი ინიციატივის მიღება არასწორია.

ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმაშია პრობლემა?

ჩემი აზრით, კანონპროექტი საკითხის მიმართ მიდგომის გამო დისკრიმინაციულია. მგონია, რომ დევნილებსაც სწორედ ეს აწუხებთ. დარწმუნებული ვარ, დევნილ საზოგადოებასთან კომუნიკაციის შემთხვევაში, არ იქნებოდა ის რეაქცია, რაც დღესაა. უნდა დაგვეწყო უფრო აქტუალური თემებით. სრულიად გაუგებარია, რა სასწრაფო საჭიროება იყო ამ კანონპროექტის ფორსმაჟორში მიღება. რას ეყრდნობიან, რა ეკონომიაზეა საუბარი. არგუმენტები ძალიან სუსტი. ზუსტად ამან გააჩინა ეს რეაქცია.

რა არგუმენტები გაქვს მოსმენილი კანონპროექტის მხარდამჭერებისგან, რატომაა სუსტი?

მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ განსახლების პროცესი უნდა დასრულდეს ოდესმე და საჭიროა რაღაც წყალგამყოფი დასაწესდეს. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, მგონია, რომ განსახლების პროცესის დასრულების ერთადერთი გზა არის სწრაფი განსახლების პროცესი. სამწუხაროდ, დღეს, მზარდი ტენდენციის მიუხედავად, ეს პროცესი ისევ ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. ის, რომ სახელმწიფოს მეტი ხარჯის გაღება უწევს და ბევრად მეტი ოჯახის დაკმაყოფილება, სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ აქამდე ეს პროცესი ვერ დაასრულა.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ მიიჩნევს, რომ ყველა დევნილი უნდა განსახლდეს, მეტი ფინანსების მოძიება, დონორებთან მეტი მუშაობაა საჭირო, რომ განსახლების პროცესი სწრაფად მოხდეს. ამ შემთხვევაში პრობლემა ავტომატურად მოიხსნებოდა. თუ ოჯახი განსახლებულია, მას ხომ ისედაც აღარ ეკუთვნის განსახლების პროგრამაში ჩართვა.

დღეს კი, რატომღაც სხვა მიმართულებიდან დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, მაშინ როცა თავად განსახლების პროცესი სავსეა ხარვეზებით. არ კეთდება ანალიზი, განსახლებულებიდან რამდენია ერთი ოჯახიდან გამოყოფილი, რატომ იღებს ერთი ოჯახის შტო საცხოვრის ცალ- ცალკე, მაშინ როდესაც დევნილების საკმაოდ დიდი ნაწილი მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია. ბევრი კითხვაა..

პროცესის მეტი სანდოობისთვის უფრო ის გამჭვირვალე უნდა იყოს და დევნილები ამ პროცესებში იმაზე მეტად უნდა იყვნენ ჩახედულები და ჩართულები, ვიდრე არიან დღეს.

თქვენი ორგანიზაცია მონაწილეობდა დისკუსიებში კანონპროექტის წარმოდგენამდე?

არ ჩვენი და არც დევნილთა ორგანიზაციები ყოფილან ჩართული, როგორც ჩემთვის ცნობილია. რამდენიმე მათგანი გუშინ იყო პარლამენტშიც და საწინააღმდეგო არგუმენტებიც წარადგინა. ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სხვადასხვა მიმრთულებით დევნილთა ჩართულობის გარეშე მიიღება.

პრობლემა არ არის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში. პრობლემა არის ფორმაში და იმაში, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული შიშები, რომ ეს არის დასაწყისი და შეიძლება უფრო მტკივნეული პროცესები დაიწყოს.

რის ეშინიათ დევნილებს?

როდესაც განსახლების საკითხებზე ვსაუბრობთ და ამბობენ, რომ ყველა დევნილი რაღაც პერიოდში დაკმაყოფილდება, დევნილებს მუდმივად აქვთ განცდა რომ ერთ დღესაც, სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას განსახლების პროცესის შეწყვეტაზე.

ჩვენ ხომ დევნილთა რიგითობაც არ ვიცით, როდის მიიღებს კონკრეტული ოჯახი ბინას, ან მიიღებს კი? არანაირი გარანტია არ აქვს დღეს დევნილს სახელმწიფოს მხრიდან. პირიქით, თითქოს, ეს სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერთ დღესაც შეიძლება ჩათვალოს, რომ აღარ გვქვს ბიუჯეტში ფული და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფიც უკვე განასახლეს. არანაირი ბერკეტი არ ექნება დევნილებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები. სწორედ ამიტომ, აქვს ყველას განცდა, რომ შეიძლება საერთოდ ბინების გარეშე დარჩნენ.

მეორე შიში სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. დევნილ მოსახლეობაში არის შიში, რომ დღეს თუ განსახლების უფლებაზე გვიწევს საუბარი, ხვალ ეს სტატუსსაც შეეხება.

სტატუსს და შესაბამისად, ყოველთვიურ 45 ლარიან შემწეობას?

სტატუსი ცალკეა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც დევნილებისთვის მნიშვნელოვანია და შემწეობის რეფორმა კიდევ ცალკე. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო რეფორმაზე საუბარი. მაშინ გაჩერდა ეს პროცესი და მუდმივად არის განცდა, რომ დაუბრუნდებიან. და კიდევ რა გეგმები აქვს სახელმწიფოს დევნილებთან მიმართებაში, ეს კითხვაც გაჩნდა.

დღეს ამ და სხვა საკითხებზე არ ჩანს თავად დევნილების აქტიურობა. შესაძლოა, ის, რომ მათი მონაწილეობის გარეშე წყდება რიგი საკითხები, ამითაა გამოწვეული?

სამწუხაროდ, პოლიტიკურად აქტიური არ არის დევნილი თემი და არ გვყავს წარმომადგენელი პარლამენტში, რომელიც რეალურად იქნებოდა დევნილთა ინტერესების გამჟღერებელი. დევნილებს აქვთ მობილიზაციის პრობლემა, ერთიანი და აქტიური რომ ყოფილიყვნენ, მეტი იქნებოდა შანსი მათი საკითხების გათვალისწინებისა. ასე რომ კი, კონსოლიდაციის პრობლემა ნამდვილად არის.

წლების განმავლობაში დევნილთა მიმართ გატარებული პოლიტიკიდან და სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, დევნილები არ არიან დანახული ერთიან ძლიერ ძალად, იმის მიუხდავად, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენენ.

ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა ის ფაქტორი რომ დევნილთა თემა იყო მარგინალიზებული, დევნილები ხომ სოციალური ბენეფიტების მიმღებებად იყვნენ მხოლოდ დანახული. ამასთან, კონკურენციის პირობებში მოგვიწია დევნილების ჩაყენება. მუდმივი კონკურენციის პირობებში არიან განსახლების პროცესშიც. ამანაც ხელი შეუწყო, რომ არ ყოფილიყვნენ ერთიანი ძალა. კომპლექსური საკითხია.

თუმცა, აქვე აღვნიშნავ რომ დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები არიან ძალიან კომპეტენტურები, აქტიურები და ამიტომ მათი უგულებელყოფა არ არის სწორი. მათ აქვთ გამოცდილება დევნილ თემთან მუშაობის, იციან მათი წუხილები და შეუძლიათ პოლიტიკურ ძალებს და სახელმწიფოს გამოსავალიც შეთავაზონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი