ახალი ამბებისაზოგადოება

ერეკლე დეისაძე: ხმალი ხომ არ დაგვიჟანგდა ქარქაშში, დრო ხომ არ მოვიდა ავტეხოთ განგაში?!

14 დეკემბერი, 2022 • 1567
ერეკლე დეისაძე: ხმალი ხომ არ დაგვიჟანგდა ქარქაშში, დრო ხომ არ მოვიდა ავტეხოთ განგაში?!

ჩვენ მუდმივად ბრძოლაში ვართ, ოკუპირებული ვართ, მუდმივად გვიწევს საზღვრის დაცვა და მსგავს მოცემულობაში პატრიოტიზმით სპეკულირება ბევრი მხრიდან შეიძლება მოხდეს“, – ამბობს ერეკლე დეისაძე, რომელსაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა კამპანიის შესახებ – „მრავალი ხმა – ერთი სამშობლო“.

„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ კამპანიაა, რომლის მთავარი გზავნილია,  რომ სამშობლოს სიყვარულის მრავალი გზა არსებობს. სწორედ ამიტომ არ უნდა მივცეთ  უფლება პრორუსულ ჯგუფებს, პატრიოტიზმი მიითვისონ! მნიშვნელოვანია გავერთიანება, საერთო პატრიოტული მიზნების ირგვლივ! 

კამპანიის ფარგლებში კრეატიულმა სააგენტო „ლივინგსტონმა“ და “კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის” შეკრიბა ერთმანეთისაგან ჟანრობრივად, ასაკითა თუ მსოფლმხედველობით განსხვავებული 6 არტისტი. გიორგი უშიკიშვილი და თამადა, ნატო მეტონიძე და დავით ჯიქია, ერეკლე დეისაძე და ნინო ბაშარული – ასე დაწყვილდნენ მომღერლები, რომლებმაც სამი სიმღერა შექმნეს და დუეტები ჩაწერეს კამპანიისთვის „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“.

ეკო, რა არის  ამ კამპანიის მთავარი სათქმელი და რატომ არის მისი განხორციელება მნიშვნელოვანი ახლა? 

ამ კამპანიის გაცხადებული მიზანი ის არის, რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი ყველას გვაერთიანებს. პატრიოტიზმი გატანჯული სიტყვაა, ის არის თავშესაფარი როგორც კარგი, ისე ცუდი ხალხისთვის. მრავალი შინაარსი გამოიარა ამ სიტყვამ. 

ჩვენ მუდმივად ბრძოლაში ვართ, ოკუპირებული ვართ, მუდმივად გვიწევს საზღვრის დაცვა და მსგავს მოცემულობაში პატრიოტიზმით სპეკულირება ბევრი მხრიდან შეიძლება მოხდეს. ისევე როგორც შეგვიძლია ვთქვათ დემოკრატიაზე, ან სხვა კარგ სიტყვაზე, რომელიც დადებით კონტექსტს გულისხმობს, მაგრამ ცუდი ადამიანების გამო ეს კონტექსტი ნეგატიური ფორმით გვევლინება. 

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია და რეფლექსია პატრიოტიზმზე, რადგან ქვეყანას აქვს ტერიტორიული, სოციალური და სხვა ბევრნაირი პრობლემა. პატრიოტიზმის ხაზი ბევრ საკითხს მოიცავს და ყველა პრობლემა, რაც გვაქვს, ბევრ დისკუსიას მოითხოვს.


შენ აღნიშნე,  რომ პატრიოტიზმი ბევრ შრეს მოიცავს. თუმცა, როგორც წესი, ჩვენში პატრიოტიზმი მხოლოდ ლაპარაკს მოიცავს და ეს საყოველთაოდ არ გადაიზარდა იმაში, რომ ვთქვათ, რუსული პროდუქტის ნაცვლად, იგივე საქართველოს მოქალაქეების მიერ საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი
პროდუქტები ვიყიდოთ. რა განაპირობებს ამას? 

კი, ბევრ ჯგუფს პატრიოტიზმი მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოუდგენია და არცერთ შემთხვევაში ეკონომიკურ ნაწილში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პატრიოტიზმი არ მტკიცდება მხოლოდ იმით, რომ პუტინის აგრესია დავგმოთ. 

პატრიოტიზმი ასევე გულისხმობს შენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას, ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას. ხალხის ყოფა უნდა გვაღელვებდეს, რომლებიც გაჭირვებასა და ოკუპაციაში ცხოვრობენ. ეს ხალხი მარტო მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნები მოდის და სთხოვენ, ცხვრის ფარასავით მივიდნენ და ვიღაცის წინააღმდეგ ხმა მისცენ.


ხალხის ყოფა ახსენე. რამდენად ეხმიანება ეს პროექტი იმ სოციალურ პრობლემებს, რომელთა აქტუალიზებასაც ხელოვნებით ცდილობ? 

ჩემი ხელოვნება რამდენიმე განზომილებას მოიცავს. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის და ამ საქმის სიყვარულზე დგას. თანამედროვე ქართულ ხელოვნებას დაავიწყდა ნუგეში. ის უფრო აქცენტირებს ნაკლოვანებებზე, პრობლემებზე. და ამის მერე რა ხდება? ჩვენი ხელოვნება არ ატარებს ნუგეშის ელემენტებს.

ამ კონკრეტულ ნამუშევარში, რომელიც ნინოსთან ერთად გავაკეთე, მინდოდა ერთგვარ საყვედურთან ერთად ნუგეშის შინაარსიც ყოფილიყო. ხმალი ხომ არ დაგიჟანგდა ქარქაშში, დრო ხომ არაა ავტეხოთ განგაში?

შემდეგ შემოდის ნუგეში, ყველაფერი კარგად იქნება, დარაბა ღიაა, ჩიტი გაფრინდება, თავისუფლება იქნება.

კარგი იქნება, თუ ხელოვნება დაინტერესდება ნუგეშის საკითხით. ის ძალიან აკლია ჩვენს მოსახლეობას. გასაგებია, რომ ჩვენს საზოგადოებას პრობლემები აქვს, რომ ბევრი რამე უნდა გამოვასწოროთ, რათა კარგი საზოგადოება ვიყოთ, თუმცა ეს არ ხდება მხოლოდ შოკური თერაპიით. ამას თან უნდა ახლდეს დიდი ნუგეში.

ამავდროულად, ნუგეშისგან დაცლილია ჩვენი მედიაც. იქნება სოციალური თუ სატელევიზიო. მუდმივად არის ბულინგი, თავდასხმა, დაცინვა, გინება, ნაკლოვანებებზე ლაპარაკი და არანაირი ნუგეში არ არის.

 სადაც ნუგეში არაა, იქ პრობლემა არ მოგვარდება. თუ რამის შეცვლა გინდა, ადამიანი უნდა ხედავდეს, რომ შენ მასზე გული შეგტკივა და შენ ის გიყვარს. ასეთ დროს შენს გამოწვდილ ხელსაც სხვანაირად შეხედავს.

 ჩვენთან ეს არ ხდება. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ უყვართ საკუთარი ხალხი, ამას ბევრჯერ ვაწყდები და გული მწყდება. ამ პროექტის ფარგლებში მინდოდა ჩვენი ბრძოლისუნარიანი ერისთვის კიდევ ერთი ბიძგი მიმეცა და მენუგეშებინა, რომ კარგად ვიქნებით.


უშუალოდ ამ ექსპერიმენტს როგორ შეაფასებ, როცა ორი განსხვავებული პრაქტიკის არტისტი ცდილობს კოლაბორაციას და საერთო პროდუქტის შექმნას?

ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, სადაც დიდი სცენა არ არის. მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელოვანებმა თავისი თავი კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ. 

ძალიან გამიმართლა, რომ ნინო შემხვდა. მას თავისი განსაკუთრებული ხმა და თვითმყოფადი ხასიათი აქვს, რაც ძალიან კარგად შეერწყა ჩემს ხასიათს. მუშაობის პროცესი ძალიან კარგი იყო. არ ყოფილა ბევრი ბარიერი, სრული ჰარმონია იყო ჩვენ შორის. ასევე, ვინც მუსიკალური პროდიუსინგი გააკეთა, ძალიან კარგი პროფესიონალები არიან და ერთობლივი შრომით გავაკეთეთ მუსიკა. 

კარგია, რომ ექსპერიმენტის შიში არ არის და შედეგად ორი განსხვავებული ბუნების მუსიკოსი შესაძლებელია ერთი იდეის და მესიჯის ირგვლივ გაერთიანდეს. 


რით არის ეს მუსიკალური კამპანია გამორჩეული სხვა კამპანიებისგან, რომელშიც მონაწილეობა მიგიღია? 

ჩვენ არ გამოვირჩევით განსაკუთრებული ინდუსტრიით, არც წარმოებით, მსოფლიოსთან სალაპარაკო მთავარი ხაზი გადის კულტურაზე და კულტურა ის კონვერტირებადი ვალუტაა, რითაც დანარჩენ მსოფლიოს შეგვიძლია თავი ვაჩვენოთ. კარგია, როცა ჩვენი კულტურის დემონსტრირება ხდება. 

ჩვენ განსხვავებულ ხმათა ერთობლიობა ვიხილეთ ამ პროექტში. საქართველოს მთავარი სიმდიდრე პოლიფონიაა, რაც განსხვავებული ხმების ჰარმონიულ კვეთას გულისხმობს. ამ პოლიფონიით ჩვენ ყოველთვის ვიწონებდით თავს და მინდოდა, რომ ეს პოლიფონია ამ სიმღერაში სხვა ფორმით ყოფილიყო წარმოდგენილი. 

გარდა ამისა, საქართველოში ხელოვნების პატარა ბაზარი გვაქვს და ჩემნაირი მუსიკოსებისთვის, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ხელოვნებით ირჩენენ თავს, დამატებითი მოტივაციაა პროექტები, რომელშიც ჰონორარს გიხდიან.


„კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“, რომელიც 13 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს „მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“კამპანიას რამდენიმე თვის მანძილზე ამზადებდა. კამპანიის საჭიროება კიდევ უფრო მწვავედ გამოჩნდა ბოლო პერიოდში პატრიოტული მოტივების საფარქვეშ რადიკალური პრორუსული ჯგუფების მიერ აგრესიული და დამაზიანებელი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელების ფონზე.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა 3 სიმღერა, რომელთა მოსმენა კოალიცია ინფორმაციის სანდოობის გევრდზე შეგიძლიათ.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი