ახალი ამბებირეკლამა

ტიკტოკი აქტიურად გამოიყენება ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციის სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციისთვის

4 აპრილი, 2024 • 1175
ტიკტოკი აქტიურად გამოიყენება ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციის სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციისთვის

დამოუკიდებელი მკვლევრების გუნდმა, ორგანიზაცია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში, სოციალურ პლატფრომა TikTok-ზე პოლიტიკური აქტორები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე პოლიტიკური კონტენტის შექმნის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ მთავრობის მხარდამჭერი ნამდვილი და ყალბი ანგარიშები. 

კვლევის მიგნებების თანახმად, მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები ტიკტოკზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის (საპროტესტო დემონსტრაციები “რუსული კანონის” წინააღმდეგ) მოვლენების შემდეგ გამოჩნდა და მათი აქტიურობა განსაკუთრებით იზრდება სამთავრობო კრიზისების პარალელურად. მსგავს მომენტებში  ანგარიშები ძირითადად ორი ტიპის კონტენტს ავრცელებდნენ: ა) რეალური ანგარიშები უფრო ჭარბად ავრცელებენ მთავრობის მხარდამჭერ პოზიტიური კონტენტს (ვიდეოები), ბ) ყალბი ანგარიშები ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწევიან.

მაგალითად, 48 ანონიმური არხის კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ანგარიშები ერთმანეთის იდენტურ ვიდეოკონტენტს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში კოორდინირებულად ავრცელებენ.

მაგალითად: ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ამბობს, რომ ის არასამთავრობო სექტორთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ღირსებას ლახავს, ტიკტოკის რამდენიმე ექაუნთმა (georgiandream_, gamoitseret, jurnalists, terentigldaneli1) ერთსა და იმავე დღეს, 30 ივნისს კოორდინირებულად მსგავსი ჰეშთეგებით გაავრცელა.

ანალოგიურად, Gamoitseret, _geonews_, jurnalists, terentigldaneli1, saechvo_, Khidi_, misteraravin1, ავრცელებენ ერთსა და იმავე ათწამიანი ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიას, სადაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს უხეშად მიმართავს. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეოს განთავსება შვიდივე ანგარიშმა კოორდინირებულად 20 სექტემბერს გადაწყვიტა.

კოორდინრებულად იქცეოდნენ 18 სექტემბერს ანგარიშები Detro97, Polit_mimebi2, ისინი ერთდროულად ავრცელებდნენ მასალას, რომელშიც მამუკა მდინარაძე იმპიჩმენტის პროცედურაზე, ხოლო ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.

კოორდინირებულად თუ ცალ-ცალკე ანონიმურად მოქმედი ანგარიშები შემდეგ გზავნილებს ავრცელებენ:

  • დისკრედიტაციას უწევდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“) ჟურნალისტებს.
  • უკონტექსტოდ ავრცელებდნენ კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების ჩართვებიდან ამონარიდებს.
  • ერთმანეთთან ხელოვნურად აკავშირებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და კრიტიკული მედიას, არასამთავრობო სექტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ლგბტ თემს.
  • ავრცელებდნენ ვოლოდიმერ ზელენსკის ძველ (გაპრეზიდენტებამდე) ვიდეოებს, სადაც ის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს აშარჟებს.
  • ასევე, უკრაინის ომის თემაზე ავრცელებდნენ შემდეგ ნარატივს: უკრაინას სურს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს და აქვე, ხშირად აქვეყნებენ 2008 წლის ომის ვიდეოებს/ფოტოებს, რომ მოსახლეობაში გააღვივონ შიში და პანიკა. 

საყურადღებოა ისიც, რომ არაავთენტური გვერდები TikTok-ზე ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად ჰეშთეგებს ძალიან გეგმაზომიერად არჩევენ. ხშირად გამოიყენება ისეთი ჰეშთეგებიც, რომლებიც ვიდეომასალისთვის არ არის ავთენტური, რაც იძლევა იმის საშულებას, ვიფიქროთ, რომ ანგარიშები ამ გზით ცდილობდნენ სხვა აუდიტორიაზე გასვლას. მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისთვის გავრცელებული ვიდეოს აღწერაში შესაძლოა, შეგხვდეთ ჰეშთეგი “ჯენზი”.  ჰეშთეგებში ხშირად ვხვდებით Gen Z-ის ლექსიკის ნაწილსაც, როგორიცაა “slay” – ჰეშთეგს ირაკლი კობახიძის ვიდეოებზე. ამგვარი ჰეშთეთის გამოყენებამ უნდა მიიზიდოს შესაბამისი აუდიტორია. 

ანალოგიურად, ამგვარი “ჰეშთეგები”, ტიკტოკის ალგორითმის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელს უწყობს, რომ მათი ვიდეოები მოხვდეს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალება  „კოკა-კოლასა” და „მაკდონალდსს” ლგბტქი პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა, არაავთენტური გვერდები იყენებენდნენ შემდეგ “ჰეშთეგებს” : #ლგბტ #LGBT #coca-cola #კოკა-კოლა #mcdonalds #გეიპროპაგანდა #ნაცები #ფორიუ #foryou.  

სრული მასალა იხილეთ აქ. 


მასალა მომზადებულია ფორსეტისდეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფისფარგლებში.  მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ან ნეტგაზეთის  პოზიციას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი