ახალი ამბები

9 აპრილის გმირები: ევროინტეგრაცია 9 აპრილს დაწყებული გზის გაგრძელებაა

9 აპრილი, 2024 • 752
9 აპრილის გმირები: ევროინტეგრაცია 9 აპრილს დაწყებული გზის გაგრძელებაა

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 35 წლისთავზე საქართველო ყველაზე ახლოსაა იმ ისტორიულ მიზანთან, რომელსაც 1989 წელს ათობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. დღეს საქართველოს აქვს შანსი, დაუბრუნდეს ისტორიულ ოჯახს, როგორც ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა. 

9 აპრილს გადარჩენილი ყოფილი მორაგბის გუგა გეგენავას თქმით – საქართველოს ადგილი იყო და არის დასავლურ და თავისუფალ სამყაროსთან ერთად.

 „ეს არის ის დღე, რომელმაც დაგვანახა, რომ მთავარია თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილის მოვლენები იყო სპონტანური, ძალიან კარგად გააზრებული და გათვითცნობიერებული გვქონდა, რომ ეს გზა, ჩვენი გეოგრაფიული თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არის მხოლოდ დასავლეთისკენ”, – ამბობს გეგენავა, რომელმაც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რაგბის გუნდთან ერთად, 9 აპრილის ღამეს ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა რუსული ნიჩბებით სიკვდილს. 

თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის, წლების წინ დაწყებული ბრძოლა ახლა ქმედით ნაბიჯებში უნდა ვთარგმნოთ, უნდა მოვითხოვოთ ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა საბოლოო მიზნისთვის. არაერთი სიცოცხლე შეეწირა ამ მიზანს, მათ შორის ბებიაჩემის – ამბობს 9 აპრილს გარდაცვლილი 61 წლის ზაირა კიკვიძის შვილიშვილი, ანა ალბუთაშვილი. 

“ყოველი ასეთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია ახლა უკვე ევროკავშირში ინტეგრაციასთან და ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ნათელ მომავალთა,ნ არის ფაქტობრივად იმის გაგრძელება, რაც დაიწყო, 9 აპრილს. თუ მაშინ ბევრი რამე გაუცნობიერებელი და სპონტანური იყო, დღეს გვაქვს ნათელი კიბე, რომელიც უნდა გავიაროთ, ეს კიბე არის ცხრა ნაბიჯი, რომელიც კონკრეტული ეტაპებია: რეფორმები, რომლებიც გადასადგმელია, გადასალახია. ისინი მიგვიყვანენ იმ მიზნამდე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია”, – განმარტავს ანა.

ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ფასზე ევროპაში საუბრობს 9 აპრილს კიდევ ერთი მონაწილე, გოგონა შეუპოვარი გამოხედვით და ხელში სამგლოვიარო დროშით ნანა მახარაძე. ემიგრაციამ ნანას დაანახა, რომ ევროპაში აინტერესებთ საქართველოს ტრადიცია და ისტორია. 

“მთავარი, რაც ევროპამ მასწავლა, არის ის, რომ იქ აინტერესებთ ჩვენი. როგორც ქართველის უნიკალობა, ტრადიცია და ისტორია. შეიძლება მაშინ, აპრილში, იქ რომ ვიდექით, ასე შორს არ ვიყურებოდით, მაგრამ იმ წუთას, იმ ადგილას სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით. ისე როგორც ახლაც ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ევროინტეგრაცია”, – ამბობს მახარაძე აქვე დასძენს, რომ საქართველოს უკვე ჰყავს ახალი თაობა, თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული, ფერადი თაობა, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის მისთვის პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტია საქართველოს მომავალი ევრიპასთან ერთად.

საქართველოს ევროკავშირისგან მიღებული აქვს 9 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაც გადამწყვეტია ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების გასახსნელად. 

ევროკავშირი გველოდა – მივიყვანოთ საქმე ბოლომდე ახლა! 


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი